ლიმონი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
ლიმონს ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია.
ის C ვიტამინის ერთ-ერთი საბადოა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, თანაც ადვილად ხელმისაწვდომია.
სახალხო მკურნალებისთვის შეუცვლელი იყო იარებისა და ფილტვების დაავადებების, სხვადასხვა შხამით მოწამვლის დროს. უძველესი დროიდან ლიმონით მკურნალობდნენ სურავანდს, დიფტერიას, სიყვითლესა და შეშუპებას.
დღეისთვის ლიმონი ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია, მით უმეტეს, გაციების დროს. მოყვარული მებაღეები ლიმონს სახლში ახარებენ. ამტკიცებენ, რომ ციტრუსების ეს წარმომადგენელი სახლში განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის და ოჯახის წევრები
პრაქტიკულად არ ავადობენ გრიპითა და სხვა, გაციებით გამოწვეული დაავადებებით.
ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციისადმი. მისი წვენი შეიცავს A, B, D, PP ვიტამინებს, შაქარს, ლიმონის მჟავას. რბილობში და ცედრაში აღმოჩენილია პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმის, სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
ლიმონის წვენს ნიშნავენ ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარის და კენჭოვანი დაავადებების დროს.
გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთებების, ანგინის დროს ყელში გამოსავლებად. ლიმონის წვენის წყალხსნარით კურნავენ ქრონიკულ ბუასილს. ქლორთან ნარევს კი იყენებენ განგრენის სამკურნალოდ.
ჰონორეის შემთხვევაში მიმართავენ ლიმონის წვენისა და სტრეპტოციდის ნარევს ვაქცინის სახით. გარეგანი მოხმარებისთვის ლიმონის წვენი ინიშნება კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის აღმოსაფხვრელად. ის შედის მრავალი მალამოსა და ლოსიონის შემადგენლობაში, რომელთაც სახის კანის მოსავლელად, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად იყენებენ.
ლიმონი ფართოდ მოიხმარება დიეტოთერაპიაში. მისგან ამზადებენ წვენს, უალკოჰოლო სასმელებსა და მრავალგვარ საკმაზს დიეტური კერძებისთვის. შაქართან ერთად მოხარშული ლიმონის კანი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.