დაავადებები, ინფექციური დაავადებები

მალარია

https://lh4.googleusercontent.com/-sZYqWBTJIsY/T0uk4x4FRiI/AAAAAAAACFg/UDYzMtAIVro/s400/384_384_2.jpgალარია ტროპიკების ენდემური დაავადებაა, თუმცა ის სუბტროპიკებშიც ვრცელდება.

მსოფლიოში ყოველწლიურად აღირიცხება 200-500 მილიონამდე მალარიით დაავადების შემთხვევა და დაახლოებით 1-2 მილიონი ადამიანი იღუპება უშუალოდ ამ დაავადებისაგან.

მალარიის მკურნალობის პირველი აღნუსხული შემთხვევა თარიღდება 1600 წლით, როცა დადგინდა, რომ პერუელი ინდიელები იყენებდნენ პერუში გავრცელებული ქინაქინის ხის მწარე ქერქს. 1649 წლისთვის ქინაქინის ქერქი უკვე შემოჰქონდათ ინგლისში.

დაჭაობებულ ადგილებთან ამ დაავადების დაკავშირებამ აიძულა რომაელები ეზრუნათ ჭაობების დაშრობის პროგრამებზე, რაც მალარიასთან ბრძოლის პირველი ღონისძიება გამოდგა.

1889 წელს ლავერანმა, რომელიც ალჟირში მუშაობდა, დაადგინა, რომ მალარიას იწვევდა უმარტივესთა ტიპის წარმომადგენელი, პლაზმოდიუმი. 1897 წ დადგინდა, რომ დაავადების გადამტანია კოღო ანოფელესი. ამ პერიოდისთვის გამოიკვეთა მალარიის ეპიდემიოლოგიური ნიშნები და დაიწყო დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.

1942 წ აღმოაჩინეს ინსექტიციდი დდტ, ხოლო პირველად ის გამოიყენეს იტალიაში 1944 წ. გაჩნდა იმედი, რომ მალარია მოისპობოდა მთელ პლანეტაზე. დაიწყო დდტ-ს შესხურების ფართოდ გამოყენება, ჭაობების ზედაპირის პარაფინით დაფარვა (რათა შეზღუდულიყო კოღო ანოფელესის ლარვების განვითარება), გუბეების დაშრობა, სპეციალური პირბადეების ფართო გამოყენება, წამალ ქლოროქინის გამოყენება. ყოველივე ამან საოცარი შედეგები მოიტანა.

მალარიის გამოწვევა შეუძლია პლაზმოდიუმის ოთხ სახეობას. ინფექციის წყაროს უშუალოდ წარმოადგენს დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმტარებელი.

მალარიის ბუნებრივი გადამტანია ანოფელესის გვარის მდედრი კოღოები:

  • Plasmodium falciparum.  იწვევს უმძიმესი სამდღიანი ფორმის მალარიას, რომელიც დაავადებულს კლავს ცერებრალური მალარიით ან თირკმლების ფუნქციის უკმარისობით. ციებ-ცხელების შეტევები ხდება ყოველი 48 საათის შემდეგ, თუმცა ხშირად ეს პერიოდულობა შენიღბულია, ვინაიდან სტადიები ყოველთვის სინქრონული არ არის. სამდღიანი ფორმა ეწოდება, ვინაიდან პირველ დღეს რომ ციებ-ცხელების შეტევაა, მეორე დღეს – ის არაა, მესამე დღეს კვლავ შეტევაა. პლაზმოდიუმის ეს სახეობა საჭიროებს გარემოს სულ ცოტა 20ოჩ ტემპერატურას და ამიტომაც ძირითადად მსოფლიოს თბილ ქვეყნებში გვხვდება.
  • Plasmodium vivax.  იწვევს ზომიერ სამდღიანი ფორმის მალარიას, რომელიც იშვიათად თავდება ლეტალურად.  ეს სახეობა ტროპიკულ აფრიკაში არ გვხვდება, ვინაიდან აფრიკის შავკანიანების სისხლის წითელ უჯრედებს აკლიათ ერთერთი ანტიგენი, რომელიც ამ პლაზმოდიუმს სჭირდება უჯრედში შესაღწევად. მას არსებობა შეუძლია იმ ადგილებში, სადაც ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 16ოჩ-ზე არანაკლებია. ეს პარაზიტი იწვევს მალარიის რეციდივებს, ვინაიდან მას შეუძლია დიდხანს (წლები) იმყოფებოდეს ღვიძლში ლატენტურ მდგომარეობაში. ამ შეგუებულობის მნიშვნელობა იმაშია, რომ გადაცემის შესაძლებლობას მოკლებული პარაზიტი უძლებს ხანგრძლივი ზამთრის პერიოდს.
  • Plasmodium ovale. იწვევს იშვიათ სამდღიანი ტიპის მალარიას ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდით და სამთვიანი ინტერვალის რეციდივებით. ძირითადად გავრცელებულია აფრიკაში, თუმცა დროდადრო აღინიშნება ცალკეული შემთხვევები სხვა ადგილებშიც. P. ვივახ-ის მსგავსად, ისიც შეიძლება დიდხანს იმყოფებოდეს ღვიძლში ლატენტურ ფორმაში.
  • Plasmodium malariae. იწვევს ოთხდღიან მალარიას ციებ-ცხელების შეტევებით ყოველ 72 სთ-ში. აღსანიშნავია, რომ მასპინძლის სისხლში ის შეიძლება ათეული წლის მანძილზე რჩებოდეს, მაგრამ მას არა აქვს ღვიძლში ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნის სტადია. რეციდივები რიგ შემთხვევაში ხდება ინფიცირებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ.
    მსოფლიოში ცნობილია Anopheles-ის 422 სახეობა, რომელთაგან მრავალი ძალიან ემსგავსება ერთმანეთს და მათი გარჩევა შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური მეთოდების საფუძველზე.

