დიეტა

დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დაბალკალორიული დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს ახლახან მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ პრიმატებს, რომლებსაც ჩვეულებრივ დიეტაზე მყოფებთან შედარებით უფრო დაბალკალორიულ საკვებს აძლევდნენ, გულის დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების ნაკლები რისკი ჰქონდათ.

გამოკვლევა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში ჩატარდა. ექსპერიმენტის დაწყებიდან 20 წლის შემდეგ, დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი მაიმუნების 80%, ხოლო თავისუფალ კვებაზე მყოფი მაიმუნების მხოლოდ 50% იყო ცოცხალი. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ შეზღუდული დიეტის პირობებში მაიმუნებს გულის დაავადებებისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი უნახევრდებოდათ, დიაბეტის შემთხვევა კი საერთოდ არ დაფიქსირებულა (თავისუფალ კვებაზე მყოფ მაიმუნებს შორის ეს დაავადება ძალზე გავრცელებულია).

“ჩვენმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ კალორიების შეზღუდვა პრიმატებში ასაკობრივ ცვლილებებს და მათთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას ანელებს”, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა.

მეცნიერთა თქმით, კალორიების შეზღუდვა დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციებზეც, კერძოდ: მოტორულ კონტროლზე, მეხსიერებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელ უბნებზე.