რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება.
√ საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები?
√ რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი?
√ მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?
როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია?
გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ ვითარებას, როდესაც დაავადება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების უმრავლესობა ავადდება. ყველაზე ხშირად საუბარია ინფექციურ დაავადებებზე, თუმცა ხანდახან გაცხიმოვნების პანდემიასა და მეორე ტიპის დაიბეტზეც ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მათგანი ცხოვრების წესის ცვლილებას უკავშირდება.
კლასიკური გაგებით პანდემიაში იგულისხმება დაავადება, რომელიც გადამდებია. ის ამა თუ იმ ინფექციური აგენტის მეშვეობით ადამიანიდან ადამიანს ან ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. როგორც წესი, ინფექციის გადამტანი ვირუსი ან ბაქტერიაა, თუმცა თეორიულად ეს შეიძლება იყოს უმარტივესი ორგანიზმებიც, როგორც მალარიის შემთხვევაში ხდება. ეს დაავადება, მართალია, პანდემიის ეტაპს „არ აღწევს“, მაგრამ მას ყოველწლიურად აზიასა და აფრიკაში ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
მეოცე საუკუნის შუახანებიდან პანდემიის პოტენციალის მქონე საშიში დაავადებების რისკი სულ უფრო მაღალია. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფრენების სიხშირის მკვეთრი ზრდა. ამ ფაქტორის კარგი ილუსტრაციაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2003 წელს მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში გავრცელდა. პირველი პაციენტი იყო 64 წლის ჩინელი ექიმი, რომელიც ჰონგ-კონგში ქორწილში ჩავიდა. მან თავისი დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და სასტუმროში ყოფნისას დაანფიცირა 16 ადამიანი, რომელთაც, თავის მხრივ, ვირუსი კანადაში, ვიეტნამსა და სინგაპურში ჩაიტანეს.
პანდემიის ზრდის მეორე შესაძლო მიზეზია ცხოველებსა და ადამიანებს შორის კონტაქტის გახშირება, რასაც დედამიწის მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გამო, საკვების მოპოვების აუცილებლობა განაპირობებს. პანდემიების აბსოლუტური უმრავლესობის გადამტანები თავდაპირველად ცხოველების ორგანიზმებში ბუდობენ და ადამიანებზე მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება, ტყეების გაჩეხვა, ჭაობების დაშრობა და სხვა ანთროპოგენული მოქმედებები ანადგურებენ იმ ადგილებს, სადაც ვირუსების მატარებელი ცხოველები ბინადრობენ. ისინი იძულებული არიან, გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადამიანებით არის დასახლებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე იზრდება, ამ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ალბათობაც ბევრად გაზრდილია.
როდის იყო ყველაზე ძლიერი გლობალური ეპიდემია?
არაერთხელ. მართალია, ნახევარი მსოფლიო ამისგან ნამდვილად არ დახოცილა, მაგრამ ესპანურ გრიპს, 1918-1920-წლებში, სულ ცოტა, 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა – იმ დროისთვის ეს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3% იყო. ესპანური გრიპით თითქმის 500 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, რაც მთელი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეადგენდა. შავმა ჭირმა კი, 1347-1351 წლებში, ევროპული პოპულაციის 30-დან 50%-მდე გაანადგურა. მას მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.
თუ რატომ ვერ გაანადგურეს ამ ეპიდემიებმა მთელი ან ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა მაინც, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ მათი გადადებისა და ლეტალურობის მაჩვენებელი მაღალია, ისინი ყველა ადამიანს ვერ კლავენ. მაგალითად, შავი ჭირისგან უფრო ხშირად უკვე დასუსტებული ადამიანები კვდებოდნენ, ესპანური გრიპის მსხვერპლი კი პირიქით, უფრო ახალგაზრდები იყვნენ. მეორე მხრივ, თუ სიკვდილიანობა მაღალია, ვირუსის გავრცელების რისკიც იკლებს, რადგან ის მიცვალებულისგან სხვა ადამიანს ვეღარ გადაედება. და ბოლოს, ადრეულ საუკუნეებში ადამიანებმა კარანტინის შესახებ შეიძლება ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, ავადმყოფები იზოლაციაში ჰყოლოდათ, რაც პანდემიის გავრცელებას აფერხებდა.
რატომ იწყება ყველა პანდემია აფრიკაში ან აზიაში?
ყოველი ახალი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ ჩნდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო დაავადებების გამომწვევი ვირუსები საიდუმლო ლაბორატორიებში ხელოვნურად იქმება. თუმცა თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ვირუსები მუტაციას ან თავიანთი გენების გავრცელებას ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშეც „კარგად ართმევენ თავს“, როგორც ეს ხდება გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამის შემთხვევაში. გენომების ანალიზებით ზუსტად დგინდება, რომელი ცხოველისგან გადავიდა ის ადამიანზე და კონკრეტულად როგორ მოხდა ცვლილება, რამაც ის ადამიანისთვის საშიში გახადა.
მეტიც, აფრიკა და სხვა აზიური ქვეყნები არ არის ძირითადი ადგილები, სადაც საშიში ვირუსები ჩნდება. თუმცა სხვა თემაა ის, რომ ჯანდაცვის მოუწესრიგებელი სისტემის (ასევე მუდმივი საომარი მოქმედებების), სიღარიბის, ცხოველებთან ახლო კონტაქტისა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო სწორედ აზია და აფრიკა ხდება ვირუსის ფართო გავრცელების არეალი. ეპიდემიები და ხანდახან პანდემიებიც კი სწორედ აქ იწყება.
შესაძლებელია თუ არა იმის პროგნოზირება, სად წარმოიქნება ახალი პათოგენი?
ზოგიერთ შემთხვევაში – კი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გრიპის ვირუსი. სეზონურ ეპიდემიებს ყოველ წელს ვირუსის სხვადასხვა შტამი იწვევს. მათთვის შესაბამისი ვაქცინების შემუშავების პროცესში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ასზე მეტი ცენტრი მონაწილეობს. თითოეული მათგანი ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდება. ლაბორატორიები მიღებულ მონაცემებს უგზავნიან ხუთ კვლევით ცენტრს, რომელთა თანამშრომლები მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად რთულ მოდელებს განიხილავენ, აღწერენ, როგორ მიმდინარეობს შტამის ცვლილება და ადგენენ, მომდევნო წელს, დიდი ალბათობით, ეპიდემიას რომელი შტამი გამოიწვევს. ხანდახან მეცნიერები ცდებიან და არც თუ იშვიათად. საშუალოდ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 50-60%-ია.
პროგნოზი იმის შესახებ, თუ სად შეიძლება სრულიად ახალი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი პათოგენი გაჩნდეს, უფრო რთულია. ზოგიერთი მონაცემებით, მხოლოდ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში დაახლოებით 1,67 მილიონი ვირუსი ცირკულირებს, მათგან 600-დან 800 ათასამდე სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანს გადაეცეს.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ უკვე გამოვლენილ პათოგენს გაუმკლავდნენ. 2009 წელს შეიქმნა Global Virome Project-ი, რომლის მიზანიც ამ პოტენციური ვირუსების უმრავლესობის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა იყო. ბევრი მკვლევარი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს, რადგან 800 ათასამდე ვირუსის გამოკვლევას ბევრი რიგი საველე და ლაბორატორიული სამუშაო სჭირდება, რაც უზარმაზარ თანხებს უკავშირდება.
შესაძლებელია თუ არა ადრეულ ეტაპზე განისაზღვროს, რამდენად სახიფათოა ახალი დაავადება?
შესაძლებელია, თუ ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციისა და პოტენციურად საშიში დაავადებების მონიტორინგის სისტემები მოწესრიგებულია. გარდა ამისა, დაავადების საფრთხის ადეკვატური შეფასებისთვის, ხშირად აუცილებელია სხვა ქვეყნების სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება. სახელმწიფო, სადაც ახალი პათოგენი ვრცელდება, რეალური ვითარების ჩვენებას ხშირად ერიდება, რათა მისი ეკონომიკისთვის საზიანო რეაქციებს (ფრენებისა და სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა) ხელი არ შეუწყოს.
რატომ არის ასე რთული ახალი წამლის შექმნა ვირუსის მუტაციის გამო? ბაქტერიების შემთხვევაში ხომ ანტიბიოტიკები ეფექტიანია?
