სოკოვანი დაავადება – ზღვიდან გამოყოლილი “მეგობარი”
ხშირად, სოკოვანი დაავადება ზღვიდან გამოყოლილი “მეგობარია”, ანუ ხდება ხოლმე, რომ ცეცხლოვან პლაჟზე გატარებული ორიოდე კვირა არა და არ ეძლევა დავიწყებას… თუ არ იმკურნალე, ასეთ მოგონებად, ოღონდ უსიამოვნო მოგონებად, რჩება სოკოვანი ინფექციაც.
თუ ექიმმა ზღვიდან დაბრუნებულს მიკოზის დიაგნოზი დაგისვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მზის გულზე ნებივრობას უშედეგოდ არ ჩაუვლია.
ათიდან ცხრა შემთხვევაში მიკოზის განვითარებაში სოკო ტრიქოფიტიაა დამნაშავე. ტერფებს ეპიდერმოფიტიაც ემტერება, თუმცა უფრო ნაკლებად, ამიტომ მოდი, ამჯერად მხოლოდ ტრიქოფიტიურ აგრესიაზე ვისაუბროთ.
ნეტავ სად შევხვდები?..
ყოველ ნაბიჯზე ნამდვილად არა. ტრიქოფიტია თავს ყველაზე უკეთ ცხელ და ნესტიან გარემოში გრძნობს, ამიტომ უმეტესად პლაჟებზე, საშხაპეებში, საუნებსა და აუზებშია ჩასაფრებული. ამერიკელები ტერფის მიკოზს “ტანმოვარჯიშის ტერფს” უწოდებენ. როგორც ჩანს, სპორტის სწორედ ამ სახეობის მიმდევრები არიან შემჩნეულნი ამგვარ ნესტიან ადგილებში.
მიძინებული პროცესი (მთვლემარე მიკოზი) სიცხეში აქტიურდება და დაავადებაც მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოაჩენს თავს.
ტერფის მიკოზი ყველაზე ხშირად მათ ემართებათ, ვისაც:
- ფეხშიშველა სიარული უყვარს ან, პირიქით, მეტისმეტად მჭიდრო ფეხსაცმელს ატარებს (განსაკუთრებით – რეზინისას);
- ტერფებზე კანი დაზიანებული (დახეთქილი, გაკაწრული) აქვს;
- ჭარბი ოფლიანობა ან, პირიქით, კანის სიმშრალე აწუხებს;
- აქვს ბრტყელი ტერფი ან რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, დიაბეტი) სჭირს.
თქვენ წარმოიდგინეთ, სტატისტიკის თანახმად, ტერფის მიკოზი უფრო ხშირად მამაკაცებს უჩნდებათ.
რაზე შემატყვე?!
ტერფის მიკოზი ყველაზე ადრე ტერფის თაღსა და თითებს (განსაკუთრებით კი რატომღაც IV-სა და V-ს) შორის იკიდებს ფეხს. ადამიანს თავდაპირველად ქავილი აწუხებს, 2-3 დღის შემდეგ ჩნდება ნახეთქი, საიდანაც სეროზული (გამჭვირვალე) სითხე იწყებს ჟონვას, მოგვიანებით კი ბუშტუკები, რომლებიც მალევე შრება და ქერქით იფარება.
თუ დაზიანებულ ტერფს დროზე არ მივხედეთ, პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება:
- კანი ბაქტერიებით დაინფიცირდება
- წარმოიქმნება შეშუპება, სიწითლე, ჩირქოვანი ბუშტუკები
- აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, შესაძლოა, სიცხემაც მოიმატოს
სოკო აზიანებს ფრჩხილსაც – უცვლის ფერს, ფორმასა და სისქეს
დაზიანება ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან იწყება. ფირფიტის სიღრმეში წარმოიქმნება მონაცრისფრო-მოთეთრო ლაქები და ზოლები. თანდათან სოკო მთელ ფრჩხილს მოედება. ფირფიტა სქელდება, უსწორმასწორო, ხორკლიანი, ფხვიერი და მტვრევადი ხდება.
