დამნაშავე სისხლძარღვები
რეინოს დაავადების დროს ხელის მტევნებისა და ფეხების (იშვიათად ცხვირის, ყურების, ენის) წვრილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს მათ გაცივებას, ტკივილს, კანი ლურჯდება ან თეთრდება, კარგავს მგრძნობელობას.
რეინოს მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ზოგიერთი ფაქტორი (ვიბრაცია, გადაცივება, სტრესები, ჰორმონული დარღვევები ან გაყინულ პროდუქტთან, საგნებთან შეხება). ჩვეულებრივ ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას და იწყებს ინსტინქტურად ხელების სრესას, 2-3 წუთის შემდეგ, როგორც კი სისხლძარღვებში სისხლი ნორმალურად იწყებს მოძრაობას, ხელის თითები იბრუნებს ჩვეულებრივ ფერს, ტკივილი ქრება. მაგრამ ზოგჯერ დროთა განმავლობაში შეტევები უმიზეზოდ იწყება.
დაავადება რომ არ განმეორდეს, ექიმები გვირჩევენ:
გაკაჟდით, გაიკაჟეთ ხელები და ფეხები კონტრასტული შხაპით, პერიოდულად ენერგიულად გაუსვით ხელისგულები ერთმანეთს. ისუნთქეთ ღრმად და ნელა, დაიცავით თავი სტრესებისგან, არ აღელდეთ, რადგან ამ დროს, ისე როგორც სიცივისას, ხელ-ფეხიდან სისხლი სწრაფად მიედინება ტვინისა და შინაგანი ორგანოებისკენ. მიირთვით ცხელი საჭმელი, რაც სხეულის ტემპერატურას მაღლა სწევს, რაციონში გაითვალისწინეთ რკინის შემცველი პროდუქტი (ხორცი, ოსპი, წიწიბურა, ოხრახუში და ა.შ.), მიიღეთ ბევრი სითხე (ბალახეულის ჩაი, ასკილის ნახარში), ყავაზე კი თავი შეიკავეთ – ის სისხლძარღვებს ავიწროებს.
თანამედროვე მედიცინა ამ დაავადებას მკურნალობს როგორც მედიკამენტებით, ფიტოთერაპიით, ასევე ახალი თანამედროვე მეთოდებით, რომელთა დახმარებითაც დაავადება მარცხდება.