ტკივილგამაყუჩებელს ყავა არ დააყოლოთ
ზოგჯერ წამალი რომ არ მოქმედებს ან გვერდით ეფექტებს იწვევს, ამაში დამნაშავე ხშირად თავად ვართ.
აბის ჩასაყლაპად ხშირად იმ სითხეს ვიღებთ, რომელიც ხელში მოგვხვდება. ეს ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სხვადასხვა სასმელი შეიცავს, შეიძლება წამლების კომპონენტებთან რეაქციაში შევიდეს.
საბოლოო ჯამში, პრეპარატი არამხოლოდ ეფექტურობას კარგავს, შეიძლება ორგანიზმისთვის ტოქსიკურიც კი აღმოჩნდეს.
როგორც წესი, წამალი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით (სხვა სასმელის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამას მკურნალი ექიმი გირჩევთ).
ამ მიზნით ყოველთვის არც მინერალური წყალი გამოდგება – შეიძლება ზოგიერთი წამლის ათვისება დააბრკოლოს, მაგრამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები:
ასპირინი, ანალგინი, მრავალი დამამშვიდებელი საშუალება, იოდის პრეპარატები და სხვა წამლები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, შეიძლება და სასარგებლოა ტუტის მაღალი შემცველობის მინერალური წყლით დალიოთ. გახსოვდეთ, ამისთვის ტკბილი გაზიანი წყლის გამოყენება არავითარ შემთხვევაში შეიძლება. რაც უნდა დიდი იყოს მწარე აბის ტკბილი წყლით დატკბობის სურვილი, ეს არ გააკეთოთ. მათი შერწყმით ორგანიზმში უხსნადი ნაერთები წარმოიქმნება.
საშიში მჟავე წვენი
წამალთა უმეტესობისთვის მჟავესთან მეზობლობა დამღუპველია. მაგალითად, ცნობილია, რომ სიმჟავე კალციუმის პრეპარატებს შლის, ანტიბიოტიკების მოქმედებას აუფასურებს. ხილის მჟავე წვენით გულის საშუალებების დალევა არ შეიძლება. განსაკუთრებით საშიშია გრეიპფრუტის წვენი, ვინაიდან მრავალ გვერდით რეაქციას იწვევს. ეს სასარგებლო სასმელი წამლებთან გამოყენებისას მათ მოქმედებას 2–ჯერ ააქტიურებს. სწორედ ამიტომ ხშირად გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატების, ასევე ანტიდეპრესანტების, ანტიბიოტიკების, წნევის დამწევი საშუალებების დოზის გადაჭარბება ხდება, რაც საშიშია.
ჩაი, ყავა, რძე
ჩაის ან ყავის გამოყენება წამლის სწრაფად ჩაყლაპვისთვის ასევე საზიანოა. ჯერ ერთი, ამ სასმელებში შემავალი ტანინები მრავალი წამლის კომპონენტებთან ურთიერთქმედებისას ნალექს წარმოქმნიან. მეორეც, ასეთი შეხამება გულზე ცუდად აისახება.
წამალზე ყავის წინასწარ მოქმედების განჭვრეტა ძალიან ძნელია. ერთ შემთხვევაში წამლის მოქმედებას აბრკოლებს, სხვა შემთხვევაში, პირიქით, ეფექტს აძლიერებს. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი წამლების – ციტრამონის, ასპირინის მიღებისას ყავის დალევა ღვიძლისა და სხვა ორგანოების მუშაობას ასუსტებს.
ასევე არ შეიძლება ისეთი წამლების რძით დალევა, როგორიცაა: წყლულის საწინააღმდეგო და გულის წამლები, რკინის პრეპარატები, ფერმენტები, ანტიბიოტიკები.
ალკოჰოლი და წამალი ერთად ყოვლად დაუშვებელია.
მიღების წესი
გამაღიზიანებელი ეფექტის შესამცირებლად და ორგანიზმის მიერ წამლის მოქმედი ნივთიერებების ათვისების დასაჩქარებლად, შეგიძლიათ აბი დაფხვნათ, მაგრამ ამ ფოკუსის ჩატარება არ შეიძლება კაფსულებთან და დამცავი გარსის მქონე აბებთან. ასეთი წამლების ზედა ფენა სპეციალურად განკუთვნილია იმისთვის, რომ კუჭამდე დაუზიანებლად მიაღწიოს. შუშხუნა აბები მითითებული
რაოდენობის წყალში უნდა გაიხსნას.
ბევრ წამალს უზმოზე იღებენ, ვინაიდან ჭამის დროს გამოყოფილი კუჭის წვენი მათ შლის. მაგრამ ზოგიერთი წამლის გამოყენება მკაცრად ნაჩვენებია ჭამამდე ან მის შემდეგ. მაგალითად, ნაღველმდენი საშუალებები ტრაპეზის დაწყებამდე უნდა მიიღოთ.
ჭამის დროს ფერმენტულ პრეპარატებს სვამენ, რომლებიც საკვების სწორად გადამუშავებას ეხმარებიან. სიმჟავის საწინააღმდეგო წამლების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.