სასარგებლო რჩევები

ევკალიპტი – როგორ ვისარგებლოთ ბუნების აფთიაქით

ევკალიპტიევკალიპტი მარადმწვანე ხეა, სიმაღლით 50-70 მ, აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა და სწორი ტანი.

ქერქი გლუვია, მონაცრისფრო-თეთრი, მოცისფრო ელფერით. გარე კანი ექერქება. ყლორტები ოთხკუთხაა, წახნაგოვანი. ყლორტები და ფოთლები დაფარულია ცვილისებრი, მომწვანო-მონაცრისფრო ნაფიფქით.

ევკალიპტის ახალგაზრდა ტოტების ფოთლები განლაგებულია მოპირისპირედ, უყუნწოა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებური ან მოგრძო-კვერცხისებური ფორმის. კოკორი კონუსურია, ოთხწახნაგოვანი, ბორცვაკიანი, სიგრძით 2-3 სმ. ყვავილსაჯდომი მოკლეა, ყვავილები ფოთლის უბეებშია განლაგებული. ნაყოფი 10-15 მმ სიგრძის მიჭყლეტილ-სფეროსებრი, მეჭეჭიანი კოლოფია.

ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ. გავრცელებულია აჭარისა და აფხაზეთის ზღვისპირა რაიონებში, ნედლეულად ამზადებენ ევკალიპტის ფოთლებს და ერთ ან სამწლიან ყლორტებს. აშრობენ ჩრდილში, სტელაჟებზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, ხშირად აბრუნებენ.

ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მასში სათრიმლავი ნივთიერებები.

ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს. ევკალიპტის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონას, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.

ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 ს/კ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გაწურეთ, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. იხმარება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად. იმავე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება ფლეგმონების, აბსცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინჰალაციისათვის.

ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისთვის.

ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს იყენებენ ნახველის გამოსაყოფ საშუალებად ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისათვის 1 ს/კ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი. ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ.