დაავადებები, ინფექციური დაავადებები

ყივანახველა

https://lh3.googleusercontent.com/-HeH7gABem44/T0u8c0dIWuI/AAAAAAAACHc/RiRAVX0ppPA/s310/xvela.jpgყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია გრამ უარყოფითი ბაქტერია.

ინფექცია ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ავადმყოფი და ისიც დაავადების დაწყებიდან პირველი 25-30 დღის განმავლობაში.

ყივანახველას გამომწვევი ჩხირი გარემოში არამდგრადია და მალე იღუპება, ამიტომ მისი გადაცემა მესამე პირის ან სათამაშოების საშუალებით არ ხდება.

დაავადება ხშირია 3-7 წლის ბავშვებში, თუმცა ის ახალშობილობის პერიოდიდან დაწყებული ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.

ინფექციის შეჭრის ჭიშკარი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსია. ყივანახველას გამომწვევი ჩხირი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ სწრაფად მრავლდება და იწყებს ენდოტოქსინის გამომუშავებას, რომელიც არჩევითად მოქმედებს ხველის რეფლექსოგენური ზონების რეცეპტორებზე. მათი მუდმივი გაღიზიანება იწვევს სპაზმური ხველის შეტევის განვითარებას. მას შემდეგ რაც ჩხირი სასუნთქ გზებში აღარ არის, თუ კვლავ მოხდა ხველის ცენტრის გაღიზიანება სხვა დაავადების დროს – წითელა, გრიპი, პნევმონია და სხვა, შესაძლოა განმეორდეს სპაზმური ხველის შეტევები. ყივანახველას გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.

ყივანახველას ინკუბაციური პერიოდი 5-14 დღეს გრძელდება. კლინიკური მიმდინარეობა ციკლური ხასიათისაა და გამოყოფენ რამოდენიმე პერიოდს:

  • კატარალური პერიოდი – გრძელდება 10-14 დღე. იწყება იშვიათი, მშრალი ხასიათის ხველით, რომელიც თანდათან ძლიერდება და ხშირდება.
  • ვადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა ტემპერატურამ ცოტათი მოიმატოს;
  • სპაზმური პერიოდი – გრძელდება 2-3 კვირა. ამ პერიოდში აღინიშნება ყივანახველასათვის დამახასიათებელი სპაზმური ხველის შეტევები. შეტევა იწყება უეცრად, ხანდახან წინ უძღვის აურა – ბავშვი თავს ანებებს თამაშს, გაირინდება და შიშით ელოდება შეტევას. შეტევა შესდგება ერთიმეორის მომდევნო ხველითი ბიძგისაგან, რომელსაც მოსდევს ხმაურიანი ჩასუნთქვა ხორხის სანათურის (ნაპრალის) სპაზმური შევიწროვების გამო. ვითარდება სხვადასხვა ხანგრძლივობის აპნოე (სუნთქვის შეჩერება), ბავშვს ჯერ სახე უწითლდება, შემდეგ თანდათან ციანოზური ანუ მოლურჯო ელფერის ხდება, ენას წინ აგდებს. ხორხის სანათურის სპაზმის მოხსნის შემდეგ ბავშვი ღრმად ჩაისუნთქავს და დაიყივლებს (რეპრიზა), რის შემდგომაც მცირე რაოდენობის წებოვან ნახველს ამოიღებს. შეტევის შემდეგ ბავშვი წყნარდება და განაგრძობს თამაშს. თანდათანობით შეტევები ხშირდება და ხანგრძლივდება. შესაძლოა შეტევა რამოდენიმე რეპრიზისგან შედგებოდეს. რეპრიზას ხშირად თან სდევს ღებინება, უნებლიე შარდვა. ბავშვს სახე უშუპდება, სკლერებზე უჩნდება სისხლჩაქცევები;
  • კლინიკური ნიშნების მოხსნის ანუ დაავადების ჩათავების პერიოდი – ხველითი შეტევები თანდათანობით იშვიათდება და ხანმოკლე ხდება. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკური გამოვლინების მიხედვით არსებობს ყივანახველას სამი ფორმა:

  1. მსუბუქი ფორმა – როცა შეტევების სიხშირე დღეში 10-15-ს არ აღემატება;
  2. საშუალო სიმძიმის – როდესაც დღეში აღინიშნება 15-25 შეტევა;
  3. მძიმე ფორმა – შეტევათა რიცხვი 30-60 და შესაძლოა მეტიც იყოს.

ჩვილებსა და ახალშობილებში ყივანახველას ინკუბაციური და კატარალური პერიოდები შედარებით ხანმოკლეა, ხველით ბიძგებს სპაზმური ამოსუნთქვის მაგივრად ხანგრძლივი აპნოე (სუნთქვის გაჩერება) მოჰყვება. ასეთ დროს ყივანახველას გამოვლენის პირველი ნიშანი შესაძლოა ციანოზის შეტევა იყოს.

ყივანახველას დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  • ანამნეზური მონაცემები;
  • ცხვირხახიდან აღებული მასალის ნაცხის ლუმინესცენტურ-სეროლოგიური მეთოდით გამოკვლევა, ამ დროს ნაცხში ნახულობენ ყივანახველას გამომწვევ (ბონდე-ჟანგუს) ჩხირებს.

მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ასაკის, დაავადების სიმძიმის და გართულებების გათვალისწინებით დანიშნავს მკურნალობას.

იმისთვის, რომ არ განუვითარდეს ბავშვს ყივანახველა, საჭიროა პრიფილაქტიკა, რომელიც ემყარება დროულ ვაქცინაციას: ბავშვებს 3 თვის ასაკიდან უტარდებათ აქტიური იმუნიზაცია AKDС ვაქცინით, სამჯერადად თვენახევრის ინტერვალით. რევაქცინაცია ტარდება 2 წლის ასაკში, შემდგომ უკვე სკოლაში.

ყივანახველიანი ავადმყოფის იზოლაცია ხდება დაავადების პირველ 30 დღის განმავლობაში, კონტაქტში მყოფი 7 წლამდე ბავშვები ხალხმრავალ ადგილებში არ დაიშვებიან 14 დღის განმავლობაში.