რა იწვევს სმენის დაქვეითებას
სტატისტიკის თანახმად, სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირი მოვლენაა (განსაკუთრებით მოზარდებში), რომელიც ხელს უშლის ავადმყოფს ხალხთან ჩვეულებრივ მეტყველებით ურთიერთობაში. პრაქტიკული სიყრუე კი, ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ ესმის ხმამაღალი მეტყველება ან სხვა რამე ხმაური ყურთან ახლოსაც კი.
ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, მის დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკაზე მედიცინის აკადემიური დოქტორი, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი–ლარინგოლოგი, ქალბატონი ნინო შარაშენიძე გვესაუბრება:
– ქალბატონო ნინო, რა არის სიყრუე, როგორ განისაზღვრება იგი?
– სმენის ქვეშ იგულისხმება მეტყველებისა და ჩვენ გარშემო არსებული ბგერების აღქმის უნარი. სმენის დაქვეითება სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. არსებობს სმენის დაქვეითების ოთხი ხარისხი. პირველი ორი ხარისხი შეესაბამება სმენის შედარებით სუსტ დაზიანებას, მესამე და მეოთხე ხარისხის დაქვეითების შემთხვევაში ადამიანი ბგერების გამაძლიერებელი სისტემის ანუ სასმენი აპარატის გარეშე ვერ გაიგონებს. სმენის სრული დაკარგვის შემთხვევაში ვამბობთ, რომ ადამიანი ყრუა.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა?
– სმენის დაკარგვის მიზეზები საკმაოდ მრავალნაირია და ისინი ორ დიდ ჯგუფად იყოფა. ეს არის თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი. მემკვიდრეობითი სმენის დაქვეითება გენთან არის დაკავშირებული და შეიძლება გამოვლინდეს დაბადებისას, ან უფრო მოგვიანებით. თანდაყოლილი სიყრუე განპირობებულია ორსულობის პერიოდში ან მშობიარობის პროცესში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.
მათ განეკუთვნება ორსულობაში გადატანილი ინფექციები: წითურა, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, სიფილისი; რეზუსკონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის; დედის მავნე ჩვევები (სიგარეტი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი). შეძენილი სმენის დაქვეითება ან სიყრუე აგრეთვე შეიძლება იყოს გამოწვეული ინფექციური დაავადებებით (მენინგიტი, ყბაყურა, ქუნთრუშა), თუმცა, დღესდღეობით, უფრო ხშირია მედიკამენტებით, განსაკუთრებით კი, ამინოგლიკოზიდური რიგის ანტიბიოტიკების (გენტამიცინი, სტრეპტომიცინი, ამიკაცინი და სხვა) ზემოქმედებით გამოწვეული სმენის პათოლოგია, რომელიც, როგორც წესი, ძლიერ დაქვეითებას ან სიყრუეს იწვევს და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დამთავრებისას ან რამდენიმე თვის შემდეგ.
– როგორ შეიძლება გამოვლინდეს სიყრუე და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
– სმენის დაქვეითებისა და სიყრუის გამოვლენა ახალდაბადებულ და თვეების ბავშვებში სპეციალური აპარატურის გარეშე საკმაოდ ძნელია. საბედნიეროდ, დღეს არსებობს ასეთ ასაკში სმენის მდგომარეობის შეფასების ექსპრესმეთოდი – ოტოაკუსტიკური ემისიის განსაზღვრა (სმენის სკრინინგი), რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოა და არავითარ ზიანს არ მიაყენებს ბავშვს. თუ სმენის სკრინინგით გამოკვლევისას გამოვლინდა სმენის დაქვეითების ნიშნები, ბავშვი აჰყავთ აღრიცხვაზე. ანალოგიური გამოკვლევა მეორდება 1–2 თვის შემდეგ და თუ მიღებულია იგივე პასუხი, ბავშვს უტარდება ობიექტური აუდიომეტრია – სმენის გამოკვლევის მეთოდი, რომლითაც დაისმება ზუსტი დიაგნოზი ანუ დაზუსტდება სმენის დაქვეითების ხარისხი, რაც შემდგომში განსაზღვრავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ტაქტიკას. დღეს თბილისის სამშობიაროების უმრავლესობაში ყველა ახალშობილს უტარდება ასეთი სკრინინგ გამოკვლევა. სმენის გამოკვლევას, პირველ რიგში, ექვემდებარებიან რისკ ჯგუფის ახალშობილები, რომელთა დედებს აღენიშნებოდათ რაიმე დარღვევა ორსულობის პერიოდში.
