დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები

მწვავე კოლიტი

მწვავე კოლიტიკოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. კოლიტით შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს.

პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლორწოვანი გარსით ისაზღვრება და არ იწვევს ნაწლავის უფრო ღრმა მორფოლოგიურ დაზიანებას.

მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ კოლიტს.

მწვავე კოლიტი არის პოლიეტიოლოგიური დაავადება, ანუ არსებობს მისი გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი, მაგალითად, დიზენტერია, ამებიაზი, ბალანტიდიაზი. კოლიტი შესაძლოა თან სდევდეს სხვა დაავადებებს: სალმონელოზს, სტაფილოკოკურ, სტრეპტოკოკურ, ნაწლავის ჩხირისეულ ინფექციებს, წითელას, გრიპს, პნევმონას, კვებით დარღვევებს. მწვავე კოლიტი ზოგჯერ თან ახლავს ენტერიტს (წვრილი ნაწლავის ანთება) და მაშინ მთელი კუჭნაწლავის ტრაქტი ზიანდება, ყალიბდება გასტროენტეროკოლიტი.

კოლიტი ვითარდება მსხვილ ნაწლავში ინფექციის მოხვედრისას, ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად. დაავადების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მდგომარეობას, რადგან იმუნური დარღვევები, დაავადებული კუჭი, პანკრეასი და ღვიძლი, დისბაქტერიოზი (ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შეცვლა) ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ანთებას.

მწვავე კოლიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში;
  • ყურყური მუცელში, თხევადი შიგთავსის მოძრაობის თავისებური შეგრძნება ნაწლავის მიმართულებით;
  • მუცლის შებერილობა;
  • ხშირია გულისრევა;
  • ნაწლავთა მოქმედება დღეში 10-20-ჯერ და უფრო ხშირადაც. დასაწყისში განავალი თხელია, მას მოჰყვება ლორწო, შემდეგ კი – ალისფერი სისხლის მინარევი. განავლის დღე-ღამური მასა არ აღემატება 200 გრ-ს.
  • ტემპერატურის მომატება;
  • საერთო სისუსტე;
  • უმადობა.

https://lh5.googleusercontent.com/-x8ZcWB-Hy44/T0yyx9dV-CI/AAAAAAAACIc/RcJIZ0gpErg/s200/%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BB%25D0%25B8%25D1%2582.jpgდაავადების სიმძიმის მიხედვით არსებობს მწვავე კოლიტის სამი ფორმა:

  • მსუბუქი ფორმა – გამოჯანმრთელება იწყება მე-3-5 დღიდან. თანდათანობით იკლებს მუცლის ტკივილი, ქრება ტენეზმები (დეფეკაციის მტკივნეული სურვილი) და განავალიც ჩვეულებრივი ხდება, თუმცა ლორწო გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე ხანს მაინც აღინიშნება.
  • საშუალო ფორმა – დაავადება 15 დღემდე გრძელდება, მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება.
  • მძიმე ფორმა – ამ დროს ვითარდება ინტოქსიკაციისა და დეჰიდრატაციის (გაუწყლოვანება) მოვლენები: მკვეთრად მატულობს ტემპერატურა, შრება და იფიტება კანი, იწყება წვივის კუნთების ტკვილი, ვითარდება სისხლძარღვთა უკმარისობის ნიშნები და კიდურთა კრუნჩხვები.

მწვავე კოლიტის დიაგნოსტიკა ემყარება:

  • დაავადების კლინიკურ ნიშნებს;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • განავლის ბაქტერიოლოგიურ ანალიზს
  • შარდის ანალიზს.

მწვავე კოლიტის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს დაავადების გამომწვევ მიზეზს და ჩაგიტარებთ სპეციფიკურ მკურნალობას.