ამათგან მალარია გადააქვს 70 სახეობას, მაგრამ მნიშვნელოვანია მხოლოდ 40.

პლაზმოდიუმის პარაზიტების გადატანა დამოკიდებულია შემდეგზე:

  • დაავადებული ადამიანის კბენის შემდეგ კოღომ საკმაო ხანი უნდა იცოცხლოს, რათა მის სხეულში მოხვედრილმა პარაზიტმა მოასწროს სათანადო განვითარება;
  • კოღოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანის სისხლით კვება;

პარაზიტს კოღო ფიზიოლოგიურად უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ არის აზრი, რომ ანოფელესის სახეობების უმეტესობას შეუძლია თუნდაც ერთი რომელიმე სახეობის პლაზმოდიუმის გადატანა.

როდესაც პარაზიტის მატარებელი მდედრი კოღო ანოფელესი კბენს ადამიანს, მას ნერწყვთან ერთად კანქვეშ შეყავს პლაზმოდიუმის ერთბირთვიანი ლანცეტის ფორმის სპოროზოიტები. დაახლოებით 30 წუთში ეს სპოროზოიტები მოხვდებიან ადამიანის ღვიძლის უჯრედებში. აქ იწყება შიზოგონიის პროცესი და სპოროზოიტები გარდაიქმნებიან სფეროიდულ მრავალბირთვიან ღვიძლის შიზონტებად, რომლებიც შეიცავენ 2000-40000 ერთბირთვიან მეროზოიტებს. დაავადების ამ ფაზას კოღოს სხვადასხვა სახეობის მიხედვით სჭირდება 5-დან 21 დღემდე. თუმცა  P. vivax-ით და  P. ovale-თი ინფიცირების შემთხვევაში ღვიძლის სტადიის შიზონტების განვითარება შეიძლება 1-2 წლით გადაიდოს.

მალარიის პლაზმოდიუმის სქესობრივ სტადიამდე მისული ინდივიდები, გამეტოციტები, აინფიცირებენ კოღოს, როდესაც ის წოვს დაავადებული ადამიანის სისხლს.
მალარია მჟღავნდება ფარული ანუ ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ. სამდღიანი მალარიის დროს ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-30 დღე, საშუალოდ 14-15 დღე, ზოგჯერ 3-4 თვეზე მეტიც. ამის შემდეგ კი იწყება ცხელებითი შეტევები.

მალარიისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია:

  • ციებ-ცხელების პერიოდული შეტევები —  შეტევა იწყება 15-60 წუთიანი ციების სტადიით, როდესაც პაციენტს აკანკალებს და აქვს სიცივის გაძლიერებული შეგრძნება;
  • 2-6 საათიანი ცხელების სტადია, როდესაც პაციენტის ტემპერატურა შეიძლება ავიდეს 41 oC;
  • სიწითლე;
  • მშრალი კანი;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ბოლოს მოდის 2-4 საათიანი ოფლიანობის სტადია.

https://lh6.googleusercontent.com/-nIOi4S0uo-Y/T0uk9t4YhAI/AAAAAAAACFo/9zbEot6QFp4/s340/pic001.jpgფალციპარუმის მალარიის შემთხვევაში (რომელიც გამოირჩევა მაღალი სიკვდილიანობით, 15-50%) დაინფიცირებული წითელი უჯრედები კაპილარებისა და პოსტკაპილარული ვენულების კედლებს ეკრობიან და იწვევენ მიკროცირკულაციის დარღვევას და ადგილობრივი ქსოვილის ანოქსიას. პაციენტებს მძიმე და გართულებული მალარიით ხშირად ახასიათებთ სისუსტე, სიყვითლე და დაქვეითებული ცნობიერება. თირკმლებში შეიძლება მოხდეს მილაკების მწვავე ნეკროზი და თირკმლების ფუნქციონირების მოშლა. არის კიდევ მრავალი სხვა შესაძლო გართულებაც.

მალარიის ყველა ფორმის დროს აღინიშნება ანემია ანუ სისხლნაკლებობა, დიდდება ღვიძლი და განსაკუთრებით ელენთა.

მალარიის მკურნალობის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ პარაზიტი შეიძლება იმყოფებოდეს სისხლშიც და ღვიძლშიც. ამიტომ ორივე ადგილიდან პარაზიტის გამოსადევნად საჭირო ხდება განსხვავებული წამლების გამოყენება. კლინიკური განკურნება მდგომარეობს პარაზიტის სისხლიდან განდევნაში, ხოლო სრული განკურნება ნიშნავს სხეულიდან ყველა პარაზიტის განდევნას.

მალარიასთან ბრძოლის მეორე მიდგომა გულისხმობს დაავადების გადამტანი კოღო ანოფელესის გამრავლების ადგილების, ჭაობების და გუბეების მოსპობას, ან ამ ადგილებში კოღოს ლარვების განადგურებას. რიგ ქვეყნებში ამ მიდგომებმა (ჭაობების და დიდი გუბეების დაშრობამ, გამბუზიას გამრავლებამ) გაამართლა.

კიდევ ერთ მიდგომას წარმოადგენს გრძელვადიანი მოქმედების ინსექტიციდების (დდტ) გამოყენება.

მალარიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:
  • ავდმყოფის ანამნეზი;
  • თითიდან აღებული სისხლის ნაცხის და სქელი წვეთის ლაბორატორიული, კერძოდ მიკროსკოპული გამოკვლევა.

მალარიის აღმოჩენისას სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ ექიმს და დროულად დაიწყოთ მკურნალობა.