დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

გონორეა

გონორეა არის ინფექციური ანთებითი დაავადება, რომელიც უმეტესად შარდ-სასქესო ორგანოებს აზიანებს. მისი გამომწვევია გონოკოკი. გონორეის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1 დღიდან 2-3 კვირამდე, საშუალოდ 3-4 დღე. ინფექციის გადაცემა ძირითადად ხდება სქესობრივი გზით, თუმცა, ინფექცია ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს დაინფიცირებული ნივთების სარგებლობის დროსაც. განსაკუთრებით საშიშია ინფექციის მატარებელი ადამიანი.
გონორეული ინფექციის შეჭრის მთავარი გზა შარდ-სასქესო სისტემაა. ინფექცია გადააქვს ქრონიკული გონორეით დაავადებულ მამაკაცს. თუ მამაკაცს გონორეის მწვავე ფორმა აქვს, იგი თავს არიდებს სქესობრივ კავშირს. მამაკაცს გონოკოკი პირველ რიგში უზიანებს ურეთრას, სწორედ ამიტომ ეაკულატთან ერთად ერეთრიდან გონოკოკებიც გამოიყოფა. ამის გამო ქალის ორგანიზმში გონოკოკი პირველ რიგში ხვდება საშვილოსნოს ყელში, ხოლო შარდსადინარში, საშოს კარიბჭის ჯირკვლებსა და სადინარებში მოგვიანებით იჭრება.

მამაკაცები ყოველთვის არ ინფიცირდებიან დაავადებულ ქალთან სქესობრივი კონტაქტის დროს, ვინაიდან ურეთრის ვიწრო სადინარში გონოკოკები ყოველთვის ვერ ახერხებენ შეღწევას, მაშინ როცა, დაავადებულ მამაკაცთან ურთიერთობის დროს ქალი ყოველთვის ინფიცირდება. გონორეით შესაძლოა დაინფიცირდეს ბავშვიც – მუცლადყოფნის პერიოდში, მშობლების პირსახოციდან ან თეთრეულიდან. ახალშობილებს ხშირად აქვთ ისეთი თანდაყოლილი პრობლემები მხედველობის მხრივ, რომლებიც იწვევენ სიბრმავეს.

გონოკოკი ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს შარდ-სასქესო სისტემის ლორწოვანს.

არსებობს გონორეის ორი ფორმა:

  • ახალი ფორმა (დაავადების ხანგრძლივობა 2 თვემდეა), რომელიც თავის მხრივ, იყოფა:
    • მწვავე;
    • ქვემწვავე;
    • ტორპიდული;
  • ქრონიკული ფორმა.

გონორეის ნებისმიერი ფორმის დროს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არსებობდეს სრულად, ან უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

მამაკაცებში გონორეისთვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტიდან მე-2-5 დღეს. თავდაპირველად მას აქვს უსიამოვნო შეგრძნება საშარდე მილის გასწვრივ, რამოდენიმე საათის შემდეგ, აწუხებს ქავილი, წვა, ტკივილი  და ცუდი სუნის მქონე  მომწვანო-მოყვითალო ფერის გამონადენი. მამაკაცებში გონორეის ხანგრძლივი მიმდინარეობისას შესაძლოა განვითარდეს გართულებები:

  • ორხიტი;
  • ეპიდიდიმიტი.

ამ გართულებებს კი შეუძლიათ გამოიწვიონ მამაკაცებში უნაყოფობა.

ქალებში ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-3 კვირა და შემდეგ მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ. სწორედ ამიტომ ხშირად გონორეის დადგენა ქალებში დროულად ვერ ხერხდება და ვითარდება გართულებები მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების სახით, როგორიცაა:

  • გონორეული ურეთრიტი;
  • გონორეული უროცისტიტი;
  • გონორეული ენდოცერვიციტი;
  • გონორეული ბართოლინიტი (ბართოლინის ჯირკვლების ანთება);
  • გონორეული ვულვიტი;
  • გონორეული ვაგინიტი;
  • გონორეული ენდომეტრიტი;
  • გონორეული სალპინგო-ოოფორიტი.

ამ გართულებებს კი შეუძლიათ გამოიწვიონ ქალებში უნაყოფობა. გონორეის დროს ქალებს სიმპტომატიკა აქვთ იმის მიხედვით თუ რაომელი გართულებით მიმდინარეობს დაავადება. ძირითადად აქვთ წვა, ქავილი, ტკივილი, გამონადენი საშოდან და უსიამოვნო შეგრძნებები.

გონორეის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:

  •  ანამნეზი;
  • ობიექტური გამოკვლევა;
  • ლაბორატორიული გამოკვლევა.

მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ორივე პართნიორთან ერთდროულად.