როგორ ავიცილოთ ვენების ვარიკოზული დაავადება
ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადებათა შორის, ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ჟურნალი “გუმბათი” თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიული კლინიკის პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ თეიმურაზ კოპაძეს ესაუბრა:
– რა არის ვარიკოზი?
– ვენების ვარიკოზული დაავადება, რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, აღენიშნებათ დაახლოებით ქალების 50–55%–სა და მამაკაცების 40–50%–ს. დაავადების არსს წარმოადგენს კანქვეშა ვენების სანათურების თანდათანობითი გაგანიერება და ვენების კედლების გათხელება.
– რა იწვევს დაავადებას?
– ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზებია: ცხოვრების წესი – ვენების ვარიკოზული გაგანიერება უფრო ხშირად ემართებათ იმ პირებს, რომელთაც ხანგრძლივად ფეხზე დგომა და ნაკლები სიარული უხდებათ (მაგალითად: ქირურგებს, სტომატოლოგებს, დალაქებს, მზარეულებს…); კონსტიტუცია (სიმაღლე ან ჭარბი წონა); სქესობრივი თავისებურებები (უფრო ხშირად ავადდებიან ქალები); გენეტიკური მიდრეკილება (მემკვიდრეობითი გადაცემა);
ჰორმონალური ზემოქმედება (ორსულობა; ესტროგენების მიღება…); რასობრივი თავისებურება (იშვიათია შავკანიანებსა და აზიური წარმოშობის პირთა შორის).
ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადებების სიმპტომები:
– ვენების ვარიკოზული გაგანიერების კლასიკური სიმპტომატიკა მეტად მრავალფეროვანია. დაავადების დასაწყისში პაციენტების უმრავლესობას არავითარი ფუნქციური დარღვევა არ აღენიშნებათ და ძირითადად ქალბატონებს აქვთ ჩივილები კოსმეტიკური თვალსაზრისით. ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომატიკა თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როდესაც კიდურში სისხლის მიმოქცევის მოშლა ვითარდება. დროთა განმავლობაში პაციენტები უჩივიან ადვილად დაღლას, სიმძიმისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, რომელიც, ჩვეულებრივ, მცირდება ან სრულიად ქრება სიარულის ან კიდურების მოსვენებითი – შემაღლებული მდგომარეობის დროს. მოგვიანებით ჩნდება სიმხურვალის შეგრძნება, ღამის საათებში კრუნჩხვები კანჭის კუნთებში, პარესთეზიები, წვივისა და ტერფის შეშუპება. დროთა განმავლობაში ვითარდება კანის საფარველის პიგმენტაცია წვივის ქვემო მესამედში, რომელიც უფრო მეტადაა გამოხატული მედიალური გოჯის არეში. კანი კარგავს ელასტიკურობას, ხდება მშრალი, ადვილად ზიანდება, მჭიდროდ ეკვრის სკლეროზირებულ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს.
– როგორ ხდება ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკა?
– ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაზე.
დაავადების კლინიკური გამოვლინება, დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.
მკურნალობის სწორი ტაქტიკის ასარჩევად საჭიროა თანამედროვე არაინვაზიური მეთოდების გამოყენება. დღესდღეობით გამოკვლევის ყველაზე ინფორმირებულ მეთოდად ვენური სისტემის დოპლეროგრაფია და დუპლესკენირება ითვლება.
ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა:
– ვენების ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკის მიზნით მეტად ეფექტურია მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:
ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ პროცედურებსა და გადახურებას (ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა);
არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი–ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში. მჯდომარე პროფესიის ადამიანებისთვის სასარგებლოა ყოველ 40–50 წუთში ფეხზე ადგომა და 2–3 წუთით სიარული ან კიბეებზე ასვლა, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა;
ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი, შესაძლებლობის ფარგლებში ერიდეთ მაღალ ქუსლებს;
ერიდეთ სიმძიმის აწევას;
აუცილებელია ცივი შხაპი წნევით წვივის არეში, კარგია ცურვა;
ძილის დროს შეეცადეთ ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული;
იმის გათვალისწინებით, რომ ვარიკოზული დაავადებისთვის დიდი რისკია ორსულობა და მშობიარობა, უმჯობესია, მშობიარობა და ნებისმიერი სახის ოპერაცია ჩატარდეს ელასტიკური ბანდების ან სპეციალური კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენებით;
გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის როლი. შესაბამისად, ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს.
– როგორ ვუმკურნალოთ?
– ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
მედიკამენტური;
კომპრესიული; სკლეროთერაპია; ქირურგიული.
რიგ შემთხვევებში ეს მეთოდები გამოიყენება კომპლექსურადაც.
სამწუხაროდ, ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ ამუხრუჭებს დაავადების განვითარებას და მის ბოლომდე აღმოფხვრას ვერ ახერხებს.
მედიკამენტური მკურნალობის მიზანია:
სიმპტომების კუპირება;
გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
წინასაოპერაციო მომზადება;
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
ვენების ვარიკოზული დაავდების მკურნალობის ერთ–ერთი წამყვანი მეთოდია კომპრესირებული თერაპია, რომლის ეფექტურობაც მდგომარეობს შემდეგში:
მცირდება ვენური “მოცულობა” ქვემო კიდურებში;
უმჯობესდება დაზიანებული სარქველოვანი აპარატის ფუნქციური შესაძლებლობა;
ქსოვილოვანი სითხის უკუშეწოვა ვენურ სისტემაში.
ამისათვის არსებობს ელასტიკური ბანდები და კომპრესიული ტრიკოტაჟი (გოლფები, წინდები, კოლგოტები).
ელასტიკური ბანდის სწორი გამოყენება ელემენტარულ ცოდნასთანაა დაკავშირებული, ხოლო არასწორი დახვევა პაციენტისთვის საზიანოა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ტრიკოტაჟის შერჩევა დაავადების სტადიის, ფეხის ზომისა და ფორმის მიხედვით ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. რაც შეეხება სკლეროთერაპიას, ეს მეთოდი ახალი არ არის. სკლეროთერაპიის დროს მასკლეროზირებელი პრეპარატი გაგანიერებულ ვენაში შეიყვანება, რის შედეგადაც სისხლძარღვი იხშობა.
სკლეროთერაპია დაფუძნებული უნდა იყოს ინსტრუმენტული მეთოდების შედეგებზე, რაც აუცილებელია მკურნალობის ზუსტი ჩვენებების ჩამოყალიბებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ სკლეროთერაპია უნდა ჩატარდეს იქ, სადაც სათანადო დიაგნოსტიკური აპარატურა და სპეციალისტი – ანგიოლოგია.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების ქირურგიულ მკურნალობას კონკრეტული ჩვენებები გააჩნია და, აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ დაავადების სიღრმისეული ცოდნა.