მარილი მიკრობებს ანადგურებს
მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს.
ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის – ტუტეებისა და მარილმჟავას – წარმოქმნა. აუცილებელია უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის.
ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმლების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში ექიმები მარილის მოხმარების შემცირებას გვირჩევენ.
ხალხური მედიცინა საკმაოდ ხშირად იყენებდა მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
გთავაზობთ ძველი სამკურნალო წიგნებიდან ზოგიერთ რეკომენდაციას:
გაციების დროს რეკომენდებულია მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.
კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.
კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1-1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.
დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ. თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.
გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა (0,5 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.
რით აიხსნება მარილის სამკურნალო თვისებები:
აღმოჩნდა, რომ მარილის ხსნარი აქტიური აბსორბენტია. ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს.
ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.
მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს.
რაოდენობის კონტროლი აუცილებელია ბუასილის დროსაც, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.