დიეტა

კარგი აღნაგობის გასაღები

კარგი აღნაგობის გასაღებიდიეტა, რომელსაც გთავაზობთ, ექვსდღიანია, მეშვიდე დღეს ისვენებთ, ანუ შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, ცოტაოდენი ნუგბარითაც ჩაიტკბარუნოთ პირი, ოღონდ, ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დიეტა სხვა „თანამოძმეებისგან“ გამოირჩევა მენიუს მრავალსახეობით და, შესაბამისად, არც მშიერი იქნებით და არც რომელიმე კერძის განსაკუთრებულ მონატრებას იგრძნობთ.

გთავაზობთ საუზმის, სადილისა და ვახშმის 6-6 ვარიანტს, დღეებზე განაწილება კი თქვენთვის მოგვინდია. კვება სამჯერადია და გაანაწილეთ შემდეგი საათობრივი გრაფიკით: საუზმე – 10 საათზე, სადილი – 14 საათზე, ვახშამი – 18 საათზე.

საუზმე: თითო ულუფის ენერგეტიკული ღირებულება – 325 კილოკალორია.

  1. ტოსტერი – შავი (ცეხვილი) პურის 2 თხელი ნაჭერი, 2 ნაჭერი ნაკლებმარილიანი ყველი ან 2 სადილის კოვზი უცხიმო ხაჭო (პიტნით ან სხვა მწვანილით შეზავებული), 1 ცალი ბანანი.
  2. ომლეტი – 1 კვერცხის გული და 2 კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1/3 ჩაის ჭიქა უცხიმო რძესთან ერთად, ჩააჭერით ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა და შეწვით ძალიან ცოტა ზეთში. შეატანეთ 2 თხელი ნაჭერი ცეხვილი შავი პური.
  3. მაგრად მოხარშეთ 1 ცალი კვერცხი და დაჭერით რგოლებად. დააფინეთ 2 ნაჭერ შავ პურზე და ზემოდან დაადეთ ყველის თითო თხელი ნაჭერი.
  4. მოხარშეთ 2 სადილის კოვზი ფეტვის ბურღული (იგივე – ღომის მარცვალი), შეურიეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი-ფრუქტოზა (ან ყავისფერი შაქარი), 2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი კურაგა (გარგარის ჩირი), 1 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი და 1 სადილის კოვზი გატარებული ან ძალიან წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.
  5. 1 ჩაის ჭიქა სიმინდის „ხრაშუნას“ („ხლოპია“) დაასხით 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე და დაუმატეთ ნებისმიერი ცოცხალი ხილი ან ჩირი.
  6. ჩაასხით ბლენდერში 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე, 1,5 ჩაის ჭიქა ნებისმიერი კენკრა (ზამთრისთვის შაქარში ცოცხლად შენახული) ან რომელიმე სეზონური ხილი, ბანანის 1/4, 50 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ათქვიფეთ.

სადილი: თითოეული ულუფის ენერგეტიკული ღირებულება – 475 კილოკალორია.

  1. 1 პატარა მათლაფა ნებისმიერი წვნიანი, უმჯობესია, ბოსტნეულის ან ცხიმმოხდილი ნახარშის, ცეხვილი შავი პურის 2 თხელი ნაჭერი, 1 ულუფა ბოსტნეულის სალათა.
  2. 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი მოასხით 150 გრამ თევზს, გააჩერეთ 20 წუთი და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში. შეატანეთ 2 ნაჭერი პური, 1 ულუფა ბოსტნეულის გარნირი.
  3. 250 გრამ ნაკლებცხიმიან თევზის ფილეს მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი, ზემოდან წვრილად დააჭერით მწვანე ხახვი. გაახვიეთ ფოთლებში და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში. გარნირად მოამზადეთ მოხარშული და მწვანილებით შეზავებული ლობიო, ბრინჯი ან ცოცხალი ბოსტნეულის სალათა.
  4. მოხარშეთ 200 გრამი მაკარონი „სპაგეტი“, დაამატეთ 100 გრამი მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი და მოასხით ტომატის სოუსი.
  5. 200 გრამი ქათმის ფილე მოამზადეთ „გრილზე“. გარნირად – 2 ცალ მოხარშულ კარტოფილს მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოასხით მაწონი.
  6. 300 გრამ დაჭრილ ბროკოლის ან ყვავილოვან კომბოსტოს მოაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: თითო ულუფის ენერგეტიკული ღირებულება – 410 კილოკალორია.

  1. აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის ჭიქა დაჭრილი ბროკოლი, 1 ჩაის ჭიქა მოხარშული ღანძილი და 1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი პომიდორი, მოასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ფორთოხლის წვენი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და 1-2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი მარილი და პილპილი.
  2. მოხარშეთ 200 გრამი ქათმის ფილე, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი, რგოლებად დაჭერით 1 ცალი პომიდორი, გარეცხეთ რამდენიმე ცალი სალათის ფოთოლი და ფენებად დააწყვეთ 2 ნაჭერ შავ პურზე.
  3. 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი (მჭლე) დაჭერით 2 თხელ ნაჭრად და დადეთ 2 ნაჭერ შავ პურზე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში, დააფინეთ 2 ნაჭერი უცხიმო ყველი და შედგით ჰაერღუმელში ყველის გადნობამდე.
  4. 2 ნაჭერ ცეხვილ შავ პურზე დადეთ 1 ცალი მრგვლად დაჭრილი პომიდორი, სალათის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი, თხელ რგოლებად დაჭრილი ნახევარი ცოცხალი კიტრი ან კიტრის მწნილი და ერთი ნაჭერი უმარილო ყველი. შეგიძლიათ, დააყოლოთ უშაქრო პიტნის ჩაი.
  5. მოხარშეთ 2 ცალი კვერცხი, დაჭერით წვრილად, მოაყარეთ, ასევე, წვრილად დაჭრილი 1 ცალი პომიდორი, მწვანე ხახვი და ყველანაირი მწვანილი, მსხვილად დაჭრილი მწვანე სალათის ფოთლები. შეაზავეთ ცოტაოდენი მარილით, პილპილით, ნახევარი ჩაის კოვზი ძმრისა და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით.
  6. 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი დაჭერით რგოლებად, დაუმატეთ 2 ცალი წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, 1 ცალი მსხვილად გახეხილი უმი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.