დაავადებები, ინფექციური დაავადებები

წითელა

წითელა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადვილად გადამდებია.

ის ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით, ცხელებით, გამონაყარით კანზე, სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანის ანთებით. წითელა ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

წითელა ძირითადად გვხვდება 1-5 წლის ბავშვებში, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში (თუ არ არის ჩატარებული იმუნიზაცია). წითელათი არ ავადდებიან ჩვილები პირველი 3-6 თვე თანდაყოლილი იმუნიტეტის გამო.

წითელას გამომწვევია ვირუსი (მიქსოვირუსების ჯგუფიდან), რომელიც გარემოში არამდგრადია და ადამიანის ორგანიზმის გარეშე მალე იღუპება. დაავადება გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფექციის წყაროს წარმოადგენს წითელათი დაავადებული ბავშვი, კატარალურ პერიოდში და კანზე გამოყრის 1-3 დღეს. ცემინებისა და ხველების დროს ვირუსის შემცველი ლორწოს უმცირესი წვეთები ჰაერის ჭავლით ადვილად ხვდება ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე, რის გამოც ოჯახში ან სასწავლებელში წითელათი დაავადების შემთხვევაში კონტაქტურად ითვლება შენობაში მყოფი ყველა ბავშვი.

ვირუსის შეჭრის ადგილია ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი და კონიუნქტივა (თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოს შიგნითა ზედაპირს და თვალის კაკლის წინა ნაწილს თეთრი გარსის მიდამოში). ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ წითელას ვირუსი ჰემატოგენური (სისხლის) გზით ვრცელდება (ვირუსემია) და აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს ლომფოიდურ და რეტიკულოჰისტიოციტურ უჯრედებს.

წითელას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 8-10 დღე. შესაძლოა გახანგრძლივდეს 17 დღემდე.

დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაში არჩევენ სამ პერიოდს:

  • კატარალური პერიოდი – გრძელდება 3-4, იშვიათად 5-6 დღე და დამახასიათებელია ცხელება (38-39 გრადუსამდე), სურდო, ცემინება, კონიუნქტივიტი, შემაწუხებელი მშრალი ხველა, ხახა შეწითლებულია. კატარალური მოვლენები თანდათან ძლიერდება, კისრის ლიმფური ჯირკვლები მცირედაა გადიდებული. მე-2-3 დღეს სასაზე ჩნდება ენანთემა (მუქი ვარდისფერი წერტილოვანი გამონაყარი), ლოყის შიგნითა ზედაპირზე აღინიშნება წითელასათვის პათოგნომური კოპლიკ-ფილატოვის ლაქები – მოთეთრო, ქატოსებრი გამონაყარი. დაავადების მე-3-4 დღეს ტემპერატურა ქვეითდება;
  • გამონაყარის პერიოდი – ამ დროს ტემპერატურა კვლავ მატულობს (38-39 გრადუსამდე). ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, აღენიშნება სურდო, ხველა, რომელიც ძლიერდება, ცრემლდენა, ქუთუთოები შეშუპებული აქვს, შესალოა განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები. კანზე ჩნდება წითელი, 3-4 მმ დიამეტრის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. ეს გამონაყარი სხეულზე ვრცელდება გარკვეული თანმიმდევრობით: პირველ დღეს ჩნდება ყურების უკან, შუბლზე, მთელ სახეზე, მეორე დღეს – ხელებზე, სხეულის ზედა ნაწილზე, შემდეგ კი მთელ სხეულზე. შესაძლოა ლაქები გაერთიანდნენ და წარმოქმნან ე.წ. გირლანდები. დაახლოებით მე-3 დღიდან გამონაყარი თანდათან ქრება, იმავე თანმიმდევრობით როგორც გაჩნდა. Aამ პერიოდის ბოლოს საერთო მდგომარეობა უმჯობესდება.
  • პიგმენტაციის ანუ რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდი – ამ დროს გამონაყარის ფერი იცვლება, წითელი ფერიდან მოლურჯო ელფერს ღებულობს, თანდათან ბაცი ყავისფერი ლაქების სახით რჩება და საბოლოოდ იწყებს აქერცვლას.

კლინიკური მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით არჩევენ წითელას სამ ფორმას: 

მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.

წითელას დიაგნოზის დადგენა ემყარება დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობას.

წითელას ახასიათებს გარკვეული გართულებები:

  • პნევმონია (ფილტვების ანთება),
  • შუა ყურის ანთება,
  • სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება),
  • ბლეფარიტი (ქუთუთოს კიდეების ანთება),
  • იშვიათად შესაძლოა განვითარდეს გართულებები ც.ნ.ს.-ის მხრივ – მენინგიტის (თავის ტვინის გარსების ანთება) ან ენცეფალიტის (თავის ტვინის ანთება) სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია წითელას პროფილაქტიკა, რაც გამოიხატება აქტიურ იმუნიზაციაში. 15-18 თვის ასაკში ხდება ვაქცინაცია და შემდგომში რევაქცინაცია. ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვი, რომელსაც არ აქვს გადატანილი წითელა ან არ არის აცრილი, არ დაიშვება ხალხმრავალ ადგილას 17 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს ექიმი ავადმყოფის საერთო მდგომარეობის და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა ძირითადად ტარდება ბინაზე, ხოლო, ჰოსპიტალიზაცია ხდება მძიმე და გართულებულ შემთხვევებში.