შხამიანი მწერის და მორიელის ნაკბენი
ფუტკრის, კრაზანას, მორიელის, ობობას ნაკბენ ადგილზე ადამიანი გრძნობს ძლიერ წვას და ტკივილს, ნაკბენის არე შეწითლებულია, შესიებული, მის ცენტრში კი ჩანს ნაკბენი, ხვრელი თუ ნესტარი.
თუ ადამიანი რამდენიმე მწერმა დაკბინა, ან თუ მისი ორგანიზმი ალერგიულად ზემგრძნობიარეა, მაშინ, შესაძლოა, განვითარდეს ზოგადი მოვლენები:
საერთო სისუსტე, თავბრუ, თავისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა, ტემპერატურის მომატება. შეშუპება თანდათან მატულობს, შეიძლება მოიცვას მთელი სხეული. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, დაეცეს არტერიული სისხლის წნევა.
დახმარება: საჭიროა, ნაკბენიდან ამოვიღოთ ნესტარი, მაგრამ ფრთხილად ისე, რომ არ გაიჭყლიტოს მასზე მიმაგრებული პარკი და ქსოვილში არ შევიდეს შხამის დამატებითი რაოდენობა. ნაკბენ ადგილზე უნდა დავადოთ ყინულის ბუშტი, ცივი საფენები ან ცივი ლითონი. მძიმე შემთხვევებში, ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ საავადმყოფოში.