ბაქტერიები ბევრად ნელა განიცდიან მუტაციას, ვიდრე – ვირუსები. გარდა ამისა, ვირუსები არსებითად სწრაფად მრავლდებიან. მაგალითად, ამ მხრივ გამორჩეულია აივ ინფექცია. მას შეუძლია დღეში 10¹⁰ ვირუსული ნაწილაკი წარმოქმნას. ასეთი მისწრაფება პრეპარატის შექმნას ეკონომიკურად არამომგებიანს ხდის, რადგან საჭიროა მისი მუდმივი განახლება.
გარდა ამისა, თავისი არსებობის დიდ ნაწილს ვირუსი მასპინძელ უჯრედში ატარებს, იყენებს მის ფერმენტულ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განადგურებით თავად უჯრედის განადგურებაც აუცილებელი ხდება. ამიტომ ბევრ ანტივირუსულ პრეპარატს გამოხატული გვერდითი ეფექტები აქვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანია ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ხელს უშლიან დაინფიცირებას და არ უწევთ უკვე არსებულ ინფექციასთან გამკლავება.
თუკი წამალი არ არსებობს, იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ესპანური გრიპის მსგავსი ეპიდემია?
გრიპისთვის ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად მოწესრიგებული მექანიზმი უკვე არსებობს. თუმცა ზოგიერთი შტამისთვის ვაქცინის შექმნა გაცილებით რთულია, სხვისთვის კი – შედარებით იოლი. ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია ვაქცინისა და სპეციფიკური წამლების გარეშეც, ექსტრემალური რეაგირების სისტემის მოწესრიგების, კარანტინისა და დაავადებულთა იზოლაციის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამორიცხული, მსგავსი ვირუსის ხელახლა წარმოქმნა, მეოცე საუკუნეში ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არსებითად გაუმჯობესდა, ამიტომ სავარაუდოდ ასეთ პათოგენთან გამკლავება შედარებით ადვილი იქნება.
როგორ დავიცვა თავი? ნიღაბი ვატარო? ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსულებს არ ვეკონტაქტო?
ინფექციისგან სრულად დასაცავი უნივერსალური სტრატეგია არ არსებობს. ყოველ ინფექციას თავისი ნიუანსი აქვს. რაც შეეხება კორონავირუსს, მასაც თავისი ინსტრუქცია აქვს.
ზოგადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის შემთხვევაში სტანდარტული ჰიგიენური რეკომენდაციები საკმაოდ ეფექტიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი ხშირად უნდა დაიბანოთ და დაუბანელი ხელი სახესთან არ მიიტანოთ (ბევრი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე დიდხანს ნარჩუნდება და ლორწოვანი გარსის მეშვეობით ორგანიზმში ადვილად აღწევს). სასურველია, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, არ ეკონტაქტოთ ადამიანებს, რომლებსაც დაავადების აშკარად ნიშნები აქვთ.
თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ ქირურგიული ნიღაბი ატაროთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის რესპირატორზე არანაკლებ ეფექტიანია. თუმცა ეს რეგულარულად უნდა აკეთოთ. თუ თქვენ ნიღაბს პერიოდულად იხსნით, რათა „ისუნთქოთ“ და ამასთან, არც ხელს იბანთ ხშირად, არანაირი დამცავი ეფექტი მას არ ექნება.
არსებობს თუ არა მზა სტრატეგია, თუ კაცობრიობას რეალური ეპიდემია დაემუქრება?
ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მასშტაბური ეპიდემიის დროს (მაგალითად, აშშ-ში პანდემიურ გრიპთან ბრძოლის სტრატეგია). თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნებს შორის კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, დღეს უკვე ერთ რეგიონში შემუშავებული სტრატეგია ეფექტიანი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანამ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას ადრეულ ეტაპზე მიაწოდოს, რაც სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად ხდება.
როგორც მათემატიკური მოდელი აჩვენებს, იმისათვის, რომ საშიში ინფექცია არ გავრცელდეს, საჭიროა საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება. მაგალითად, კარანტინის გამოცხადება. ხშირად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს არ მოსწონთ და მათი შეფასებით, ეს ძალიან უხეში მიდგომაა. მიჩნეულია, რომ მეტ-ნაკლებად სწორედ კარანტინის დარღვევამ განაპირობა 2014-2015 წლებში ებოლას ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება.
© imedinews.ge