B ჰეპატიტი
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებითი დაავადებაა. ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B, C ჰეპატიტები.
B ჰეპატიტი მსოფლიოში კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისუმნიშვნელოვანეს პრობლემად.
ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში B ჰეპატიტის ვირუსით 350 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მას ახასიათებს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული მიმდინარეობა.
B ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
- ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტით (გადაცემის ძირითადი გზა) – სისხლის გადასხმით, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს საზიარო საინექციო ინსტრუმენტების გამოყენებით, სტომატოლოგიური, ქირურგიული მანიპულაციების დროს;
- დაუცველი სქესობრივი კავშირით;
- ვერტიკალურად (დედიდან შვილზე).
აღსანიშნავია, რომ B ჰეპატიტი 100-ჯერ უფრო გადამდებია ვიდრე შიდსი. B ჰეპატიტი შემთხვევათა 85-90%-ში სრული განკურნებით მთავრდება და მხოლოდ 10-15%-ში იძენს ქრონიკულ მიმდინარეობას.ჰეპატიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ასაკში.
ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ:
- ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს;
- შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირებს;
- სისხლის რეციპიენტებს − პაციენტები, რომელთაც უტარდებათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
- პირები, რომელთაც უტარდებათ მანიპულაცია არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით (მაგ.: სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური და ა.შ.);
- პირები, რომლებიც იკეთებენ ტატუირებას ან პირსინგს არასტერილური ინსტრუმენტებით;
- ახალშობილები, რომელთა დედებიც ინფიცირებულნი არიან;
- სამედიცინო პერსონალი.
B ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
- სიყვითლე;
- სახსრების ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- უმადობა;
- სხეულის ტემპერატ. მომატება;
- ფაღარათი;
- შარდის გამუქება;
- გულისრევა, ღებინება;
- განავლის გაუფერულება;
- მუცლის ტკივილი.
აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით გამოვლინდეს ან შეიძლება დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს. ჰეპატიტებს ახასიათებთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკული (გახანგრძლივებული) მიმდინარეობა.
არსებობს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში B ჰეპატიტის პროფილაქტიკის სრულ გარანტიას იძლევა.
B ჰეპატიტის დროს აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია, რათა მოხდეს სასწრაფოდ მკურნალობის ჩატარება და ამევე დროს დაიცვათ სხვები ინფიცირებისაგან.