დაავადებები, ნერვოლოგია, სიახლეები

აუტიზმი

აუტიზმი არის გონებრივი მოშლილობა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რასაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ურთიერთობების პრობლემები, განმეორებითი მოძრაობები, მეტყველების მოშლა.

აუტიზმის სიმპტომები თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრება. ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. აუტისტი ბავშვები გაურბიან პირდაპირ მზერას, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა აქვთ, ყურადღებას არ აქცევენ ოჯახის წევრებს, თითქოს ვერ ამჩნევენ მათ, არ თამაშობენ სხვა ბავშვებთან, უჭირთ აზრების, ემოციების გაზიარება. ხშირად აქვთ სპეციფიკური მეტყველების პრობლემები, ხმარობენ უცნაურ მეტაფორებს, ხმა აქვთ მონოტრონური ან გაწელილი, წამღერებითი ინტონაცია. საკუთარ თავზე ხშირად მესამე პირში ლაპარაკობენ.

გამოხატვის მიხედვით აუტიზმი მრავალნაირია:

  • ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის და ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, განმეორებადი და აგრესიული ქცევა, შიშები. ასეთი ქცევა დიდხანს გრძელდება და მისი შეცვლა ძალიან რთულია.
  • ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია სწავლის უნარის დაქვეითებასთან.

აუტისტ ბავშვებს არ შეუძლიათ ძლიერი თერაპიული ინტერვენციის, მშობლის ზრუნვის და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციისა და წამლების გარეშე ცხოვრება.

აუტისტ ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების, მხედველობითი გარჩევის და ა.შ.გაძლიერებული უნარი.
აუტიზმი ბიჭებში უფრო ხშირია ვიდრე, გოგონებში.

დაავადების გამომწვევ უხშირეს მიზეზად სპეციალისტები ორსულობის პერიოდულ სტრესს ასახელებენ.

აუტიზმით დაავადებული ბავშვის დახმარება და მისი სიმპტომების მნიშვნელოვნად შემსუბუქება შესაძლებელია სწორი მიდგომის და მკურნალობის შემთხვევაში. ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა უმეტესობა უფრო კომუნიკაბელური გახდა, მას შემდეგ როცა მათ გარშემო არსებული სამყაროს სწორად გაგება ისწავლეს.

აუტიზმის დაავადების ეფექტური თერაპია ქცევითი-სწავლება და მედიკამენტოზური ჩარევაა:

  • ქცევითი-სწავლება გეგმაზომიერ და ხშირად ინტენსიური სწავლების მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ცალკეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად მუშავდება. სპეციალისტები ცდილობენ დაეხმარონ მათ მეტყველების უნარის განვითარებაში და სოციალურ ადაპტაციაში. ამ სახის ჩარევა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რადგან ადრე დაწყებული მკურნალობა სასიკეთოდ მოქმედებს ტვინის განვითარებაზე.
  • მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება თვით-დაზიანების ქცევის, ყურადღების დაქვეითების ან სხვა სიმპტომების შემთხვევების შესასუსტებლად.

მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს უფრო დამოუკიდებელი, ითვისებს საზოგადოებაში ადაპტაციის ჩვევებს. ამასთან აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზიკური აქტივობაც, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს.

სასურველია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და სხვადასხვანაირად ვლინდება. დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. ამიტომ, მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მართებთ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.