შემოდგომა – გრიპისა და გაციების სეზონი
აცივებასთან ერთად ჩვენი იმუნიტეტი საგრძნობლად ქვეითდება და ავადმყოფობა იოლად ერევა ორგანიზმს.
თუ ზაფხულში კარგად დაისვენეთ და ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, მაგრამ თუ ვერც სათანადოდ დაისვენეთ და სტრესიც გადაიტანეთ, ცივი სეზონის დადგომისას თავს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ.
გვესაუბრება ექიმი კახაბერ კალანდაძე:
– უბრალო სურდოც კი, თუ სათანადო ზომებს არ მივმართეთ, შეიძლება გაგვირთულდეს და იმუნიტეტი კიდევ უფრო დაასუსტოს, რომ აღარაფერი ვთქვათ სეზონურ გრიპზე. გრიპს სეზონურობა ახასიათებს და გვიან შემოდგომაზე იწყება. რაც შეეხება სურდოსა და გაცივებას, მათი კლინიკური სურათი მძიმე არ არის, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ გაცივების სიმპტომების მიმართ ზერელე დამოკიდებულება დაუშვებელია. მაგალითად, თუ შეამჩნიეთ, რომ ტემპერატურამ აგიწიათ, დაგეწყოთ თავის ან სახსრების ტკივილი, გრძნობთ სისუსტეს, გაქვთ გამონადენი ცხვირიდან, ხველა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
– როგორ განვასხვავოთ გრიპი გაცივებისგან?
– გაცივების შემთხვევაში ტემპერატურა სიცხის დამწევ საშუალებებს იოლად ემორჩილება, ცხელი ჩაი, სითბო და შინ ყოფნა ორ დღეში გამოგაკეთებთ, გრიპის შემთხვევაში კი შესაძლოა, მთელი კვირაც ვერ გამოკეთდეთ – სიცხის დამწევი პრეპარატის მიღების შემდეგ, საღამოს, ტემპერატურამ კვლავ მოიმატოს, გახშირდეს ხველა, სახსრებისა და თავის ტკივილი.
ამიტომ სჯობს, ექიმმა დაადგინოს, გაცივებული ხართ თუ ვირუსი გაქვთ.
– რა გართულებებს იწვევს გრიპი?
– გრიპის ვირუსი შესაძლოა ყველა ორგანოს შეეხოს, თუმცა, პირველ რიგში, სასუნთქ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვან სისტემებს აზიანებს. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ბავშვებისა და მოხუცების მიმართ, რადგან მათი იმუნიტეტი შედარებით სუსტია და ვირუსი ადვილად ერევა.
– თუ შეიძლება, რომ ადამიანი სტრესის ფონზე გახდეს ავად?
– ნერვიული ფონი ვირუსებისთვის კარგი ნიადაგია, რადგან სტრესი იმუნიტეტს აქვეითებს. ამას უამრავი გამოკვლევა ადასტურებს. ადამიანს, რომელიც მშვიდ ატმოსფეროში ცხოვრობს და დადებითი ემოციები არ აკლია, ვირუსები იშვიათად ერევა და ავად თითქმის არ ხდება, სტრესებით დამძიმებული პიროვნება კი ადვილად იქცევა ვირუსის სამიზნედ. შემთხვევითი არ არის, რომ ცდილობენ, მწოლიარე ბავშვები გაართონ, გაახალისონ. გამხიარულებული პატარა წამალსაც ჭირვეულობის გარეშე დალევს, იმუნიტეტიც მოუძლიერდება და მალე მომჯობინდება.
გაცივებისა და იმუნიტეტის დაქვეითების კიდევ ერთი მიზეზი არის ნესტი. ნესტიანი ოთახი სახსრებსა და სასუნთქ სისტემას აზიანებს და ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ გარემო, სადაც დიდხანს გიწევთ ყოფნა, მშრალი და მზიანი უნდა იყოს.
– იქნებ განსაკუთრებული საკვებია საჭირო, რომელიც ამ პერიოდში იმუნიტეტს გააძლიერებს?
– მიირთვით ის, რაც გიყვართ, ოღონდ ეცადეთ, დიდი რაოდენობით მიიღოთ C ვიტამინი, რომელსაც ამ სეზონზე ორგანიზმის დამცავი ფუნქცია აკისრია. ერიდეთ ავადმყოფებს, არ გახვიდეთ შინიდან სველი თმით, ოთახში რაც შეიძლება მეტი მზის სხივი შემოუშვით, მიირთვით ხილი და ბოსტნეული, რომლებიც, საბედნიეროდ, გვიან შემოდგომამდე გვაქვს.
– გაცივების პირველი ნიშნების შემჩნევისას როგორ მოვიქცეთ?
– დარჩით შინ, მიიღეთ მეტი სითხე. თუ ტემპერატურამ აგიწიათ, თავისა და სახსრების ტკივილმა მოიმატა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ექიმი გვირჩევს:
მიიღეთ ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი ლიმონი, გრეიპფრუტი, მოცვი, ასკილი, მოცხარი. კარგი იქნება, თუ ცივ დღეებში დალევთ რამდენიმე ფინჯან ცხელ ჩაის ლიმონით ან მოცხარის მურაბით. ეცადეთ, ჩაიცვათ სეზონის შესაფერისად.
ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სინათლის დეფიციტი, რასაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მძაფრად შევიგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვათ. სინათლე, თუნდაც ელექტრონათურისა, აუმჯობესებს განწყობას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და აძლიერებს მის თავდაცვით ფუნქციებს.
ერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ხშირად დაიბანეთ ხელები – ვირუსი არა მარტო ჰაერის, არამედ ჭუჭყიანი ხელების საშუალებითაც გადადის.