წყალტუბო
კურორტი წყალტუბო მდებარეობს მდინარე წყალტუბოს ხეობაში, რომელიც უერთდება მდინარე გუბისწყალს, 9 კმ-ზე ქალაქ ქუთაისიდან ჩრდილო დასავლეთით.
ირგვლივ მდებარე ბორცვები დაფარულია მდიდარი სუბტროპიკული მცენარეებით. მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფოთლოვანი ტყეებით.
კლიმატის თავისებურება განპირობებულია კურორტის მდებარეობით ტყიან სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სიახლოვით და იმით, რომ ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან იცავს დიდი კავკასიონის ქედები.
კურორტ წყალტუბოს სახელი გაუთქვა მინერალურმა წყლებმა, რომლებიც საქართველოში ძველი დროიდან არის ცნობილი: მათი ბუნებრივი ტემპერატურა +38 გრადუსია და იძლევა წინასწარი შეთბობის გარეშე მათი გამოყენების საშუალებას. კურორტზე ძირითადად მკურნალობენ საყრდენ – სამოძრაო აპარატების, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და გინეკოლოგიური პროფილის ავადმყოფებს.