პნევმოკოკური პნევმონია
პნევმოკოკური პნევმონია ბაქტერიული წარმოშობის პნევმონიების 80-90%-ში გვხვდება.
მისი გამომწვევია Streptococus pneumonia, ანუ პნევმოკოკი, რომელიც ზედა სასუნთქი გზების მუდმივი ბინადარია და ხელსაყრელი პირობების შექმნისას, მაგალითად გაცივებისას ან ვირუსული ინფექციისას, აქტიურდება.
პნევმოკოკური პნევმონია მიმდინარეობს სამ სტადიად:
- საწყისი სტადია – დაავადების 1-3 დღეს ვითარდება სისხლძარღვთა ჰიპერემია (სისხლსავსეობა), გამიოყოფა ცილებით მდიდარი სეროზულ-ფიბრინოზული ექსუდატი (სითხე), რომელიც კარგი “საკვებია” მიკროორგანიზმებისთვის. ეს სტადია ხასიათდება ბაქტერიების სწრაფი გამრავლებით.
- გამკვრივების ანუ გაღვიძლების სტადია – ამ დროს ფილტვს აქვს ღვიძლის მსაგვსი შეხედულება.
ეს სტადია თავის მხრივ ორ ფაზად მიმდინარეობს:
- “წითელი გაღვიძლების” ფაზა — დაავადების მე-4-მე-5 დღეს ალვეოლები ივსება ერითროციტებით და ლეიკოციტებით, რომლებიც აწარმოებენ პნევმოკოკების ფაგოციტოზს (ბაქტერიების დაშლილი ნაწილაკების აქტიური შთანთქმა).
- “თეთრი გაღვიძლების” ფაზა – დაავადების მე-6-მე-7 დღეს ალვეოლები სავსეა ძირითადად ლეიკოციტებით.
- რეგენერაციის ანუ აღდგენის სტადია – ამ დროს ხდება ექსუდატის შეწოვა და ფილტვების ნორმალური ანატომიური სტრუქტურის აღდგენა.
პნევმოკოკური პნევმონია იწყება უეცრად, სრული ჯანმრთელობის ფონზე. მას ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ან გაციება. ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, შემცივნება, ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე, ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ხველისა და ღრმა ჩასუნთქვის დროს. პირველივე დღე-ღამიდან იწყება მშრალი ხველა, რომელიც მალევე იცვლება წებოვანი, ლორწოვანი ნახველით. იგი ხშირად შეიცავს სისხლის მინარევებსაც, რის გამოც ნახველ ხდება მოყავისფრო ანუ “ჟანგისფერი”, რაც “წითელი გაღვიძლების” სტადიას შეესაბამება. გარდა ამისა, ავადმყოფს, პირველივე დღიდან ლოყები აქვს ჰიპერემიული, უპირატესად დაავადებულ მხარეს, ტუჩები – ლურჯი შეფერილობის, ხშირად არის ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარი. ავადმყოფის სუნთქვა არის გახშირებული – 30-45 წუთში.
თუ დაზიანდა ფილტვის მთელი წილი ანუ განვითარდა წილოვანი პნევმონია, მაშინ აღინიშნება მუდმივი ტიპის ცხელება და ტემპერატურა მაღალია დაახლოებით, ერთი კვირის მანძილზე.
თუ დაზიანდა ფილტვის წილაკი, მაშინ ვითარდება კეროვანი ანუ წილაკოვანი პნევმონია, რომელიც ხშირად მიმდინარეობს ბრონქიტის ფონზე.
პნევმოკოკური პნევმონიის დროს დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება:
- ავადმყოფის ანამნეზი (გამოკითხვის შედეგად დადგენილი ინფორმაცია);
- სისხლის და ნახველის გამოკვლევა;
- რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
- სეროლოგიური გამოკვლევა.
პნევმოკოკური პნევმონიის მკურნალობისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ავადმყოფის საერთო მდგომარეობის, პნევმონიის გამომწვევი მიზეზის, დაავადების ფორმის და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით დანიშნავს სათანადო მკურნალობას.