მიკოზს ერთი უცნაურობაც ახასიათებს: სოკო და მისი ტოქსინები ალერგიულ რეაქციას იწვევს, რის გამოც კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი ჩნდება. ყველაზე ხშირად აყრით ზედა და ქვედა კიდურებზე (უფრო – მტევნებზე) და სახეზე.
ისიც შესაძლოა, თითებს შორის არსებული არეებიდან სოკოვანი გამონაყარი სხვაგანაც გავრცელდეს და სოკომ სხეულის ნებისმიერ ადგილას ამოყოს თავი.
საიდან სადაო
სოკო არ დაფრინავს, თუმცა შეხებისას იოლად გადადის ერთი ზედაპირიდან მეორეზე. ასე რომ, ეს ვერაგი მიკროორგანიზმი შესაძლოა გადმოგვედოს:
- ინფიცირებული ადამიანისგან, თუ მის კანს შევეხეთ. სიფრთხილის გამოჩენა კი ადვილი არ არის – ხშირად კანის სოკოვანი ინფექცია უმნიშვნელო სიმპტომებით ან სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
- სოკოაკრული საგნებიდან, თეთრეული იქნება ეს, ხალიჩა, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი. ტრიქოფიტიის გადამტანად ფაქტობრივად ნებისმიერი ნივთი შეიძლება იქცეს. თქვენ წარმოიდგინეთ, შინაურმა ცხოველებმაც კი შეიძლება სოკო მოგიტანოთ.
როგორ დავაფრთხოთ სოკო:
- ბანაობის შემდეგ გულდასმით გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით – თითებს შუა არსებული არეები.
- ერიდეთ სახიფათო ადგილებში ფეხშიშველა სიარულს.
- ნუ ისარგებლებთ სხვისი პირსახოცით, ტანსაცმელითა და ფეხსაცმლით.
- თუ დღის განმავლობაში ფეხსაცმელი მეტისმეტად გიტენიანდებათ, აივანზე გააშრეთ და ისე ჩაიცვით.
- უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ წინდებსა და გეტრებს. სასურველია, ისინი თეთრი იყოს, რადგან საღებავი ისედაც დაზიანებულ კანს კიდევ უფრო აღიზიანებს.
- თუ წინდები ან გეტრები ძლიერ გიტენიანდებათ, ხშირად (დღეში 2-ჯერ მაინც) იცვალეთ.
- ატარეთ ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ვენტილირდება. ხელოვნური მასალის, განსაკუთრებით კი რეზინის ფეხსაცმელი შეგიძლიათ თაროზე შემოდოთ.
თუ ტერფის მიკოზი უკვე გაქვთ:
- აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სოკოვანი დაავადება თავისთავად არაფრისდიდებით არ გაივლის.
- შეიძინეთ ახალი მსუბუქი და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი, ძველები კი საგანგებოდ დაამუშავეთ: ჩადეთ შიგნით 10%-იან ფორმალინში ან ძმარში დასველებული ღრუბელი, შემდეგ ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ და სამი დღით აივანზე დადეთ, ამ ხნის შემდეგ ცელოფნიდან ამოიღეთ და გასანიავებლად რამდენიმე დღით აივანზევე დატოვეთ.
- მტკივან ტერფებს აშუშებს კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარის (1:6000, 1:10000) თბილი აბაზანა.
რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამჟამად უამრავი ანტიმიკოზური საშუალება არსებობს: კრემები, მალამოები, საცხები, ნაყენები, ტაბლეტები… მაგალითად, ეფცენ-150, რომელიც ძალზე ეფექტურია სხვადასხვა სახის სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ. ის უსაფრთხოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა და ასაკოვანთათვის. მარტივია მისი დოზირებაც. ეფცენ-150 სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვისაც გამოგადგებათ.