ბერძნული დიეტა
ბერძნული დიეტა გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, დაგიცავთ დაავადებების გამწვავებისგან და თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით აავსებს. შედეგს იგრძნობთ 5 დღის შემდეგ.
პირველი დღე
პირველი საუზმე: 2 სადილის კოვზ „ჰერკულესს“ დაასხით 1 ჩაის ჭიქა კეფირი. ნახევარი საათის შემდეგ, შეგიძლიათ, მიირთვათ. დააყოლეთ 1 საშუალო ზომის გახეხილი სტაფილო, არეული თითო ჩაის კოვზ იოგურტსა და თაფლში.
მეორე საუზმე: 1 ცალი დიდი მსხალი.
სადილი: მოამზადეთ სალათა: დაჭერით 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, რამდენიმე ცალი ზეთისხილი, 2 ცალი საშუალო ზომის გამომცხვარი კარტოფილი „მუნდირში“ და მოასხით ცოტაოდენი ზეთი.
სამხარი: ერთი ცალი დიდი ზომის ბულგარული წიწაკა.
ვახშამი: წვრილად დაჭერით 100 გრამი უმი კომბოსტო და 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი. გახეხეთ 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, შეურიეთ და მოასხით 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მეორე დღე
პირველი საუზმე: 1 ცალი მომცრო ზომის მოხარშული ჭარხალი დაჭერით წვრილად. მასში აურიეთ დაჭრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, შავი ქლიავი (შეიძლება ჩირიც) და მოაყარეთ ცოტაოდენი გატარებული ნიგოზი. შეატანეთ ერთი პატარა ნაჭერი შავი (ჭვავის) პური.
მეორე საუზმე: 1 მოზრდილი ვაშლი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.
სადილი: 2 ცალი საშუალო ზომის კიტრის სალათა მწვანილით და ხახვით, ერთი ნაჭერი შავი პური; 1 ჩაის ჭიქა მაწონი.
სამხარი: 2 ცალი საშუალო ზომის უმი სტაფილო.
ვახშამი: შავი ყურძნის 10 ცალი მარცვალი.
მესამე დღე
პირველი საუზმე: 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი.
დაჭერით 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი მსხალი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა. ჩაამატეთ 10 მარცვალი შავი ყურძენი და მოასხით 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მეორე საუზმე: ნიგვზის 4 ლებანი და 5 ცალი შავი ქლიავი (ან ჩირი).
სადილი: 2 ცალი ფარშირებული ბულგარული წიწაკა და დაცეხვილი ხორბლის ერთი ნაჭერი პური.
ფარში მოამზადეთ შემდეგნაირად: ძალიან ცოტა ზეთში მოშუშეთ 1 ცალი გახეხილი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 მომცრო ზომის გათლილი ბადრიჯანი და შეურიეთ 1 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი.
სამხარი: 2 ცალი პომიდორი.
ვახშამი: ჰაერღუმელში გამომცხვარ გოგრის ერთ ნაჭერს მოაყარეთ ცოტაოდენი ნიგოზი და მოასხით 1 ჩაის კოვზი თაფლი.
მეოთხე დღე
პირველი საუზმე: დაჭერით უმი ზღვის კომბოსტო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, მწვანილი, დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და მოასხით მცენარეული ზეთი.
მეორე საუზმე: 1 ცალი დიდი მსხალი.
სადილი: 1 ცალი ჩაშუშული, გათლილი ბადრიჯანი; წიწიბურა.
სამხარი: 2 ცალი ბანანი.
ვახშამი: ფოლგის ქაღალდში გახვეული 1 ცალი გამომცხვარი ბადრიჯანი, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი გახეხილი სტაფილო. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მოასხით 1 ჩაის კოვზი არაჟანი.
მეხუთე დღე
პირველი საუზმე: სალათისთვის დაჭერით 200 გრამი ჩინური (ან ზღვის) კომბოსტო, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, დაუმატეთ რამდენიმე ცალი ზეთისხილის მარცვალი და მოასხით 1 ჩაის კოვზი ზეთი.
მეორე საუზმე: შავი ქლიავისა და ვაშლის ჩირის უშაქრო კომპოტი (1 ჩაის ჭიქა), 150 გრამი უცხიმო ხაჭო.
სადილი: 200 გრამი მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 კიტრისა და 1 პომიდვრის სალათა მწვანილითა და მწვანე ხახვით.
სამხარი: 1 ცალი ვაშლისა და 1 ცალი მსხლის სალათა.
ვახშამი: 1 ჭიქა მაწონი და 1 ნაჭერი ორცხობილა.