სასარგებლო რჩევები

საკურორტო სეზონის ინფექციები

ზაფხულს ბევრი იმისთვის ელის, რომ მზეს მიეფიცხოს და ლამაზად გაირუჯოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მზის სხივები კანს ვნებს და ხშირად ძალზე უსიამოვნო ცვლილებებსაც იწვევს, მათ შორის – დამწვრობას, კანის ნაადრევ დაბერებას, ნაადრევ ნაოჭებს.

გარდა ამისა, ზღვის სეზონზე ხშირია სხვადასხვა ინფექციით დასნებოვნების შემთხვევა.

გვესაუბრება დერმატოლოგი იოსებ ჭუმბურიძე:

– არსებობს კანის რამდენიმე დაავადება, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედებით მწვავდება. ასეთია, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა.

– ბევრს, როგორც კი მზის სხივები მოხვდება, გამონაყარი უჩნდება, რასაც მზის სხივებისადმი ალერგიას აბრალებენ.

– კანის ცვლილებებს, რომლებიც მზის სხივების მიმართ ალერგიით არის განპირობებული, ფოტოდერმატიტი ეწოდება. გამონაყარით, უპირატესად, ხილული უბნები – ყელი, სახის არე, მხრებია ხოლმე მოფენილი. ეს პათოლოგია მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც კოსმეტიკური საშუალების რომელიმე კომპონენტი მზის სხივების ზემოქმედებით ალერგიულ რეაქციას იწვევს.
ალერგიული გამონაყარის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს რომელიმე მედიკამენტი, უმეტესად – ტეტრაციკლინის რიგის რომელიმე ანტიბიოტიკი ან ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალება. თუ მზეზე გასვლისთანავე კანზე გამონაყარი გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს.

– მოქმედებს თუ არა მზე ფსორიაზის საწინააღმდეგოდ?

– ზოგჯერ. ამიტომაც კანის ამ დაავადებას ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობენ. ფსორიაზით დაავადებული იღებს პრეპარატ “ფსორალენს”, რომელიც ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის, შემდეგ კი სპეციალურ კამერაში შეჰყავთ, სადაც დოზირებული ულტრაიისფერი სხივებით ასხივებენ.

– კანის სოკოვანი დაავადება ზღვასთან, აუზთან ასოცირდება…

– სოკო ნესტის მოყვარული მიკროორგანიზმია, ტენიან გარემოში კარგად მრავლდება, ამიტომ კანის სოკოთი დასნებოვნების ალბათობა ზღვის სეზონზე მკვეთრად იზრდება, მაგრამ თუ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს დავიცავთ, სოკოვანი დაავადება არ დაგვემართება. აუზზე საკუთარი ქოშებით უნდა ვიაროთ, წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი ტანი პირსახოცით კარგად გავიმშრალოთ.
ტერფის სოკოვანი დაავადება ადვილი შესამჩნევია და ასეთ ადამიანს ექიმი ისედაც აუკრძალავს იმ დაწესებულებაში შესვლას, სადაც აუზით სხვა ადამიანებიც სარგებლობენ, მაგრამ ზღვაზე, აუზისგან განსხვავებით, მეტი ყურადღება გვმართებს. იქ ჩვენს თავზე თვითონვე უნდა ვიზრუნოთ.
კანის სოკოვან დაავადებასთან ერთად ზღვის სეზონზე მუნიც ხშირდება. საკურორტო სეზონზე მუნის გახშირებას იწვევს სხვისი თეთრეულის მოხმარება, ჰიგიენური ნორმების დაუცველობა. თუ პლაჟზე, სადაც სოკოსა და მუნის გამომწვევებია, დაიფენთ პირსახოცს და შემდეგ ტანს ამავე პირსახოცით გაიმშრალებთ, მუნით ან სოკოთი დასნებოვნების ალბათობა მოიმატებს, ამიტომ ტანის გასამშრალებლად სხვა პირსახოცი უნდა გამოვიყენოთ.

– კანის კიდევ რომელი დაავადებები ხშირდება საკურორტო სეზონზე?

– ნესტი ხელს უწყობს კიდევ ერთი სოკოვანი დაავადებით – ნაირფერი პიტირიაზით – დასნებოვნებას. ასეთ შემთხვევაში ადამიანს წელს ზემოთ კანზე პატარ-პატარა თეთრი, ვარდისფერი და მოყავისფრო აქერცლილი ლაქები უჩნდება. ხშირდება სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადებებიც, რადგან ლორწოვანი გარსების სოკოთი ინფიცირება სწორედ პლაჟსა და აუზზე ხდება, ამიტომ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ აბაზანა უნდა მივიღოთ.

გაითვალისწინეთ:

მზის სხივების ნეგატიურ ზემოქმედებას გადაურჩებით, თუ შუადღისას შინ დარჩებით, შინიდან გასვლისას კი ჩრდილში ივლით, გამოიყენებთ მზისგან დამცავ კრემს და ფართოფარფლებიან ქუდს დაიხურავთ, სხეულს მაქსიმალურად დაიფარავთ ტანსაცმლით და ჰიგიენის წესებს დაიცავთ.