დაავადებები, შარდსასქესო სისტემა

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეები

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებისათესლე ჯირკვლების სიმსივნეები საკმაოდ არის გავრცელებული და მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებების თითქმის 2%-ს შეადგენს.

სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინების პიკი თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელი), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც.

სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორ ფაქტორს. ერთ-ერთი მათგანი კრიპტორქიზმია — ასე უწოდებენ მდგომარეობას, როცა სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული.

სათესლე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა თითქმის 25%-ს ეს პათოლოგია აღენიშნება. ხშირად სწორედ კრიპტორქიზმის გართულებაა სემინომა – სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. სხვა გართულებებს შორის აღსანიშნავია სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა.

მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას, სათესლე ჯირკვლის ატროფია და მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. მკვლევართა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ანომალიურად განვითარებულ სათესლე ჯირკვლებში სიმსივნე 20-35-ჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ნორმალურში.

ბავშვთა ასაკში სიმსივნე შეიძლება იყოს ანდროგენების, მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ჰიპერპროდუქციის (ჭარბად გამოყოფის) მიზეზი, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნებით ვლინდება. ბავშვებს შორის სათესლე ჯირკვლების სიმსივნე იშვიათია.

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეთა კლასიფიკაცია

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებს ორ დიდ ჯგუფად ყოფენ:

ჰერმინატიული (ჩანასახოვანი) სიმსივნეები – ამ ტიპის სიმსივნეები სათესლე ჯირკვლის ეპითელური ქსოვილისგან (ეპითელიუმი — უჯრედების ფენა, რომელიც სხეულის ზედაპირს, ღრუებსა და შინაგანი ორგანოების ლორწოვანს ფარავს, წარმოქმნის ორგანიზმის ჯირკვლების უმრავლესობას) წარმოიშობა: სემინომა, ემბრიონული კიბო, ტერატობლასტომა და სხვა. ისინი სიმსივნეების 95%-ს შეადგენენ.

არაჰერმინატიული სიმსივნეები – ლეიდიგომა, სერტოლიომა, სარკომა, სემინომა. ისინი სათესლე ჯირკვლის, ასე ვთქვათ, სტრომისგან (ცოცხალი ორგანიზმის ორგანოს ქვედაფენა, ბაზისი) წარმოიქმნება. სემინომა სათესლე ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა (დაახლოებით 40-50%). მას მკვრივი ნაწილაკოვანი კვანძის სახე აქვს.
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე იძლევა ადრეულ მეტასტაზებს, რომლებიც უმთავრესად ლიმფური სადინარებით ვრცელდება და ლიმფურ კვანძებში ვითარდება: ჯერ უახლოესში — პარააორტულსა და საზარდულისაში, მერე კი მოშორებითაც — შუასაყარისა და ლავიწქვედა კვანძებში.

როგორ ვლინდება სათესლე ჯირკვლის სიმსივნე?

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე თავდაპირველად არაფრით მჟღავნდება. ჩვეულებრივ, ავადმყოფები ერთ-ერთ სათესლე ჯირკვალში თავად პოულობენ სიმაგრეს. სათესლე ჯირკვალი სწრაფად დიდდება, იჭიმება, ზოგჯერ მტკივნეულობაც შეინიშნება. თავად სიმსივნე ტკივილის შეგრძნებას არ იწვევს, ტკივილი სიმსივნური პროცესის სათესლე ბაგირაკზე გადასვლის შემდეგ ვითარდება. მოგვიანებით სათესლე ჯირკვალი მკვრივდება და დეფორმირდება. ამას მოსდევს სათესლე ჯირკვლის გარსებში სითხის დაგროვება, რაც უფრო მეტად ადიდებს სათესლე პარკის შესაბამის ნახევარს. თუ სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის დაშვებული (ან არ იქნა დაშვებული ქირურგიული გზით), სიმსივნე შესაძლოა ისინჯებოდეს საზარდულის მიდამოში, სადაც ის ასევე მკვრივი და მტკივნეულია.

