ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენური სისტემის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.
ის ქრონიკული ვენური უკმარისობის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც ვენები გაგანიერებულია და კიდურის ზოგიერთ მონაკვეთში კვანძების სახით ვლინდება. იგი მოსახლეობის 17-25%-ს მოიცავს, უმეტესად ქალებს უვითარდებათ.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშემწყობ ფაქტორებს:
- მემკვიდრული მიდრეკილება;
- ორსულობა, განსაკუთრებით დაავადება მეორე და შემდგომ ორსულობას მოსდევს. ამ დროს გადიდებული საშვილოსნო მენჯის ღრუს ვენურ სისტემას აწვება, ზეწოლა ვენებში სისხლის შეგუბებას იწვევს, რასაც ვენების გაგანიერებამდე მივყავართ;
- ჭარბი წონა;
- ცხოვრების წესი, კერძოდ, არასასურველია ხანგრძლივად სიმძიმეების აწევა, დიდხანს დგომა ან ჯდომა.
- არასრულფასოვანი კვება;
- ჰორმონალური დისბალანსი. ზოგჯერ ეს დისბალანსი დაკავშირებულია ჰორმონული კონტრაცეპტივების ხმარებასთან. დადგენილია, რომ ესტროგენი, პროგესტერონე და მათი წარმოებულები იწვევენ ვენის კედლის ტონუსის შემცირებას და მისი ბოჭკოების თანდათანობით დაშლას.
ვენების ვარიკოზი ძირითადად ზერელე ვენებში ვითარდება. დაავადების დასაწყისში შესაძლოა ადამიანს არაფერი აწუხებდეს და მხოლოდ მოგვიანებით გამოიხატოს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები:
- ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
- ფეხების დაღლა;
- მცირე შეშუპება, რომელიც ძირითადად ფეხზე დიდხანს დგომის დროს ვლინდება. შეშუპება მცირდება ან სრულიად ქრება სიარულისას ან წამოწოლისას და ფეხების ზევით აწევისას.
- ფეხების ტკივილი;
- ღამით ფეხის კუნთების კრუნჩხვა;
- ჩხვლეტის შეგრძნება ფეხში;
- სიმხურვალის შეგრძნება.
წვივის და ბარძაყის არეში, ვენების გაყოლებაზე, სადაც მათი გაგანიერება მეტადაა გამოხატული, თანდათანობით წარმოიქმნება კვანძები, ხშირად ადამიანს ტკივილიც სწორედ ვენის გასწვრივ აქვს ხოლმე.
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასადგენად გამოიყენება:
- ვენების დათვალიერება, რადგან გაგანიერებული ვენები თვალითაც კარგად ჩანს;
- დოპლეროგრაფია, ფერადი ექოდუპლექსსკანირება;
- ფლებოგრაფია ანუ ვენური სისტემის რენტგენოკონტრასტული კვლევა;
- ფუნქციური სინჯები, რომლის საშუალებითაც დგინდება ვენური რეფლექსური უკუდინება და ღრმა ვენების გამტარობა.
მკურნალობა ინდივიდუალურია, ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ვენების ვარიკოზის დროს შესაძლოა განვითარდეს არასასურველი გართულებები, ამიტომ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.