– როგორ არ უნდა გამოეპაროს დედას ჩვილის სმენასთან დაკავშირებული პრობლემები?
– მცირეწლოვან ასაკში სმენის გასინჯვის ყველაზე მარტივი მეთოდია ზურგზე მწოლიარე ბავშვისგან 2–3 მეტრში დაკაკუნება, დაპიპინება ანუ საშუალო სიძლიერის სიგნალით ზემოქმედება და ბავშვზე დაკვირვება. ბავშვმა თავი ბგერითი სიგნალის მხარეს უნდა შეატრიალოს. სხვადასხვა დროს ასეთი მოქმედების რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, თუ ბავშვმა შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, აუცილებელია, მისი სმენის შემოწმება ოტოაკუსტიკური ემისიის განსაზღვრისა და ობიექტური აუდიომეტრიის მეთოდით, რომელიც აუდიოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხდება. სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია იმით, რომ რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო ადრე დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობას გულისხმობს და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული ექიმი, მეტყველების თერაპევტი და თვით მშობლები და ოჯახის დანარჩენი წევრები.
– როგორ ხდება სმენის დაქვეითების პროფილაქტიკა?
– ქალმა ორსულობის პერიოდში მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს თავისი ჯანმრთელობის მიმართ, ეწეოდეს ჯანსაღ ცხოვრებას. ბგერებზე ახალშობილის ცუდი რეაქციის შემთხვევაში უნდა მიმართოს ლარინგოლოგს. თუ ბავშვს სხვა პათოლოგიის გამო ჩაუტარდა მკურნალობა, ამინოგლიკოზიდებით აუცილებელია სმენის რამდენჯერმე შემოწმება.
– რა დროს ხდება ხოლმე აუცილებელი ქირურგიული ჩარევა?
– ქირურგიული ჩარევა ანუ კოხლეარული იმპლანტაცია აუცილებელია, როცა დაისმება სრული სიყრუის დიაგნოზი ან არის ნარჩენი სმენა, რომელიც არ არის საკმარისი სასმენი აპარატით მისი გაუმჯობესებისთვის. კოხლეარული იმპლანტაციის აუცილებელი პირობაა სასმენი ნერვის ნორმალური მდგომარეობა. ეს ოპერაცია რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა ჩატარდეს. ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია, ხანგრძლივი რეაბილიტაცია მეტყველების თერაპევტისა და მშობლების მონაწილეობით.
– თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუის შემთხვევაში, ალბათ, სავარაუდოა, რომ პათოლოგია სამეტყველო აპარატშიც იჩენდეს თავს.
– ყრუ პიროვნებას სამეტყველო აპარატი აბსოლუტურად ნორმალური აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია მეტყველება, ვინაიდან არაფერი ესმის ან ესმის დამახინჯებულად და გარშემომყოფ საგნებს, მოვლენებსა და მათ სიტყვიერ ახსნას შორის კავშირს ვერ ამყარებს. ნორმალური სმენის მქონე ჩვილი ბავშვი არ ლაპარაკობს, მაგრამ ყურით აღიქვამს მის გარშემო არსებულ ბგერებს, მეტყველებას. იგი იმახსოვრებს ყველაფერს, რაც საშუალებას აძლევს, თვითონაც ამეტყველდეს. ყრუ ამ უნარს მოკლებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სმენის გაუმჯობესება დაიწყოს რაც შეიძლება ადრეულ (როგორც კი დაისმება დიაგნოზი) ასაკში ანუ წლამდე მაინც. თვეების მატებასთან ერთად, კატასტროფულად მცირდება ბავშვის მეტყველების განვითარების შესაძლებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეძენილი სმენის დაკარგვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ეს მოხდა მეტყველების დაწყებამდე თუ დაწყების შემდეგ.
თუ პიროვნება სმენის დაქვეითებამდე ლაპარაკობდა, ის მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგებს, მაინც ილაპარაკებს, თუმცა, თანდათან ამ უნარს დაკარგავს, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები სასმენი აპარატის ან ოპერაციის სახით.