ლეიკემია და მისი სხვადასხვა სახეობა
ლეიკემია სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ ყველაზე მწვავედ ბავშვთა ასაკში ვითარდება.
ლეიკემიის დროს ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების (ლეიკოციტების) ნაცვლად ანომალური უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოიქმნება, რომლებიც მთელ ორგანიზმში უკონტროლოდ მრავლდებიან. ანომალურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებიან და დროთა განმავლობაში ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს. ეს კი სხვადასხვა სიმპტომის განვითარებას იწვევს.
ლეიკემიის 4 ძირითადი სახე არსებობს: ორი მწვავეა (უეცრად აღმოცენებული) – მწვავე ლიმფობასტური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი) – ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია.
ასევე არსებობს ლეიკემიის რამდენიმე ნაკლებად გავრცელებული სახე.
ლეიკემია და ლიმფომა სიმსივნური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომელიც აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინს და ლიმფურ სისტემას.
ქრონიკული ლეიკემია იშვიათად გვხვდება 20 წელზე ქვევით ასაკში, მწვავე ფორმა კი აღინიშნება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
ბავშვთა ასაკში ლეიკემია უმეტესად სწრაფად პროგრესირებადია. ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL), რომელიც, ძირითადად, 2-7 წლის ასაკში გვხვდება.
ზოგჯერ გვხვდება მწვავე მიელოიდური ლეიკემიაც (AML), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება 10 წლის ასაკის შემდეგ.
ლეიკემიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, დაღლილობის შეგრძნებას, ტემპერატურულ რეაქციას და ინფექციური პროცესების განვითარების მაღალი რისკს.
ასევე ძირითადად დამახასიათებელია:
- სიფერმკრთალე;
- ძვლების და სახსრების ტკივილი;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- სისხლდენისკენ მიდრეკილება (კანიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან და ა.შ.);
- ღვიძლის და ელენთის გადიდება.
ლეიკემიის დიაგნოზი ემყარება სისხლის ანალიზს და ძვლის ტვინის ბიოპსიას.
სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიის, გამოსხივებითი თერაპიის, სამიზნე თერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ზოგიერთი კომბინაცია, ასევე დამატებით საჭიროებისამებრ მხარდამჭერი მკურნალობა და პალიატური მზრუნველობა. მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ლეიკემიის სახესა და პაციენტის ასაკზე.
ლეიკემიის მკურნალობის მთავარი მეთოდია ქიმიოთერაპია, რომელსაც ზოგჯერ რადიოთერაპიაც ემატება.
მკურნალობის ძირითადი პრობლემა არის ავადმყოფობის სირთულე და რეციდივის საფრთხე, ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ პაციენტს უტარდება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რითიც სრულდება კიდეც მკურნალობა.
ქიმიოთერაპიით მკურნალობის პერიოდში, პაციენტის იმუნური სისტემა ქვეითდება, რის შედეგადაც სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად ორგანიზმი თითქმის უუნარო ხდება.
აქედან გამომდინარე:
- პაციენტი უნდა მოერიდოს ხალხმრავალ გარემოს;
- გააკონტროლოს საკვები რაციონი (იგი არ უნდა შეიცავდეს მიკრობებს, უმჯობესია იყოს კარგად მოხარშული და ა.შ.);
- ტემპერატურის აწევის შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს (შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს ტრანსფუზია, სისხლის გადასხმა);
- მიუხედავად იმისა, პაციენტს მანამდე ჰქონდა თუ არა ჩატარებული აცრები, მკურნალობის დასრულების შემდეგ (6 თვიდან 2 წლის განმავლობაში) უნდა მოხდეს პაციენტის იმუნიზაცია;