გულ–სისხლძარღვთა სისტემა, დაავადებები

ჰიპერტენზია ანუ მაღალი არტერიული წნევა

ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან.

ჰიპერტენზია ანუ  მაღალი  არტერიული წნევას ხშირად ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ, რადგან იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ახასიათებდეს მკაფიო სიმპტომები:

  • თავის ტკივილი:
  • ძილიანობა;
  • გულის ფრიალი;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • დაღლილობა; თავბრუსხვევა;
  • სმენის პრობლემები;
  • სუნთქვის გართულება;
  • გულის რითმის დარღვევები და ა.შ.

ჰიპერტენზია ორი სახისაა: პირველადი და მეორადი

პირველადი ჰიპერტენზია უფრო გავრცელებულია და ხშირად მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

რაც შეეხება მეორად ჰიპერტენზიას, მისი საფუძველი სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებაა: თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და ა.შ.

ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ისეთ რისკ-ფაქტორებს ენიჭება, როგორიცაა: მემკვიდრეობითი დატვირთვა, ასაკი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქო, ხშირი სტრესები, ნერვული დაძაბულობა და ა.შ.

ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია, ანუ თავიდან აცილება, ქცევითი რისკ-ფაქტორების კორექციითაა შესაძლებელი. ჰიპერტენზიის პროფილაქტიკასთვის საჭიროა წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოს მოწევის შეზღუდვა.

უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს მისი მკურნალობა. ის ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის პრინციპი ექიმის მიერ რეკომენდირებული წნევის დამწევი პრეპარატების რეგულარული მიღებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვასთან ერთად.

პრინციპულად მნიშვნელოვანია წამლის ხანგრძლივი და შეუწყვეტელი მიღება, შემდეგ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა წამლის დოზა თანდათან გაიზარდოს.
თუმცა, მკურნალობის შედეგად პაციენტი არ იკურნება, უბრალოდ ხდება არტერიული წნევის მაჩვენებლების რეგულირება.

დაუშვებელია დანიშნული წამლის არარეგულარული მიღება, მხოლოდ წნევის მომატების დროს. ასეთმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს მაღალი წნევა არ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს, წამალი მცირე დოზით მაინც უნდა მიიღოს.

შესაძლებელია, ზაფხულის პერიოდში, საჭირო გახდეს წამლის დოზის შემცირება იმის გამო, რომ თბილ ამინდში სისხლძარღვები თავისთავად ფართოვდება და წნევაც იკლებს.

არტერიული ჰიპერტენზიისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა. არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.

არტერიული წნევის სწორი კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნული მედიკამენტების მიღება შეუწყვეტლივ.