დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

რაქიტი – D ვიტამინის ნაკლებობა

რაქიტი (D ვიტამინის ნაკლებობა)რაქიტი არის მცირე ასაკის ბავშვების დაავადება, რომელსაც ახასიათებს D ვიტამინის დეფიციტით განპირობებული უპირველესად ძვლოვანი სისტემის ცვლილებები, შემდეგ კი სხვა სისტემების (ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და სხვ.) ფუნქციათა მოშლა, რის გამოც ბავშვის აქტიურად მზარდ ორგანიზმზე ვითარდება მავნე შედეგები.

რაქიტის გამომწვევი მიზეზებია:

• მზის სხივების ნაკლებობა;

• კვებისმიერი ფაქტორები, კერძოდ: არასწორად შერჩეული საკვები ხელოვნური კვების დროს, ხანგრძლივი კვება მხოლოდ დედის რძით, ვეგეტარიანული (მცენარეული) საკვები;

• დღენაკლული ბავშვი;

• ორსულობისას არარაციონალური კვება;

• ახალშობილის მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვა;

• დიარეით (კუჭის აშლილობით) მიმდინარე დისბაქტერიოზი;

• კრუნჩხვების საწინააღმდეგო თერაპია;

• გარკვეული დაავადებები: შეწოვის ფუნქციის მოშლა (ცელიაკია, მუკოვისციდოზი და სხვა.), თირკმელებისა და ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები;

• D ვიტამინისა და კალციუმ-ფოსფორის ცვლის მემკვიდრეობითი ანომალია;

• ეკოლოგიური ფაქტორები;

• კანის პიგმენტაცია.

რაქიტის ადრეული ნიშნებია: გაღიზიანებულობა, ჭირვეულობა, ხშირად ან უმიზეზოდ ტირილი, ძილის დარღვევა (ხშირი გაღვიძება, მოუსვენარი ძილი), იმდენად ძლიერი ოფლიანობა, რომ ბავშვი ხშირად ატენიანებს ბალიშს, რის გამოც კეფის არეში თმა სცვივა (ამ მოვლენას “რაქიტული სიქაჩლე” ეწოდება). აღინიშნება კუნთთა სისუსტე.
რაქიტის დროს თავის ქალას ძვლები რბილდება და თავი იღებს კვადრატულ ფორმას. ამ დროს კარგად ჩანს შუბლის ბორცვები. ცვლილებას განიცდის გულმკერდიც, ნეკნებზე, იმ ადგილას სადაც ძვლოვანი ნაწილი ხრტილოვანში გადადის, შეინიშნება შემსხვილებები. მძიმე ფორმის რაქიტის დროს გულმკერდი გამოიდრიკება (ე.წ. “ქათმის გულმკერდი”) ან პირიქით – ჩაიდრიკება (ე.წ. “მეწაღის გულმკერდი”).

დეფორმაციას განიცდის ქვედა კიდურებიც, ისინი იღებენ X –ის ან O-ის მაგვარ ფორმას.
რაქიტიან ბავშვებს გვიან ეწყებათ კბილების ამოჭრა და გვიან ეხურებათ ყიფლიბანდი.
ბავშვის მუცელზე დაწვენისას, მუცელი გვერდებზე გადაეწევა, ამას “ბაყაყის მუცელს” ეძახიან. შესაძლოა გადიდდეს ღვიძლიც.
რაქიტული ბავშვი ფერმკრთალია, აღენიშნება ანემია, ჰემოგლობინის დაბალი დონე, ცვლილებები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირი წამოქაფება, ღებინება, ნაწლავების სპაზმი, ფაღარათი ან შეკრულობა.

ასეთი ბავშვები თავის ჭერას, ჯდომას და სიარულს სხვა თანატოლებთან შედარებით გვიან სწავლობენ.
რაქიტის დროს აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, რათა ასაკის და რაქიტული მდგომარეობის გათვალისწინებით ბავშვს დაენიშნოს D ვიტამინი და შესაბამისი კვება. საჭიროა ასეთი ბავშვის სეირნობა მზიან ამინდში.