გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი
სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი გარშემორტყმულია დიდ კავკასიონის მონუმენტური მთათა სისტემითა და მასივებით. გუდაური თბილისიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 120 კილომეტრში, 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ზამთრის სეზონი, დეკემბრის თვიდან, საშუალოდ, აპრილის თვის ბოლომდე გრძელდება. კურორტი ალპურ ზონაშია განთავსებული, შესაბამისად თავისუფალია ტყის მასივებისა და სქელკანიანი მცენარეებისაგან, რაც მოთხილამურეების დამატებით უსაფრთხოებას განაპირობებს.
პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1988 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას ხელი შეუწყო. აღნიშნულ ეტაპზე არსებული 18 საბაგირო, დამსვენებლებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან 16:30 საათამდე ემსახურება და საათში 11000 ვიზიტორი გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანიის “დოპელმაიერის” (Doppelmayr) საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.
გუდაურის ფერდობები ამოუწურავ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა კატეგორიის მოთხილამურეს: ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა სირთულის, 26 სასრიალო გზა, რომელთა საერთო სიგრძე 52 კილომეტრს შეადგენს. კურორტზე არსებული სათხილამურო ფერდები იდეალურად ითვლება თავისუფალი სტილით სრიალის (Freeride) მოყვარულთათვის, სადაც თოვლის საფარი საშუალოდ 1-2 მეტრს აღწევს. კურორტის ერთ-ერთ ძირითად უპირატესობაა Heliski. სამთო-სათხილამურო აქტივობის აღნიშნული სახეობა გუდაურში დაშვებულია, რაც კურორტის მიმართ საერთო ინტერესს საგრძნობლად ზრდის.
კურორტზე 2016 წლიდან მოთხილამურე პატრული უზრუნველყოფს დამსვენებლების უსაფრთხოებას, გამოცდილი მაშველები კი შესაბამისი აღჭურვილობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ოპერატიულად აღმოუჩენენ დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას. აღსანიშნავია, რომ გუდაურის განვითარების გეგმა მსოფლიოში წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კომპანია ეკოსაინმა მოამზადა.
©gudauri.ski/geo