დაავადებები, სისხლის დაავადებები

რკინადეფიციტური ანემია

რკინადეფიციტური ანემიარკინადეფიციტური ანემია (რდა) არის ანემია, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი (წარმოქმნა) და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში.

რკინადეფიციტური ანემია ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბალანსი მიღებულსა და  დახარჯულ რკინას შორის.

რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმის ყველა სისტემაში იწვევს ცვლილებებს, რაც გარკვეული სიმპტომებით გამოიხატება:

  • კანი და ლორწოვანი გარსები — სიმშრალე, თმის და ფრჩხილების დაზიანება.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი — მადის დაქვეითება და გაუკუღმართება, დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), შეკრულობა და დიარეა, გლოსიტი (ენის ანთება), ენის წვა, ეზოფაგიტი (საყლაპავი მილის ანთება).
  • ნერვული სისტემა — ადვილად დაღლა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა —  ტაქიკარდია, დიასტოლური დისფუნქცია.
  • იმუნური სისტემა  — დაქვეითებულია ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარი. ავადმყოფები ადვილად ავადდებიან ინფექციური და ვირუსული დაავადებებით. (იმუნიტეტი სწორდება რკინის პრეპარატებით მკურნალობის შედეგად და არ საჭიროებს იმუნოკორექტორების გამოყენებას).

სიდეროპენიური სინდრომისათვის დამახასიათებელია აგრეთვე მთელი რიგი სიმპტომები:

  • უჩვეულო მიდრეკილება გარკვეული სუნების მიმართ აცეტონი, ბენზინი და სხვა (პათოსომია).
  • გაუკუღმართებული გემოვნება — პიკა ქლოროტიკა, სურვილი ჭამონ ცარცი, მიწა, უმი ხორცის ფარში და ა.შ. (პათოფაგია — დამახასიათებელია მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიისთვის, არცერთი სხვა მიკროელემენტისა და ვიტამინის არსებობა  არ იწვევს ამ სიმპტომს).
  • ლორწოვანისა და კანის მომწვანო ელფერი — ქლოროზი.
  • კანს აქვს მოყვითალო ცვილის ფერი  მხოლოდ პირის ირგვლივ (გენოდე მიუსეს “ქლოროზიანების ყვითელი ულვაშების სიმპტომი”).
  • ლურჯი სკლერების სიმპტომი (ოსლერის  სიმპტომი) ხასიათდება სკლერების სილურჯით. ამ ფენომენის მიზეზია თვალის რქოვანის დისტროფიული ცვლილებები.
  • შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ შარდის ღამის შეუკავებლობა.
  • სიდეროპენიული სუბფებრილიტეტი — ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი.

რკინადეფიციტურ ანემიაზე მიუთითებს რკინის პრეპარატების მკურნალობის ფონზე მისთვის კლინიკური და ლაბორატორიული  მონაცემების გაქრობა.
რკინადეფიციტური ანემია სინდრომია, რომლითაც რთულდება სხვადასხვა პათოლოგია. მათგან დიდი ნაწილი განკურნებადია. მისი მიზეზის  დადგენა სწორი მკურნალობის ჩატარების უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ეს მიზეზები კი შესაძლოა იყოს:

  1. სისხლდენები:
    •  გინეკოლოგიური სისხლდენები;
    •  სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
    • ცხვირიდან სისხლდენები;
    • დახურულ ღრუებში სისხლდენები;
    • ჰემატურია;
    •  იატროგენული სისხლის დაკარგვა;
  2. შეწოვის დარღვევა;
  3. რკინის ტრანსპორტის დარღვევა;
  4. ალიმენტური უკმარისობა;
  5. გაზრდილი მოთხოვნილება;
  6. ხშირია რკინადეფიციტური ანემია ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში. ანემიის სიხშირე მატულობს თუ ორსულობათა შორის ინტერვალი 3 წელზე ნაკლებია და ასევე ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში.

უნდა დადგინდეს რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზი. ხშირად ეს მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. ანამნეზიდან და ავადმყოფის ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე დგება გამოკვლევის გეგმა.

მის დიაგნოსტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

  •  ანამნეზის შეკრებას, რაც ეხმარება ექიმს გამოკვლევის გეგმის სწორ შედგენაში.
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  •  მორფოლოგია;
  •  შრატის რკინის განსაზღვრა;
  • ტრანსფერინის რეცეპტორის რაოდენობა;
  •  ჩაუტარდეს კარდიოლოგის კონსულტაცია და გაკეთდეს ეკგ, თუ ავადმყოფს აქვს ჩივილები გულის მხრივ.

რკინადეფიციტური ანემიის სხვა გამომწვევი მიზეზები ანამნეზის შეგროვებით შეიძლება დადგინდეს:

ალიმენტური დეფიციტი, არასრულფასოვანი ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი დიეტა, მკაცრი ვეგეტერიანლობა. ასეთ შემთხვევაში დაავადება ნელა ვითარდება. ჰემოგლობინის მაჩვენებელთან შედარებით  გაცილებით მეტად არის შემცირებული რკინის მარაგი. სწრაფი ზრდა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ეს მიზეზებიც ანამნეზური მონაცემებით დგინდება.

დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ იწყება მკუნალობა რკინის პრეპარატებით, რომლის შერჩევაც უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ.