ჯანჯაფილი (კოჭა) კულინარიასა და მედიცინაში
ჯანჯაფილი რამდენიმე სახელით არის ცნობილი: კოჭა, ჯინჯერი, იმბირი. ის ერთ-ერთი უძველესი საკაზმია, გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში. ჯანჯაფილს საკვებში იყენებენ ნედლად გახეხილს, ხოლო ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმში – ხმელს, ფხვნილის სახით, ასევე იყენებენ ჩაის დასაყენებლად.
ჯანჯაფილი მდიდარია მაგნიუმის, კალციუმისა და ფოსფორის მარილებით, С, В1, В2 და А ვიტამინებით. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შეიცავს რკინას, თუთიას, კალიუმსა და ნატრიუმს.
მედიცინაში ჯანჯაფილი გამოიყენება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს მადას, ასევე სისხლის მიმოქცევას.
- ჯანჯაფილი გამოიყენება ტკივილისა და ანთებითი პროცესების შესამცირებლად, გაციების, ხველის, გრიპის, ასთმის დროს.
- ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მას იყენებენ კრუნჩხვების, გულისრევისა და პირღებინების, ”ზღვის ავადმყოფობის ” დროს, ასევე ნაწლავების ატონიისა და ანთების დროს, ქალებში შეუძლია შეამციროს მენსტრუაციის თანმხლები სპაზმები და გულისრევა.
- ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ეწინააღმდეგება ინფარქტის განვითარებას. შეიძლება გამოყენებული იქნას ტემპერატურის დაქვეითების მიზნით, ასევე შაკიკის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
- ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც პოტეციის ასამაღლებელი საშუალება.
- ჯანჯაფილის საშუალებით შეიძლება ვებრძოლოთ დაღლილობის, მოთენთილობის, აპათიის სიმპტომებს, რაც ასე აქტუალურია დღეისათვის. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
- ადგილობრივად შეიძლება გამოყენებული იქნას კუნთების, სახსრების ტკივილისა და შეშუპების, ასევე იოგების დაჭიმულობის დროს.
- ჯანჯაფილი ეფექტურია ორსულობის დროს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას და პირღებინებას ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ორსულთა ჰიპერემეზისი. ამასთან ის უარყოფითად არ მოქმედებს ნაყოფზე. მაგ. გულისრევისაგან დაგიცავთ ჯანჯაფილის ჩაი (2,5-5 სმ სიგრძის ან დაახლოებით 60-90 გრ ნედლი ჯანჯაფილის ფესვი და 250გრ წყალი).
ჯანჯაფილის მიღება ექიმთან უნდა შეათანხმონ ორსულებმა, დიაბეტის, ნაღვლის ბუშტში ქვების მქონე ადამიანებმა. ჯანჯაფილის მიღება არაა რეკომენდებული ასპირინთან და სხვა სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან კომბინაციაში.