აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები გახდომის მსურველთათვის
ვინც რა უნდა თქვას, დიეტა ძალზე სერიოზული საქმეა და შიმშილობის ან საკვების შეზღუდვით მიღებულ სასურველ შედეგში, ლომის წილი ფსიქოლოგიურ განწყობაზე მოდის – ეს უკვე დადგენილია და ამაზე ნუ ვიკამათებთ.
ამიტომ, თუ გსურთ, დიეტამ ნაკლები დისკომფორტი და მეტი შედეგი მოგიტანოთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
1) მთავარია – სტიმული! რამეს რომ მიაღწიო, ძალიან უნდა მოინდომო. თუ ამ წინადადებაში სიტყვებს გადავაადგილებთ, შემდეგ ფრაზას მივიღებთ: თუ ძალიან მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ. ამიტომ, სანამ დიეტას დაიწყებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ ამისთვის სათანადოდ ხართ განწყობილი, ანუ, მზად ხართ, აჯობოთ საკუთარ მადას, სურვილებს, ცდუნებებს და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში, დიეტა არ წამოიწყოთ ვიღაცის წამხედურობით, იძულებით, ძალდატანებით ან ვინმეს დარწმუნების შედეგად. ყველა ამ სიტუაციაში, საუკეთესო შემთხვევაში, შედეგი გექნებათ მინიმალური, თანაც, ძალიან დაგეძაბებათ ნერვული სისტემა და ხასიათიც საგრძნობლად გაგიფუჭდებათ. ამიტომ, დიეტის დაწყებისას, რამდენჯერმე ხმამაღლა წარმოთქვით ფრაზა: „მე ეს ძალიან მჭირდება, რომ…“ – და თუ ბოლო სიტყვის წარმოთქმისას (ანუ რისთვის გჭირდებათ დიეტა) ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდათ, ესე იგი, დიეტისთვის ჯერ არ ხართ მზად;
2) შეეცადეთ, თქვენი დიეტა არ იყოს ძალიან ხანგრძლივი.
„მთელი წლის განმავლობაში 6 საათის შემდეგ, ჩემთვის ჭამა არ შეიძლება“, – ასეთმა დაპროგრამებამ, შესაძლოა, დაგაშინოთ და დაგაკომპლექსოთ. ვაითუ, 7 ან 8 საათზე დაგპატიჟეს დაბადების დღეზე, მაშინ რას იზამთ, მთელი საღამო იჯდებით და სხვებს დაუწყებთ თვალთვალს, როგორ ილუკმებიან? ასე რომ არ მოხდეს, თქვენი რეჟიმი დაგეგმეთ მხოლოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე ხანგრძლივობით – ასე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ;
3) გადაწყვიტეთ და მტკიცედ უთხარით ტორტს: „ხანდახან!“ არც ერთი პროფესიონალი დიეტოლოგი, თვით ყველაზე მკაცრი დიეტის (რა თქმა უნდა, გასახდომის) დანიშვნის დროსაც კი, არ უკრძალავს პაციენტს ამა თუ იმ არადიეტურ საკვებს და ნებას რთავს, ხანდახან და მცირე ულუფებით მიირთვას, ვთქვათ, ნახევარი ნაჭერი ტორტი ან რომელიმე სხვა კალორიული ნუგბარი. ასეთი საკვების მცირე რაოდენობით მიღება გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს ადამიანს, ვიდრე მათგან თავშეკავებისას მიღებული ტანჯვა. გახსოვდეთ, ზოგიერთი გასახდომი დიეტის „ჩაგდების“ მიზეზი სწორედ ეს აკრძალვა ხდება;
4) აუცილებლად გჯეროდეთ, რომ სასურველ შედეგს მიიღებთ. რწმენა – რწმენად, მაგრამ, ის რეალური უნდა იყოს, ანუ, არ უნდა დაირწმუნოთ თავი იმაში, რომ დიეტის შემდეგ სუპერმოდელი გახდებით. რა თქმა უნდა, თეორიულად გამორიცხული არაფერია, მაგრამ ძალიან ხშირად თეორიასა და პრაქტიკას, ანუ შესაძლოსა და რეალურს შორის წარმოუდგენლად დიდი ზღვარია. ამიტომ, უმჯობესი იქნება, საკუთარ თავს ჩავაგონოთ: „მართალია, პოდიუმზე ვერ გავივლი, მაგრამ თავს ნამდვილად უკეთ ვიგრძნობ, რადგან საკმაოდ მომხიბვლელი გავხდები“;
5) ახალ რაციონთან ერთად, თქვენი ცხოვრების წესში ჩართეთ სიახლე, რომელიც რაღაცით მაინც დაუკავშირდება თქვენს სულიერ განწყობას და ფიზიკურ მონაცემებს. მაგალითად, არ გიფიქრიათ, რომ ძალიან გაგიტაცებთ ფოტოგრაფია, მით უმეტეს, თუ მახლობელ ტყე-პარკში ველოსიპედით გაისეირნებთ?! თუ ეს ვარიანტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ, საკუთარი ფანტაზია აამუშაოთ. ეს სიახლეები თქვენში გამოიწვევს ახალ დადებით ემოციებს, შეზღუდავს გამუდმებულ უნებლიე ფიქრს დიეტაზე და თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო ჰარმონიულს გახდის;
6) შეისუნთქეთ სხვადასხვა სურნელი – სუნამოს, ხილის, ყვავილების, იმ საკვების, რომელიც უნდა მიირთვათ. საქმე ისაა, რომ ნაყროვანების (ძღომის) და ყნოსვის ცენტრები ტვინში, გვერდიგვერდ მდებარეობს და ერთმანეთზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. კერძოდ, ადამიანი, რომელიც რაიმე სურნელით იღებს სიამოვნებას, ნაკლებად გრძნობს შიმშილს და აღარ უჩნდება ზედმეტად დანაყრების სურვილი. გარდა ამისა, სასიამოვნო არომატების შესუნთქვა კარგ განწყობაზე დაყენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.