შევინარჩუნოთ სმენა ღრმა სიბერემდე
ასაკთან ერთად ადამიანები ხშირად გარე სამყაროს მოსმენის საოცარ უნარს კარგავენ.
თუმცა ახალგაზრდობის წლებშიც სმენის დაქვეითებისგან დაზღვეული არავინაა. როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
გაუფრთხილდით ყურებს!
- ყურისა და ცხვირის დაავადებებს დროულად უმკურნალეთ. უწყინარი სურდოც კი შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადავიდეს და სმენაზე აისახოს, ვინაიდან ყური, ყელი და ცხვირი ერთმანეთთან კავშირშია. ასეთი გართულების ყველაზე გავრცელებული მაგალითია ოტიტი, ანუ შუა ყურის ანთება. ის გრიპის და ვირუსული ინფექციების ფონზე ხშირად ვითარდება. მკურნალობა ხანგრძლივია. დაავადების მიმართ ზერელე დამოკიდებულება კი არცთუ იშვიათად სმენის დაქვეითებით მთავრდება.
- ექიმის დანიშნულების გარეშე წამლები არ მიიღოთ. ზოგიერთ ანტიბიოტიკს არასწორად გამოყენებისას ტოქსიკური ზემოქმედება აქვს. მათი მიღება სმენის ორგანოებზეც აისახება. ასეთი წამლებით მკურნალობას მხოლოდ ექიმი ნიშნავს. ასევე არ შეიძლება წამლების დოზის გადაჭარბება.
- წყლის პროცედურების დროს ყურები დაიცავით. თუ ხშირად ბანაობთ (ზღვის ნაპირთან ცხოვრობთ ან აუზს სტუმრობთ), ყურები მანამ დაიცავით, სანამ წყალში შეხვალთ. გამოიყენეთ ვაზელინით, მცენარეული ზეთით ან ბავშვის კრემით გაჟღენთილი ტამპონი. სხვაგვარად მუდმივი სინოტივის გამო ყურში შეიძლება გარეგანი ოტიტი განვითარდეს. ეს არასასიამოვნო დაავადებაა, რომლის დროსაც სასმენი მილი წითლდება და ქავილი იწყება.
- სმენას ნუ გადატვირთავთ (ყურსასმენებით ხმამაღალ მუსიკას ხშირად არ უსმინოთ).
- თვითშეგრძნებას მეტი დრო დაუთმეთ. ჯანმრთელი სმენის სისტემა მთელ ორგანიზმთან პირდაპირ კავშირშია. იმუნიტეტის დაქვეითება, გულ–სისხლძარღვთა სისტემაში უთანხმოება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხშირად სმენის ასაკობრივი დაქვეითების მიზეზი ხდება.
როდის მივმართოთ ექიმს?
ნებისმიერი უსიამოვნების, ყურებში უჩვეულო შეგრძნების დროს დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ. მორიდება არ ღირს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ, ვიდრე შემდეგ ინანოთ. საშიში სიმპტომებია: მძაფრი ტკივილი; გამონადენი; სმენის ცალმხრივი დაქვეითება; სურვილი გიჩნდებათ ტელევიზორს, რადიოს ხმა აუწიოთ; დაგუბება ან სითხის გამოჟონვა; გაბმული ხმაური ან სმენის უეცრად დაკარგვა.
თვითმკურნალობას არ შეუდგეთ. შეიძლება თავს ავნოთ და ძვირფასი დროც დაკარგოთ. გახსოვდეთ, სმენის ნერვის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება არ შეიძლება, მით უფრო, დამოუკიდებლად მკურნალობა. ეს მხოლოდ სპეციალისტმა უნდა გააკეთოს და რაც შეიძლება სწრაფად. ბევრ შემთხვევაში პირველ სამ დღეში დაწყებული მკურნალობა ეფექტურია. შემდეგ სმენის შეუქცევადი დაქვეითება იწყება.
დაიცავით სიჩუმე
სმენა და ნერვული სისტემა ნორმაში რომ შეინარჩუნოთ, ხმაურისგან დამცავი წესები გაითვალისწინეთ: ღამით ტელეფონი გამორთეთ, მობილური ტელეფონი ვიბრაციაზე დააყენეთ.
გამორთეთ რადიო. ბევრს ჩართული რადიოსა და ტელევიზორის გარეშე მარტოობაში ყოფნა არ შეუძლია. ეს სახლში ადამიანების ყოფნის ეფექტს ქმნის და ამშვიდებს. მაგრამ მუდმივად მომუშავე აპარატები სმენისთვის დიდი დატვირთვაა.
კონდიციონერის, ჰაერის იონიზატორის და სხვა მოწყობილობების მუშაობის დოზირება მოახდინეთ. ისინი ხმაურიან ფონს ქმნიან, რაც სმენას ძაბავს.
მეცნიერული კვლევის მონაცემებით, პლეერი ახალგაზრდების 2/3–ში სმენის გაუარესების მიზეზია. ჯანმრთელობას ზიანი რომ არ მიაყენოთ, მუსიკას დღეში ერთი საათი მოუსმინეთ. რეკომენდებულია თავზე ჩამოსაცმელი დიდი ყურსასმენები გაიკეთოთ. ხმის დონე ყურსასმენებში ნორმალურად ითვლება, თუ გესმით, გარშემომყოფები რას ამბობენ, მაგრამ მათ თქვენი მუსიკა არ ესმით.
დიეტაც ეხმარება
შეიძლება თუ არა სმენის სიმახვილის დიეტით გაუმჯობესება? დიახ, შესაძლებელია. სპეციალური დიეტების დაცვამ შეიძლება ბგერის აღქმა გააუმჯობესოს. მთავარი, რაციონში რაც უნდა შეზღუდოთ, ესაა: ცხოველური ცხიმები (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, რძე, კვერცხი), მარილი (კონსერვები), ყველაფერი, რაც კოფეინს შეიცავს – ყავა, ჩაი, კაკაო, შოკოლადი (ეს პროდუქტები სისხლის შემადგენლობაზე აისახება და სმენას აქვეითებს), ალკოჰოლი (სპირტი ბგერების აღმქმელ უჯრედებზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს – ისინი უბრალოდ იღუპებიან).
სმენას ვავითარებთ
ჩვენი სმენის აღქმის რეზერვები უჩვეულოდ დიდია, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის შეუძლია თავისი სმენა (მათ შორის მუსიკალური) განავითაროს და გააუმჯობესოს. მოსინჯეთ ასეთი სავარჯიშო.
ე.წ. მზვერავის მეთოდი სმენის მიზანმიმართული წვრთნაა მაჯის ან ჯიბის საათის დახმარებით.
ზურგზე დაწექით. თქვენგან გაჭიმული ხელის მოშორებით საათი დადეთ და მექანიზმის მუშაობას მოუსმინეთ. ახლა საათი უფრო ახლოს მოსწიეთ, საათის ბგერების დარტყმა მოისმინეთ და ასამდე დაითვალეთ. შემდეგ ისევ მოშორებით დადეთ, ყური დაუგდეთ და დარტყმები დაითვალეთ. თუ საათის მორიგი გაწევისას წიკწიკი არ გესმით, სმენას ნუ დაძაბავთ, არამედ ისე გააკეთეთ, რომ სმენითი “ყურადღება” გამახვილდეს. მალე ისევ გაიგებთ, როგორ მუშაობს საათი. სმენითი “ყურადღების” გამძაფრებასა და სმენის სიმახვილეს შორის პირდაპირი ფიზიოლოგიური კავშირია. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 20–25 წუთიანი წვრთნის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიაღწევთ – უკუნ სიბნელეში 10–15 მეტრის მოშორებით ადამიანის აღმოჩენას შეძლებთ.
ჩინური მეთოდი. ყურებზე ხელისგულები დაიდეთ, შემდეგ სამი თავისუფალი თითით კეფაზე დააკაკუნეთ (12–ჯერ გააკეთეთ). ახლა ხელისგულები ყურებზე მჭიდროდ დაიჭირეთ და უცებ გაუშვით (12–ჯერ გააკეთეთ). სავარჯიშო მსუბუქი მასაჟით დაამთავრეთ. ყურში საჩვენებელი თითი ჩაიდეთ და ბრუნვითი მოძრაობა 3–ჯერ წინ და შემდეგ უკან გააკეთეთ. მალე შენიშნავთ, რომ ყურებში შესამჩნევად “განათდა”.
ფრთხილად, ბამბიანი ჩხირები
ჯანმრთელ ყურში სასმენი მილის თვითგაწმენდის პროცესი ბუნებრივი მოქმედებებით (საუბარი, ღეჭვა, ხველა) ხდება. საჭიროა მხოლოდ ყურის ნიჟარის გასუფთავება და არავითარ შემთხვევაში სასმენი მილის. იქ კანი ქაღალდივით თხელია და მიკროტრავმის მისაღებად მსუბუქი ზეწოლაც საკმარისია. გარდა ამისა, ყურის გოგირდი ჭუჭყი არ არის, ამიტომ მისი გულმოდგინედ გამოწმენდა არ ღირს. ის ყურს დაზიანებისა და ანთებისგან იცავს. რაც შეეხება გოგირდის საცობს (ის ჯირკვლების სეკრეტის, კანის მკვდარი უჯრედებისა და მტვრის გროვაა), მის დამოუკიდებლად მოცილებას ნუ ეცდებით. ამით მას მხოლოდ სიღრმეში წასწევთ და პრობლემას გააღრმავებთ. ამას შეიძლება სერიოზული ანთება მოჰყვეს და გამორიცხული არ არის, ყველაფერი სმენის დაკარგვით დამთავრდეს. ამ პროცედურის ჩასატარებლად ექიმს მიმართეთ.
ყურები ყოველდღიურად დაიბანეთ გარედან და შიგნიდან. საჩვენებელი თითი ყურში ჩაიდეთ, ერთი მხრიდან მეორე მხარეს ძალიან მსუბუქი დაწოლით, ნელი მოძრაობით, მშრალი მკვდარი უჯრედები და დაგროვილი ჭუჭყი მოიშორეთ.
რჩევა: ყურის ტკივილის დროს ყურის ნიჟარის ზედა ნაკეცზე გაუტკივარების წერტილი გულმოდგინედ დაისრისეთ. ასეთი მასაჟი ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს მაშინაც კი, თუ წერტილი არასწორად მოძებნეთ. უბრალოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება.