სასარგებლო რჩევები

ინსულტი – აიცილეთ დარტყმა

ინსულტიარცთუ დიდი ხნის წინ ინსულტი ხანდაზმულთა დაავადებად იყო მიჩნეული, მაგრამ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა.

ექიმები ამტკიცებენ: უკანასკნელ დროს ინსულტის დარტყმის ქვეშ სულ უფრო ხშირად 20–30 წლის ადამიანები ხვდებიან. ამაში დამნაშავეა სტრესი, ჭარბი წონა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, არაკეთილსასურველი ეკოლოგია და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვა ხშირი თანამგზავრები.

ფრთხილად, თრომბი!
ინსულტი ელვასავით უეცრად ურტყამს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი შედეგები ძალიან სერიოზულია, ხოლო მკურნალობა – ხანგრძლივი და რთული. ექიმებმა ამ დაავადების “ზნე” კარგად შეისწავლეს და მისი თავიდან აცილების ზომები შეიმუშავეს. ინსულტის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა. ინსულტი ბერძნული სიტყვაა და “დარტყმას” ნიშნავს.

რა ხდება ინსულტის დროს?
ორი ძირითადი სახესხვაობიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იშემიური ინსულტი. ის ვითარდება თრომბით (შედედებული სისხლი) არტერიების დაცობის გამო. შედეგად სისხლის დინება ირღვევა, ტვინის უჯრედები ჟანგბადს ვერ იღებენ და იღუპებიან.

ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვების კედელი სკდება და ტვინში სისხლი იღვრება. ის გაცილებით იშვიათად გვხვდება, დაახლოებით შემთხვევათა 20%–ში.

ინსულტი მეტად ცბიერი დაავადებაა. მისი დარტყმის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი ხშირად მნიშვნელობას არ ანიჭებს დაავადების პირველ ნიშნებს – მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევას, სახის, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას, მეტყველების მოშლას ან თავბრუს – და რამდენიმე საათი ელოდება, სანამ ყველაფერი თავისით გაივლის. შედეგად იკარგება ძვირფასი დრო – ის რამდენიმე საათი დაავადების განვითარების დაწყებიდან, როდესაც ადეკვატური მკურნალობით ტვინის დაზიანების მოცულობის შემცირება შესაძლებელია.

გახსოვდეთ: ინსულტზე ეჭვის დროს საჭიროა ძალიან სწრაფად მოქმედება. დაუყოვნებივ გამოიძახეთ “სასწრაფო დახმარება”. არ შეიძლება ნიტროგლიცერინის და სხვა სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების მიღება. მათი გამოყენება რეკომენდებულია გულის შეტევის დროს, ხოლო ინსულტის შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში ხართ, თუ: რომელიმე თქვენმა ახლობელმა ინსულტი ან მიოკარდის ინფარქტი გადაიტანა; მიდრეკილება გაქვთ თრომბის წარმოქმნისკენ; ხშირად გაქვთ მაღალი წნევა; გაქვთ შაქრიანი დიაბეტი; ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესს მისდევთ; თამბაქოს ეწევით; ჭარბი წონა გაქვთ. თუ აღნიშნულ რისკის ფაქტორებს თქვენთან კავშირი აქვს, დროა, ჩვევები შეცვალოთ. ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ, მეტი იმოძრავეთ და თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ.

მკურნალობა
ინსულტის მკურნალობა ნევროპათოლოგის, რეანიმატოლოგისა და ნეიროქირურგის მოვალეობაა. ინსულტის აღმოცენებიდან ექვს საათს თერაპიულ ფანჯარას უწოდებენ. ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ოპერაციის გარეშე ტვინის უჯრედების განადგურების თავიდან აცილება. მაშინ ინსულტის შედეგები მინიმალური იქნება. თუ პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა დაავადების აღმოცენებიდან პირველ სამ საათში, ამ დროს სისხლში შეჰყავთ თრომბის დამშლელი პრეპარატი. თუ პირველი სიმპტომების გაჩენიდან 3–დან 6 საათამდე გავიდა, მაშინ ანგიოგრაფიული გამოკვლევა კეთდება და პრეპარატი უშუალოდ თრომბის მიდამოში – დაზიანებულ არტერიაში შეჰყავთ.
ინსულტის შემდეგ აღდგენითი პერიოდი შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი და რთული.

სამწუხაროდ, ექიმებს ყოველთვის არ შეუძლიათ “ტვინის კატასტროფის” ყველა შედეგის აღმოფხვრა–აცილება. ამიტომ გამანადგურებელი დარტყმის ქვეშ რომ არ მოხვდეთ, პროფილაქტიკას ახლავე შეუდექით.

პროფილაქტიკა
არტერიული წნევა აკონტროლეთ. თუ მაღალი გაქვთ, ექიმს მიმართეთ. სპეციალისტი მის ნორმალიზაციაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ: მაღალი არტერიული წნევა ინსულტის ძირითადი მიზეზია.

წელიწადში ერთხელ ქოლესტერინის დონე შეამოწმეთ. ჭარბი ქოლესტერინი არტერიების შიგნითა კედლებზე ილექება და ათეროსკლეროზულ ფოლაქებს წარმოქმნის. ისინი საშიშია იმით, რომ შესაძლებელია კედლიდან ნებისმიერ მომენტში მოწყდეს და სისხლძარღვი დაახშოს, ტვინი საკვებისა და ჟანგბადის გარეშე დატოვოს. არტერიების მდგომარეობის შეფასება და მცირედი დარღვევების გამოვლენა კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით ხდება.

კვებაში კორექცია შეიტანეთ. შეზღუდეთ მარილი და ცხიმიან და ტკბილ საკვებს მოერიდეთ. მიირთვით მეტი ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული, უცხიმო რძის პროდუქტები.
მეტი იმოძრავეთ. თუ მთელ დღეს კომპიუტერთან წინ თავდახრილი ზიხართ, ამ დროს ტვინში სისხლის მიმოქცევა უარესდება. მჯდომარე სამუშაოს მავნებლობის შესამცირებლად მოძრაობითი აქტივობა გაზარდეთ. ცურვა, ცეკვა, აერობიკა, ჩვეულებრივი ნახევარსაათიანი გასეირნებაც კი ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თამბაქო არ მოწიოთ. მოწევა სისლის სიბლანტესა და შედედებას ამაღლებს, ჰიპერტონიული დაავადების განვითარებასა და არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების პროვოცირებას ახდენს. შედეგად ინსულტის რისკი მწეველებში 2–ჯერ იზრდება.

ალკოჰოლი – ზომიერად! ალკოჰოლის სისხლძარღვებზე გავლენა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც თამბაქოსი. მცირე დოზებში ის შეიძლება ინსულტის პროფილაქტიკაც კი იყოს. დღეში ერთი ბოკალი წითელი ღვინო სისხლის სიბლანტეს აქვეითებს და კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის. მთავარია ზომიერების დაცვა. მაგრამ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ამაღლებს.

სტრესებს მოერიდეთ. თუ ნეგატიურ ემოციებს თავში ხშირად ახშობთ, ადრე თუ გვიან ნერვული გადაძაბვა სხვა გამოსავალს იპოვის – დაავადების სახით ამოიფრქვევა. ამიტომ მოდუნების სხვადასხვა საშუალებას მიმართეთ. ფეხით სეირნობა, ჰობი, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, მეგობრებთან ურთიერთობა – სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას ეხმარება.