დაავადებები, სისხლძარღვთა სისტემა

ვარიკოცელე

https://lh4.googleusercontent.com/-YAp3OjCrM6U/T05HqpRb4HI/AAAAAAAACRU/Thc6JH02IP4/s300/%25D0%25BB%25D0%25B5%25D1%2587%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25B5%2520%25D0%25B2%25D0%25BE%25D0%25B4%25D1%258F%25D0%25BD%25D0%25BA%25D0%25B8%2520%25D1%258F%25D0%25B8%25D1%2587%25D0%25BA%25D0%25B01.jpgვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა.

ამ პათოლოგიის დროს ირღვევა სათესლე ჯირკვლიდან სისხლის უკუდინება, რაც უარყოფითად მოქმედებს ჯირკვლის ფუნქციაზე და იწვევს მის ჰიპოტროფიას ანუ ზომაში შემცირებას. ასეთი ორგანო კი სპერმატოზოიდებს ჩვეული სიმძლავრით ვეღარ გამოიმუშავებს, რაც ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება.

არსებობს ვარიკოცელეს პირველადი და მეორადი ფორმები:

პირველადი ვარიკოცელეს განვითარება ხშირად ხდება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით საყურადღებოა “გარდატეხის” პერიოდი, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დროს სასქესო ორგანოებში ხდება სისხლის ჭარბი მიდინება, რაც სისხლძარღვებში წნევის მატებას იწვევს, შედეგად ფერხდება სისხლის უკუდინება და ყალიბდება ვენების გაგანიერება.

მეორადი ვარიკოცელეს განვითარება დაკავშირებულია ჯირკვლიდან გამოსულ ვენებზე სიმსივნური ზეწოლით და უპირატესად მოზრდილ მამაკაცებში გვხვდება.

უფრო ხშირია მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება, რაც მისი სისხლით მომარაგების თავისებურებითაა განპირობებული.

არსებობს ვარიკოცელეს რამოდენიმე ხარისხი:

  • პირველი ხარისხის ვარიკოცელე, რომლის დროსაც გაგანიერებული ვენები უმნიშვნელოდაა გამოხატული. იგი მხოლოდ ფეხზე დგომისას შეიმჩნევა;
  • მეორე ხარისხის ვარიკოცელე – ამ დროს აღინიშნება სათესლე ჯირკვლის კანზე ჭიებივით დაკლაკნილი ვენები, რომელიც მოლურჯო ფერისაა. გაგანიერებული ვენების გამო ჯირკვალს გადიდებული შესახედაობა აქვს, თუმცა ჯირკვალი ზომაში არ დიდდება.
  • მესამე ხარისხის ვარიკოცელე, რომლის დროსაც ვენები კიდევ უფრო გაგანიერებულია და მკვეთრადაა გამოხატული. შორს წასულ შემთხვევაში გაგანიერებული ვენები ჯირკვალს ჩამოეკიდება. მამაკაცი შეიგრძნობს სიმძიმეს , დისკომფორტს სიარულსა და სირბილის დროს. მესამე ხარისხის ვარიკოცელეს შემთხვევაში სათესლე ჯირკვალი ზომაში იკლებს, ქვეითდება მისი ფუნქცია და იზღუდება სპერმატოგენეზი ანუ სპერმატოზოიდების წარმოშობა. ასეთი ცვლილებები მეორე საღ ჯირკვალსაც მალევე გადაედება, ასეთ მამაკაცებს განაყოფიერება, ფაქტიურად, აღარ ძალუძთ.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ვარიკოცელე იყოფა შემდეგ ფორმებად:

  • კლინიკურად გამოვლენილი – როდესაც ვენების გაგანიერება აშკარაა და ვლინდება ექიმის ხელით გასინჯვისას;
  • სუბკლინიკური – როდესაც ვარიკოცელე მხოლოდ სპეციალური კვლევის საშუალებით ვლინდება. ეს ფორმა განსაკუთრებით საფრთხილოა, რადგანაც მისი აღმოჩენა ხშირად დაგვიანებულია, უკვე არასასურველი გართულებების არსებობის გამო.

ვარიკოცელეს დასადგენად გამოიყენება:

  • პაციენტის გამოკითხვა;
  • ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია (სისხლძარღვების გამოკვლევა);
  • ორქიდომეტრია (იზომება ჯირკვლის ზომა);
  • სპერმის გამოკვლევა.

პირველი ხარისხის ვარიკოცელეს მკურნალობა ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშეც შესაძლებელია – მამაკაცმა, ასევე ბიჭმა უნდა ატაროს მოჭერილი ტრუსი და აკრძალოს ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ამ დროს საჭიროა ექიმის მუდმივი კონტროლი, რათა პირველი ხარისხი არ გადავიდეს მეორეში.

მეორე და მესამე ხარისხის დროს კი მკურნალობა ოპერაციულია.