რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა
დიეტოლოგებმა დაამუშავეს ტესტები, რომელთა დახმარებით გაარკვევთ, თქვენს ორგანიზმს რომელი ვიტამინი და მინერალი ესაჭიროება.
ვინც ხშირად ცივდება, C ვიტამინი უნდა მიიღოს. თუ კბილის ემალი გიფუჭდებათ, ე.ი. ორგანიზმს კალციუმი აკლია.
ვიტამინების ნაკლებობის ნიშანი ბევრია, გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
თავბრუსხვევა და ყურებში ხმაურის შეგრძნება:
B3 და E ვიტამინების, აგრეთვე მანგანუმისა და კალიუმის ნაკლებობის მაჩვენებელია. ასეთი სიმპტომების დროს ნიგოზი, მწვანე ბოსტნეული, ჭარხალი, ბარდა, კვერცხის გული და ციტრუსები უნდა მიიღოთ.
მხედველობის პრობლემები:
თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ, გაწუხებთ თვალის ხშირი ანთება, ქუთუთოების გაწითლება, ქავილის შეგრძნება, ჯიბლიბო, ე.ი. ორგანიზმს A და B2 ვიტამინები აკლია. დანაკლისის შესავსებად რაციონში თევზი, ღვიძლი, კვერცხის გული, ბოსტნეული, რძე და ყველი ჩართეთ.
უფერული, მტვრევადი, ნაადრევად გათეთრებული თმა:
განპირობებულია B კომპლექსისა და F ვიტამინების, აგრეთვე იოდის დეფიციტით. თმას ჯანმრთელობა და სილამაზე რომ დაუბრუნდეს, საჭიროა რაციონში რეგულარულად ჩართოთ ამ ვიტამინებთი მდიდარი ზღვის პროდუქტები, იოდიზებული (უკეთესია ზღვის) მარილი და ჭამის დროს ვიტამინი F მიიღოთ.
თმის ცვენა:
B ჯგუფისა და C, H ვიტამინების, აგრეთვე ფოლის მჟავის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. ფოლის მჟავა დიდი რაოდენობითაა მწვანე ბოსტნეულსა და ღვიძლში. ვიტამინი H ბევრია ნიგოზში, საქონლის ღვიძლსა და თირკმელში, ბრინჯსა და ლუდის საფუარში.
სახეზე ფერიმჭამელები და წითელი ლაქები:
B და A ვიტამინის ნაკლებობის ნიშანია. გააფართოეთ რაციონი. ხშირად ჩართეთ თევზი, ღვიძლი, ნაღების კარაქი, მწვანე და ყვითელი ბოსტნეული, ქიშმიში და სხვა მშრალი ხილი, ლუდის საფუარი.