დიეტა

ზაფხულის დიეტა

ზაფხულის დიეტაგიყვართ ნაყინი, მაგრამ გასუქების გეშინიათ? სულ ტყუილად.

ევროპის წამყვანმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს ეფექტური განტვირთვის დიეტა, რომელიც ზაფხულის ყველაზე საყვარელ ნუგბარზე – ნაყინზეა დაფუძნებული.

იცით, რომელია ყველაზე ეფექტური საშუალება, დაიკლოთ თვეში 4-5 კილოგრამი?! კვირაში ერთხელ უნდა მოაწყოთ დიეტური უიქენდი, ანუ, ამ დღეს უნდა მიიღოთ მხოლოდ 1 200-1 500 კილოკალორია, დანარჩენ დღეებში კი, უბრალოდ, თავი უნდა შეიკავოთ ზედმეტად დანაყრებისგან.

გთავაზობთ „ტკბილი“ განტვირთვის დღის მენიუს ნიმუშს:

  • ტკბილი სასუსნავი მიირთვით ნებისმიერი თანმიმდევრობით, უბრალოდ, შუალედები კვებასა და კვებას შორის უნდა იყოს 1,5-2 საათი. ასეთი რეჟიმი აგაცილებთ შიმშილის გრძნობას. ყოველი კვება, შეგიძლიათ, შეავსოთ 1 ჩაის ჭიქა ოდნავ გაზიანი მინერალური წყლით.
  • 1 ჩაის ჭიქა იოგურტი მოათავსეთ საყინულეში 2-3 საათით, მერე ჭიქაშივე კოვზით კარგად ათქვიფეთ და მიირთვით. შეგიძლიათ, შეატანოთ 1 ნაჭერი კექსის ორცხობილა.
  • 100 გრამი ნაღების ნაყინი, 1 ცალი ცივი მსხალი, 1 ჩაის ჭიქა ჩაცივებული გრეიპფრუტის წვენი, 1 პატარა ნაჭერი შავი პური.
  • 100 გრამი ხილის ნაყინი, 2-4 კივისა და 1 დიდი ბანანის სალათა (ჩაცივებული), რომელსაც უნდა მოასხათ 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის ან 1 ცალი ლიმონის წვენი (ყველაფერი ცივი უნდა იყოს).
  • გაყინული ან ჩაცივებული ხილისა და კენკრის მიქსი, რომელსაც უნდა მოასხათ 1 ჩაის ჭიქა ცივი ატმის წვენი და მოაყაროთ 50 გრამი ცივი შავი ქლიავი.
  • 100 გრამი ნაღების ნაყინი, 3-4 ცალი გარგარი.
  • 150 გრამი ასორტი: მარწყვის, ჟოლოს, ალუბლისა და მოცხარის ნარევს (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ სხვა კენკროვანით) დაუმატეთ 50 გრამი კურაგა (გარგარის ჩირი). ან გარგარის წვენი (ყველაფერი უნდა იყოს ჩაცივებული).
  • 1 ჭიქა გაყინული, ხილიანი იოგურტი, 1 ცალი ორცხობილას ნაჭერი 1-2 ჩაის კოვზი ჯემით ან თაფლით, პიტნის ცივი ჩაი, 1 ცალი ვაშლი.

ცხადია, ეს დიეტა დაუშვებელია მათთვის, ვისაც დიაბეტი აწუხებს. გარდა ამისა, იოგურტი, შეგიძლიათ, თვითონვე დაამზადოთ, რაც გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება: 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2-3 სადილის კოვზი ნებისმიერი კენკრა ან ხილი (კურკაგამოცლილი) ათქვიფეთ ბლენდერში ან მიქსერით და შეინახეთ საყინულეში.