სასარგებლო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ცხვირიდან სისხლდენას

სისხლდენა ცხვირიდან ცხვირიდან სისხლდენა ადგილობრივ და ზოგად მიზეზებთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივი მიზეზი შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის ტრამვა, წყლული, ატროფიული პროცესი, სიმსივნე.

ზოგად მიზეზებს მიეკუთვნება არტერიული სისხლის წნევის მომატება, ათეროსკლეროზი, სისხლძარღვთა კედლის, თირკმლის, ღვიძლის და სისხლის დაავადებები, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციური სნეულებები. სისხლდენა შეიძლება იყოს დაკავშირებული მენსტრუაციასთან.

უმეტესად, ცხვირიდან სისხლდენა იწყება უეცრად, ზოგჯერ ძილში. ზოგიერთი ადამიანი წინასწარ გრძნობს თავის ტკივილს, პირისახეში სიმძიმეს და მოწოლას. სისხლი შეიძლება წამოვიდეს ცხვირის მოწმენდის ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

ცხვირიდან სისხლდენის დანახვა ადვილია, მაგრამ სისხლმდენი წერტილის ან სიძლიერის ზუსტი დადგენა ზოგჯერ ძნელდება. სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ღრმა ნაწილებიდან, ზოგჯერ კი სულ სხვა ორგანოდან (საყლაპავი მილიდან, კუჭიდან, ქვედა სასუნთქი გზებიდან). თუ ავადმყოფს თავი გადაწეული აქვს უკან, ან ზურგზე წევს, მაშინ სისხლი გადადის ხახაში და ავადმყოფი ყლაპავს მას. კუჭში მოხვედრილმა სისხლმა შეიძლება გამოიწვიოს პირღებინება. ასეთი პირღებინება აბნევს ავადმყოფს და ზოგჯერ ექიმსაც.

ცხვირის ძგიდის წინა ნაწილიდან სისხლდენის დროს, საკმარისია 3-7 წუთით დააწვეთ ნესტოს სათანადო მხარეს. საჭიროა, ცივი საფენები ცხვირსა და შუბლზე. ძლიერი სისხლდენის დროს აუცილებელი ხდება ცხვირის ღრუს წინა ტამპონადა, რომელსაც ექიმი ან ექთანი აკეთებს. თუ წინა ტამპონადა ეფექტს არ იძლევა, მაშინ მიმართავენ ცხვირის უკანა ტამპონადას. გარდა ამისა, სათანადო შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით ტარდება წამლით მკურნალობა. იქ, სადაც ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, გარდა სისხლდენის მექანიკური შეჩერებისა, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა.