ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

კორონავირუსი – მითები, ფაქტები და პრევენციის გზები

კორონავირუსიახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ამ დაავადების შესახებ გაჩნდა უამრავი მითი, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. შედეგები კი შეიძლება, საკმაოდ სახიფათო იყოს, რადგან საზოგადოება დაიბნეს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ფაქტებს ახალი კორონავირუსის შესახებ, გვთავაზობს დეტალურ განმარტებებს, თუ რატომ არის ზოგიერთი პოპულარული მითი მეცნიერული თვსალსაზრისთ მართლაც მითი და მეტი არაფერი.

გაჩნდა უამრავი კითხვა იმის შესახებაც, თუ რა საშუალებებია ყველაზე ეფექტიანი ამ დაავადების პრევენციისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კითხვებზეც დეტალურ პასუხებს გვთავაზობს.

ფაქტი: ცივი ამინდი და თოვლი ახალ კორონავირუსს არ კლავს

არ არსებობს მიზეზი დავიჯეროთ, რომ სიცივე ახალ კორონავირუსსა და სხვა დაავადებებს კლავს. მიუხედავად გარემოს ტემპერატურისა, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,5°C — 37°C-ია. ყველაზე ეფექტიანი გზა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად არის ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით ან გაწმენდა ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით.

ფაქტი: ცხელი შხაპის მიღება ახალი კორონავირუსული დაავადებისგან ვერ დაგიცავთ

ცხელი შხაპის მიღება ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან ნამდვილად ვერ დაგიცავთ. მიუხედავად თქვენი აბაზანის ან შხაპის ტემპერატურისა, სხეულის ნორმალური ტემპერატურა მაინც 36,5°C — 37°C რჩება. ძალიან ცხელი წყლით შხაპის მიღება შეიძლება საზიანოც იყოს, რადგან უბრალოდ დაიწვათ. COVID-19-ისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირად დაბანაა. ამ გზით თქვენ იშორებთ ვირუსებს, რომლებიც შეიძლება თქვენს ხელებზე იყოს და თავიდან იცილებთ ინფექციას, რომელიც თქვენს ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ხელების თვალებზე, სახეზე და ცხვირზე მოსმისას.

ფაქტი: ახალი კორონავირუსი ვერ გადაგედებათ ჩინეთში ან COVID-19-ის გავრცელების ქვეყნებში დამზადებული პროდუქტებისგან

მართალია, ახალ კორონავირუსს სხვადასხვა საგნის ზედაპირზე სიცოცხლე რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეუძლია (დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე), მაგრამ ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი ასეთ ზედაპირზე მაინც დარჩეს ამ უკანასკნელის გადაადგილების, გადატანის ან სხვადასხვა გარემოსა თუ ტემპერატურაზე მოთავსების შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ ზედაპირი დაბინძურებულია, გასაწმენდად გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი. შეხების შემდეგ, გაიწმინდეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ხსნარით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.

ფაქტი: ახალი კორონავირუსი მწერების ნაკბენით არ გადადის

ამ დროისათვის არ არსებობს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ახალი კორონავირუსი მწერების ნაკბენით გადადის. ახალი კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია, რომელიც ძირითადად ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების ან დაცემინების შედეგად წამოსული წვეთებით; ასევე ვრცელდება ნერწყვისა და ცხვირის ლორწოს წვეთებით. თავის დასაცავად, ხშირად გაიწმინდეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო სითხით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით. ასევე, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველა იმ ადამიანთან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

არის თუ არა ხელის საშრობები ეფექტიანი ახალი კორონავირუსის მოსაკლავად?

არა. ხელის საშრობები ვერ კლავს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს. თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით ან დაიბანოთ საპნითა და წყლით. ხელების გასუფთავების შემდეგ, აუცილებლად გაიმშრალეთ ქაღალდით ან თბილი ჰაერით საშრობით.

კლავს თუ არა ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა ახალ კორონავირუსს?

დაუშვებელია ულტრაიისფერი ნათურების გამოყენება ხელების ან კანის სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაისფერმა რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

რამდენად ეფექტიანია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გამოსავლენად?

თერმული სკანერები ეფექტიანია იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებსაც ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო მომატებული აქვთ სხეულის ტემპერატურა.

თუმცა, შეუძლებელია იმ ადამიანების დაფიქსირება, რომლებიც უკვე ინფიცირებული არიან, მაგრამ ტემპერატურა ჯერ არ აქვთ მომატებული. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა მაღლა იწევს ინფიცირებიდან 2-10 დღეში.

კლავს თუ არა ახალ კორონავირუსს მთელ სხეულზე ალკოჰოლის ან ქლორის წასმა?

არა. მთელ სხეულზე ალკოჰოლის ან ქლორის წასმა ვერ მოკლავს ვირუსს, რომელიც თქვენს ორგანიზმში უკვე შესულია. ასეთი ნივთიერებების წასმა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ტანსაცმლის ან ლორწოვანი გარსისთვის (თვალები, პირი). გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი და ქლორი ეფექტიანია საგნების ზედაპირის დეზინფექციისთვის, მაგრამ საჭიროა, ამ დროს დაიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები.

შეუძლიათ თუ არა შინაურ ცხოველებს ახალი კორონავირუსის გავრცელება?

ამ დროისათვის, დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ძაღლის ინფიცირების ერთი შემთხვევა. შინაურ ცხოველებთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. ეს დაგიცავთ სხვადასხვა ბაქტერიებისგან, მაგალითად, ნაწლავის ჩხირისა და სალმონელასგან, რომლებიც შეიძლება ცხოველებისგან გადაგედოთ.

დაგვიცავს თუ არა ახალი კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, მაგალითად, პნევმოკოკალი ვაქცინა და Haemophilus influenza B ტიპის (Hib) ვაქცინა ვერ დაგიცავთ ახალი კორონავირუსისგან.

ეს ვირუსი ახალია და განსხვავებული, შესაბამისად, სჭირდება საკუთარი ვაქცინა. მკვლევრები მის შექმნას აქტიურად ცდილობენ.

მართალია, ეს ვაქცინები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ არაფექტიანია, მაგრამ რესპირატორულ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძლიერ რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დაგვიცავს თუ არა ახალი კორონავირუსისგან ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა ფიზიოლოგიურ ხსნარით?

არა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის რეგულარულად რეცხვამ ადამიანი ახალი კორონავირუსის ინფექციისგან დაიცვა.

არსებობს მხოლოდ გარკვეული, შეზღუდული მტკიცებულება, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის გამორეცხვა ადამიანებს გაციების უფრო სწრაფად დამარცხებაში ეხმარება. თუმცა, ამ ქმედებას რესპირატორული ინფექციების პრევენცია არ შეუძლია.

დაგვიცავს თუ არა ნივრის ჭამა ახალი კორონავირუსისგან?

ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამამ ადამიანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან დაიცვა.

ახალი კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს ერჩის თუ ახალგაზრდებიც რისკის ქვეშ არიან?

ახალი კორონავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა, იმის შანსი, რომ ამ ვირუსით უფრო მძიმედ ავად გახდნენ, მაღალია ხანდაზმულებში ან იმ ადამიანებში, რომლებსაც ინფიცირებამდე აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს მიიღოს ვირუსისგან თავდაცვის ზომები, მაგალითად, დაიცვას ხელებისა და სასუნთქი გზების ჰიგიენა.

არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტიანი ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

არა. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსების წინააღმდეგ; ისინი მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს.

ახალი კორონავირუსი ვირუსია და გამომდინარე აქედან, მისი პრევენციისა და მკურნალობისათვის ანტიბიოტიკები არ გამოდგება.

თუმცა, COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, შეიძლება ანტიბიოტიკები მაინც მოგცენ, რადგან შესაძლებელია პარალელურად ბაქტერიებით ინფიცირებაც.

არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატები ახალი კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობისთვის?

ამ დროისათვის, არ არსებობს ახალი კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობის სპეციფიკური მედიკამენტები.

თუმცა, ვირუსით ინფიცირებულებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო სერვისი სიმპტომების შემსუბუქებისა და მკურნალობისთვის. მიმდინარეობს მკურნალობის კონკრეტულ საშუალებათა აქტიური კვლევა, რომლებმაც კლინიკური ცდებიც უნდა გაიაროს.

 

©1tv.ge