დაავადებები, გინეკოლოგია

ვაგინიტი

ვაგინიტი არის საშოს ანთება. ჯანმრთელი ქალის საშოში ყოველთვის ბინადრობენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად თანაარსებობენ და ერთგვარ ბარიერს ქმნიან მავნე ინფექციებისთვის. ამ მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევისას, შესაძლებელია, განვითარდეს საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესი, რომელსაც ვაგინიტის, ზოგჯერ კი – კოლპიტის სახელწოდებითაც იხსენიებენ.

ჯანმრთელი საშოს ძირითადი ბინადარია – ლაქტობაქტერიები,  5-10%-ს კი შეადგენს პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, სოკოები და სხვა. ლაქტობაქტერიების შემცირებისას ეს პათოგენური მიკროორგანიზმები მრავლდებიან, ანუ ირღვევა მათ შორის ბალანსი (წონასწორობა) და ვითარდება ლორწოვანი გარსის ანთება.

ვაგინიტის ჩამოყალიბების მიზეზებია:

  • ქალის ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება;
  • საშოს ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც იწვევს: ქირურგიული ჩარევა, “მარგანცოვკის” ძლიერ კონცენტრირებული ხსნარის შესხურება, ცხელი წყლით ჩაბანვა, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ადგილობრივი კონტრაცეპტივების არაადექვატური გამოყენება, უხეში სქესობრივი კავშირი;
  • გინეკოლოგიური დაავადებები: საკვერცხეების პათოლოგია, ყვითელი სხეულის უკმარისობა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაზიანებანი, საშოს კედლის დაწევა;
  • სხივური თერაპია და ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებები, მათ შორის ალერგია;
  • პირადი ჰიგიენის დაუცველობა, მენსტრუაციის დროს ღია წყალსაცავებში ცურვა, ვაგინალური ტამპონების არასწორი გამოყენება.

არსებობს ვაგინიტის სხვადასხვა ფორმა:

  • კატარალური კოლპიტი ანუ მარტივი ვაგინიტი, რომლის დროსაც აღინიშნება უხვი გამონადენი;
  • გრანულარული კოლპიტი, ამ დროს საშოს კედლებზე წარმოიქმნება მარცვლისოდენა გრანულები, წანაზარდები, რომლებიც ხელის შეხებისას სისხლმდენია;
  • სოკოვანი კოლპიტი, ამ დროს, ძირითადად ქალი უჩივის წვას და ქავილს;
  • ადჰესიური კოლპიტი, რომელიც ქალებს კლიმაქსის შემდგომ უვითარდებათ, რაც საშოს ქსოვილების ასაკობრივი ცვლილებებითაა განპირობებული და წყლულების წარმოქმნით, შეხორცებებით მიმდინარეობს;
  • ორსულთა კოლპიტი;
  • ტრიქომონადებით გამოწვეული კოლპიტი;
  • გონორეით გამოწვეული კოლპიტი;
  • დიფტერიული კოლპიტი, რომელიც ბავშვთა ასაკში ხორხის დიფტერიის მძიმე ფორმის დროს ვითარდება.

საშოს ანთების მთავარი სიმპტომია – თეთრად შლა. გამონადენი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ჩირქოვან-ლორწოვანი, ქაფიანი, სისხლიანი. გამონადენს აქვს უსიამოვნო, ზოგჯერ “თევზის” სუნი. ქალს, ასევე, აწუხებს წვა და ქავილი. იშვიათად სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, ზოგჯერ მომატებულია ტემპერატურაც.

იმისდა მიხედვით თუ რომელია ვაგინიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი, კლინიკური ნიშნები სხვადასხვაა.

თვითმკურნალობა დაუშვებელია, უმნიშვნელო ჩივილის დროსაც უნდა მოიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც დათვალიერების და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.