თუ სათესლე ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა კრიპტორქიზმის აბდომინალური ფორმის დროს ანუ მაშინ, როცა სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუშია დარჩენილი, მაშინ ის საკმაოდ დიდი ზომისა ხდება და ზოგჯერ მუცლის ღრუს ნახევარსაც კი იკავებს. ვიდრე სიმსივნე სათესლე ჯირკვლის საზღვრებს არ გასცდება, ტემპერატურული რეაქცია და ინტოქსიკაციის (ორგანიზმის მოშხამვის) ნიშნები თავს არ იჩენს. შესაძლოა აღინიშნებოდეს პოტენციის დაქვეითება, ისიც – არა ყოველთვის, კიდევ უფრო იშვიათად — გინეკომასტია (მკერდის ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში).

განსაზღვრული ტიპის სიმსივნეების დროს შეინიშნება ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ავადმყოფების დაახლოებით 3%-ს სიმსივნე ორივე სათესლე ჯირკვალში ერთდროულად უვითარდება, წესისამებრ, ერთი და იმავე სახისა,
დანარჩენს კი მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი, ზოგჯერ რამდენიმეწლიანი ინტერვალით.

დიაგნოსტიკა

სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკა სათესლე პარკის დათვალიერებით იწყება. ეს სიმსივნის შესახებ პირველ მონაცემებს იძლევა. თუ ავადმყოფს კრიპტორქიზმი არ აქვს, მაგრამ, ამასთანავე, აღინიშნება სათესლე პარკის ასიმეტრია, მაშინ ის ხელითაც უნდა გაისინჯოს. ეს ილეთი ექიმს საკმაოდ ფასეულ ინფორმაციას აძლევს.

როგორც ზემოთ ითქვა, სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დროს გარსებს შორის სითხე გროვდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა სითხე პუნქციით ამოიღოს და სათესლე ჯირკვალი მერეღა გასინჯოს ხელით. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ულტრაბგერითი გამოკვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის შიდა სტრუქტურის, სიმსივნის დანახვა და მისი ზომების განსაზღვრა.

გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდები ექიმს მხოლოდ მეტასტაზების არსებობა-არარსებობის განსაზღვრაში ეხმარება. ჩვეულებრივ, ტარდება ექსკრეტორული უროგრაფია — თირკმელებისა და შარდსავალი გზების მდგომარეობის გამოკვლევა, რომლის დროსაც სისხლში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული ნივთიერება და შემდეგ სერიულ რენტგენულ გადაღებებს აწარმოებენ. სათესლე ჯირკვლების სიმსივნის დიაგნოსტიკის ყველაზე შედეგიანი მეთოდია პუნქციის მეშვეობით, ბიოფსიის გზით აღებული მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეებს ძირითადად ოპერაციული გზით მკურნალობენ. ამ დროს აკეთებენ ჰემიკასტრაციას — ამოკვეთენ დაზიანებულ სათესლე ჯირკვალს. ასე ვთქვათ, მომწიფებული სემინომის დროს ჩატარებული ეს ოპერაცია, წესისამებრ, დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა, სხვა შემთხვევაში კი საჭირო ხდება სათესლე ბაგირაკის მთლიანად ამოკვეთა. თუ დადგენილია მუცელგარეთა სივრცის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობა, ტარდება ლიმადენექტომია — დაზიანებული ლიმფური კვანძები ამოიკვეთება.

მარტივი ან გაფართოებული ჰემიკასტრაცია სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ აუცილებელია სხივური თერაპიის ჩატარება. ასეთი მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა სემინომებისა და იმ ტიპის სიმსივნეების მკურნალობის დროს, რომლებსაც სემინომის ტიპის ელემენტები აქვთ.

ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმსივნე დიდი ზომისაა, დასხივებას ოპერაციამდე აკეთებენ. შედეგად სიმსივნე ხშირად ისე პატარავდება, რომ მისი ამოკვეთა შესაძლებელი ხდება. სხივური თერაპია გამოიყენება მეტასტაზების სამკურნალოდაც, ლიმფური კვანძების კონგლომერატის დასხივების სახით, იმ შემთხვევებშიც კი, როცა მათი ამოკვეთა შეუძლებელია. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების მკურნალობისას, განსაკუთრებით სემინომის შემთხვევაში, ფართოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიაც.

ცალკე განვიხილოთ ისეთი გავრცელებული სიმსივნის მკურნალობა, როგორიც არის სემინომა:

პირველი სტადია: სიმსივნე მხოლოდ სათესლე ჯირკვალში ლოკალიზდება. ამ შემთხვევაში სტანდარტულ მკურნალობად ითვლება ან პროფილაქტიკური სხივური თერაპია, რომლის დროსაც დაავადების პროგრესირება ასიდან 5 შემთხვევაში შეინიშნება, ან კომბინირებული მკურნალობა ანუ ოპერაციული ჩარევა პლუს ლიმფური კვანძების სხივური თერაპია. კომბინირებული მკურნალობის შემთხვევაში სემინომით დაავადებულთა 98% იკურნება. როდესაც სხივური თერაპიის ნაცვლად დაკვირვებით შემოიფარგლებიან, რეციდივის რისკი დაახლოებით 15%-მდე იზრდება. რეციდივების თითქმის ნახევარი 12-15 თვის შემდეგ ვითარდება. სემინომის გვიანი რეციდივები (5 წელზე მეტი ხნის შემდეგ) უფრო ხშირია, ვიდრე არასემინომური სიმსივნეებისა. რეციდივის დროს ნაჩვენებია ქიმიოთერაპია.

მეორე სტადია: ამ დროს მეტასტაზები შეინიშნება უახლოეს ლიმფურ კვანძებში. მკურნალობის ტაქტიკა მეტასტაზის ზომაზეა დამოკიდებული. 5 სანტიმეტრზე ნაკლები ზომის მეტასტაზების დროს წარმატებით ტარდება სხივური თერაპია, ხოლო თუ მეტასტაზი უფრო დიდია, გაცილებით ეფექტურია ქიმიოთერაპია.

მესამე სტადია: ამ დროს მეტასტაზები სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილიდან მოშორებულ ლიმფურ კვანძებში ვითარდება. მიზანშეწონილია ქიმიოთერაპიის ჩატარება. სრული რეგრესიის სიხშირე ამ ეტაპზე 70-85%-ს უტოლდება.

ეს ყველაფერი მკითხველისთვის უფრო ადვილი გასაგები რომ იყოს, დავამატებთ, რომ პირველი-მეორე სტადიის სემინომის რადიკალური მკურნალობისას გამოსავალი კეთილსაიმედოა: 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასიდან 90-94 შემთხვევაში, ხოლო არასემინომური სიმსივნეების შემთხვევაში – პროგნოზი გაცილებით უარესია: 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასიდან მხოლოდ 20-40 შემთხვევაში.

დაბოლოს, სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების მკურნალობა დაფუძნებული უნდა იყოს ზედმიწევნითი კლინიკური გამოკვლევისა და ამოკვეთილი პრეპარატის ჰისტოლოგიური შესწავლის შედეგებზე, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების სხვადასხვა ჰისტოლოგიური ვარიანტი (ანუ სიმსივნეს შესაძლოა სხვადასხვაგვარი აგებულება ჰქონდეს), ადეკვატური მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

კიდევ ერთი: თუ მცირეოდენ ყურადღებას გამოიჩენთ საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ, დაავადება ვერაფერს დაგაკლებთ, ხოლო მისი განვითარების შემთხვევაში დროული სამედიცინო ჩარევით მრავალ პრობლემას აიცილებთ თავიდან და სრული გამოჯანმრთელების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.