დიეტა

დიეტა ცისტიტის დროს

დიეტა ცისტიტის დროსდელიკატურ დაავადებას ყველაზე ხშირად ინფექციები და გადაცივება იწვევს. გართულება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა ცისტიტის დროულად გამოვლენა და მკურნალობის დაწყება. ქალები ცისტიტით 25-ჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზი ქალებში შარდ-სასქესო სისტემის თავისებურებაა. ცისტიტი შარდის ბუშტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს.

მიზეზები

დაავადების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ ბევრია. მათ მიეკუთვნება: ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი), შარდის ბუშტის დაცლის მოშლა, მისი ლორწოვანი გარსის ქიმიური ნივთიერებებით გაღიზიანება, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა, მშობიარობა, გადაცივება, ყაბზობა, ცხარე და მჟავე საკვები. გარდა ამისა, ცისტიტის აღმოცენების რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს: მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევა მცირე მენჯში, მეტად მოჭერილი საცვლების ტარება, რომელიც სასქესო ორგანოების ტრავმას იწვევს და ინფექციების შეჭრას ხელს უწყობს, დაქვეითებული იმუნიტეტი, თირკმლების დაავადება, კარიესი, ჰაიმორიტი, პირადი ჰიგიენის დაუცველობა.

სიმპტომები

ცისტიტის სიმპტომები თანდათან ვლინდება – მუცლის ქვევით და ურეთრაში (შარდის გამომყოფი მილი) წვისა და ქავილის შეგრძნება ჩნდება. მოშარდვის ხშირი სურვილი დისკომფორტს იწვევს. გამოყოფილი შარდის რაოდენობა ყოველ ჯერზე მცირდება, ხოლო ტუალეტში წარამარა სიარულის ავადმყოფური სურვილი მაინც არ ქრება.

სასწრაფოდ უროლოგთან!

მწვავე ცისტიტის უმეტეს შემთხვევებში სხეულის ტემპერატურა ნორმალური რჩება, იშვიათად 37,2 და 37,3 გრადუსს აღწევს, მაგრამ თუ მყარად მომატებულია, ეს ზედა საშარდე გზებში ინფექციის გავრცელებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში თვითმკურნალობა არ ღირს, აუცილებლად ექიმ–უროლოგს უნდა მიმართოთ. სათანადო გამოკვლევების შემდეგ ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით, ანტიბაქტერიულ მკურნალობას დაგინიშნავთ.

მკურნალობა

მწვავე ცისტიტის წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სითბო, დიეტა. შარდმდენი პრეპარატების დალევა არ ღირს, ვინაიდან ისინი ანტიბაქტერიული წამლების კონცენტრაციას ანეიტრალებენ. როგორც წესი, მკურნალობა 5–10 დღე გრძელდება. დაავადების შებრუნებისგან საუკეთესო დაცვა შარდის ბუშტიდან ბაქტერიების გამორეცხვაა. ამისთვის საჭიროა დღეში 6–8 ჭიქა წყლის დალევა, ცხარე სანელებლებზე, კონსერვანტებსა და მარინადებზე მთლიანად უარის თქმა. დალიეთ რძიანი ჩაი, არ ჭამოთ ხურტკმელი, ქლიავი, პომიდორი.

მწვავე ანთების ჩაცხრობის შემდეგ აუცილებელია ფიტოთერაპიის კურსი – მკურნალობა ბალახების ნახარშით. მიკრობებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ სამკურნალო ნაკრებს – დათვის კენკრას, მრავალძარღვას, ღვიას, შვიტას, გვირილას. 1 სუფრის კოვზი ნარევი თერმოსში ჩაუშვით და 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. 1/3 ჭიქა დღეში 3–ჯერ ჭამის შემდეგ მიიღეთ. ძალიან სასარგებლოა შტოშის წვენი. ის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს უხვად შეიცავს.

ინფექციების შეჭრა რომ გამოირიცხოს, ჰიგიენა გულმოდგინედ დაიცავით და ბამბის საცვლები ატარეთ.