ენდემური ჩიყვი
ენდემური ჩიყვი გამოწვეულია გარემოში (ნიადაგში, წყალში და ამის გამო ადამიანის საკვებპროდუქტებში) იოდის ნაკლებობით.
იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისათვის.
იოდის მოხმარების აუცილებელი სადღეღამისო ნორმებია:
- ერთ წლამდე ბავშვებისთვის – 50 მიკროგრამი (მგმ)
- 12 წლამდე ბავშვებისთვის – 100-150 მგრ
- ახალგაზრდებისთვის – 150 მგრ
- ორსული და მეძუძური ქალებისთვის – 200 მგრ
- მოზრდილებისათვის – 150 მგრ
- ხანდაზმულებისათვის – 100 მგრ
როდესაც ადამიანი არ იღებს აუცილებელ სადღეღამისო ნორმას ყალიბდება იოდის დეფიციტი. ამ შემთხვევაში იქმნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობის საფრთხე, რომლის საწინააღმდეგოდ ორგანიზმში ვითარდება სხვადასხვა ცვლილება. მათ შორის ერთ-ერთია ჩიყვი.
ენდემური ჩიყვის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს ადამიანს შეიძლება აწუხებდეს
ზოგადი ხასიათის არასპეციფიკური მოვლენები:
- საერთო სისუსტე;
- ადვილად აგზნებადობა;
- ემოციური ლაბილობა;
- შეტევითი ხასიათის წამოცხელება;
- ოფლიანობა;
- დროდადრო გულისცემის აჩქარება;
- ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
- შვილოსნობის ფუნქციის დარღვევა და სხვ.
ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკა ძალზე ეფექტურია. პროფილაქტიკისთვის გამოიყენება იოდირებული მარილი ჩვეულებრივი მარილის მაგივრად. იოდირებული მარილის უქონლობის შემთხვევაში შეიძლება მარილის იოდირება მოვახდინოთ ოჯახის პირობებში. ამ მიზნით აფთიაქში დამზადებული კალიუმის იოდიდის ერთპროცენტიანი ხსნარი ერთი ჩაის კოვზის ოდენობით უნდა მოესხუროს ერთ კილოგრამ ჩვეულებრივ სუფრის მარილს, 15-20 წუთის განმავლობაში გულმოდგინედ შერევის შემდეგ იოდირებული მარილი მზადაა გამოსაყენებლად.
ენდემური ჩიყვის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:
- ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი – ექოსკოპია – ის ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ნებისმიერი ხარისხის შესაფასებლად ყველაზე საიმედო თანამედროვე საშუალებაა.
- იოდის განსაზღვრა შარდში — რაც უფრო მეტადაა გამოხატული იოდის დეფიციტი ორგანიზმში, მით ნაკლები იოდი გამოიყოფა შარდთან ერთად. ამიტომ მიჩნეულია ამ ნივთიერების დეფიციტის შეფასების ერთ-ერთ საიმედო მეთოდად.
ენდემური ჩიყვის დროს მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვეტს მკურნალობის ტაქტიკას: იქნება ის კონსერვატიული, თუ ქირურგიული.