დაავადებები, კუჭნაწლავის დაავადებები

ქრონიკული კოლიტი

ქრონიკული კოლიტიკოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. იგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

კოლიტით შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს. პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლორწოვანი გარსით ისაზღვრება და არ იწვევს ნაწლავის უფრო ღრმა მორფოლოგიურ დაზიანებას.

მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ კოლიტს.
ქრონიკული კოლიტი მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებაა.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით არსებობს:

  • ინფექციური კოლიტი —  ამ ჯგუფიდან აღსანიშნავია პოსტდიზენტერიული კოლიტი, რომელიც ქრონიკული კოლიტების 18%-ს შეადგენს;
  • პარაზიტული კოლიტი – მას იწვევს ამებიაზი, ბალანტიდიაზი, ლამბლიოზი;
  • ჰელმინთური კოლიტი – მას იწვევს შისტომატოზი, ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ტრიქოცეფალოზი, სტრონგილიდოზი;
  • ტოქსიკური კოლიტი – მას იწვევს ტყვიით, დარიშხანით, სპილენძით, თუთიით, ვერცხლისწყლით, რკინით, სოკოთი მოწამვლა.

კოლიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • უხეში საკვები;
  • ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები;
  • ცილის და ვიტამინების დეფიციტი;
  • საკვების ცუდი ღეჭვა;
  • საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის ხშირი ხმარება.

ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლა არღვევს ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას. ქრონიკული ფსიქიკური გადაძაბვის და სტრესის გავლენით იცვლება ნაწლავის კედლის რეცეპტორების მგრძნობელობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ტკივილისა და ნაწლავის მოტორულ-ევაკუაციური ფუნქციის დარღვევას, მოგვიანებით კი – ქრონიკული პროცესის განვითარებას.
ქრონიკული კოლიტისთვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის (დაავადების დროებითი მიწყნარება) პერიოდები.

გამწვავების პერიოდს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი მუცლის არეში, რომელიც მსუბუქდება დეფეკაციის შემდეგ;
  • ფაღარათი, ყაბზობა, ან მათი მონაცვლეობა;
  • განავალი დასაწყისში თხელია და ფაფისებური, ზოგჯერ სისხლიანი და ჩირქიანი. მასში უხვადაა ლორწო;
  • დეფეკაციის ძლიერი სურვილი, რომელსაც თან სდევს ტენეზმები. ზოგს დეფეკაციის სურვილი უჩნდება ფეხზე ადგომისთანავე, ზოგს — საჭმლის მიღებისთანავე;
  • ავადმყოფი უჩივის გულის ფრიალს, თავის დამძიმებას და ტკივილს, უძილობას, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას.

ქრონიკული კოლიტის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება:

  • ენდოსკოპიური გამოკვლევა;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
  • სეროლოგიური გამოკვლევა.

ქრონიკული კოლიტის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს დაავადების გამომწვევ მიზეზს და ჩაგიტარებთ სპეციფიკურ მკურნალობას.