იმუნიტეტის გასაძლიერებელი დიეტა
ძნელია, ზამთრის განმავლობაში ერთხელ მაინც არ „აიკიდო“ ვირუსი, ან უკიდურეს შემთხვევაში, არ გაცივდე. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
თუ გსურთ, მთელი ზამთარი სურდოს, გრიპისა და მაღალი სიცხის გარეშე გაატაროთ, მიირთვით იმუნიტეტის გასაძლიერებელი ის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენ შემოგთავაზებთ.
ამით ორ კურდღელს დაიჭერთ: ორგანიზმსაც გაიძლიერებთ და წონაშიც დაიკლებთ.
სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა შეიქმნა დაახლოებით 3 000 წლის წინათ. ამ სისტემის თანახმად, ზამთრის სეზონზე მიზანშეწონილია, მივირთვათ საქონლისა და ფრინველის ხორცი, ღვიძლი, ხანდახან – სალა და ბეკონიც კი. ასევე, პარკოსანი მცენარეები, კომბოსტო, წიწიბურა, შვრია, კარტოფილი და რძის ნაწარმი. ყველა ამ პროდუქტს „მარილიანს“ უწოდებენ და ყოველი მათგანი განსაკუთრებით ზამთარშია სასარგებლო, რადგან, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, ორგანიზმს დიდი ენერგიით ამარაგებს და იმუნიტეტს უძლიერებს. ამ ყველაფერს ციტრუსებსაც თუ დაუმატებთ, შედეგი მართლაც საუცხოო გექნებათ.
აღმოსავლელი დიეტოლოგები კატეგორიულად გვაფრთხილებენ, რომ ზამთრის პერიოდში მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ტკბილეულისგან.
რაც შეეხება რეჟიმს და მენიუს, ის თავად უნდა შეადგინოთ: ოთხჯერადი კვება და თითოეულ ჯერზე ორი-სამი სახეობის პროდუქტი (მონაცვლეობით), რომელთა ჯამი 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს (ხილის ჩათვლით), პლუს 1 ნაჭერი ჭვავის პური.
გაგათბობთ თაფლი და წიწაკა
უძველესი „გამათბობელი“ რეცეპტი:
დილის საუზმის შემდეგ, 1 ჩაის კოვზ თაფლს მოაყარეთ 1 მწიკვი შავი პილპილი და მიირთვით. გადაყლაპვისთანავე დააყოლეთ მეორე ჩაის კოვზი თაფლი (პილპილის გარეშე) და ყინვიან ამინდშიც კი აღარ შეგცივდებათ. ამ „დუეტს“ ორგანიზმის დეზინფექციის უნარიც აქვს და შიმშილის გრძნობასაც თრგუნავს.
განწყობა და გარეგნობა
თქვენი განწყობა და გარეგნული იერი დამოკიდებულია იმაზე, რით იკვებებით.
თუ ყოველ დილით შვრიის („ჰერკულესის“) ფაფას (2 სადილის კოვზ ბურღულს დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ ერთი თითის დადებაზე დაიფაროს. გააჩერეთ 15 წუთი და ჩაახეხეთ 1 ცალი ვაშლი, ბანანი ან ნებისმიერი ხილი, უშაქროდ) მიირთმევთ, ბევრი პრობლემა მოგიწესრიგდებათ: დაგიქვეითდებათ მადა, მაქსიმალურად მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას და, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ელასტიკურსა და ხავერდოვანს ხდის სახის კანს, რადგან შვრია უამრავ სხვა ვიტამინთან ერთად შეიცავს ვიტამინ H-სა (ბიმოტინს) და ამინომჟავებს, რაც პასუხს აგებს არა მარტო კანის, არამედ თმის ხარისხსა და სილამაზეზე.
ვირუსების „მტერი“ პროდუქტები
ნებისმიერი სურდოს, მით უფრო – ვირუსული გრიპის დროს, პრაქტიკულად, შეუძლებელია ნებისმიერი დიეტის დაცვა. ამიტომ უდროო დროს ავად გახდომის შემთხვევაში, შეიძლება მთლიანად წყალში ჩაგვეყაროს დღეების, კვირებისა და შესაძლოა, თვეების განმავლობაში შიმშილობა. ამიტომ, ეს რომ არ დაგვემართოს, დავუმეგობრდეთ ვირუსების „მტერ“ პროდუქტებს: თევზს, სოიას, ყველს, ინდაურის ხორცს, კომბოსტოს, მაყვალს, ჟოლოს, ასკილს, ციტრუსებს (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი). მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით C ვიტამინთან ერთად, შედის ნივთიერება ცისტეინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ლორწოვან გარსს ხდის ვირუსებისთვის მიუვალ, შეუღწევად „ციხესიმაგრედ“.
დანარჩენი პროდუქტებისგან განსხვავებით, გრეიპფრუტი ერთი უნიკალური თვისებითაც ხასიათდება: გარდა იმისა, რომ ის ანტიკანცეროგენული პროდუქტია, საშინლად „ვერ იტანს“ ცელულიტებს და თავდაუზოგავად ებრძვის მათ.