სასარგებლო რჩევები

დიაბეტის სიმპტომები და მისი მკურნალობა

დიაბეტის სიმპტომები და მკურნალობადღეს შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო-სოციალურ პრობლემად მიიჩნევა.

მსოფლიოში 120 მილიონამდე დიაბეტიანია, ხოლო 2025 წლისთვის, მედიკოსთა პროგნოზით, მათი რიცხვი 260 მილიონს მიაღწევს.

მატების ასეთივე ტენდენციაა საქართველოშიც. 2002 წლის მიწურულს ყოველ 100000 კაცზე 1078,9 დიაბეტით დაავადებული აღირიცხა, სულ – 47164 კაცი.
დიაბეტის სიმპტომებსა და მკურნალობაზე გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი ნანო ბართაია.

– სხვადასხვა მონაცემით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა საერთო რიცხვი მსოფლიოში 120 მილიონამდეა, რაც დედამიწის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1,5-ს შეადგენს. მათგან 85-90% II ტიპის შაქრიანი დიაბეტის წილად მოდის. ვარაუდობენ, რომ 2025 წლისათვის დაავადებულთა რიცხვი 2-ჯერ გაიზრდება.

შაქრიანი დიაბეტის კლინიკური გამოვლენა ხდება მაშინ, როდესაც დაშლილია ბეტა უჯრედების 80-95% და ინსულინის დეფიციტი ყალიბდება. I ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ანუ ახალგაზრდული დიაბეტი, მიმდინარეობს ინსულინის სრული უკმარისობით, რაც პანკრეასის ბეტა უჯრედების 80-85%-ის დესტრუქციას (დაღუპვას) მოსდევს. ამის მიზეზი უმთავრესად ვირუსული ინფექცია და აუტოიმუნური პროცესებია. განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ანუ მოზრდილთა დიაბეტი, მიმდინარეობს ჰიპერინსულინემიით, ინსულინისადმი რეზისტენტობით (გამძლეობით).

მის განვითარებაში ორი ტიპის ფაქტორები მონაწილეობს: მემკვიდრეობითი და გარეგანი (სიმსუქნე, ორსულობა). საყურადღებოა, რომ ამ ტიპის დიაბეტით დაავადებულთა 80%-ს ჭარბი წონა ან ამა თუ იმ ხარისხის სიმსუქნე აღენიშნება.

– როგორია დიაბეტის ძირითადი სიმპტომები?

– დიაბეტის სიპტომებია პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა (უმთავრესად – ღამით), ძლიერი სისუსტე, წონის კლება, გაძლიერებული მადა, ინფექციებისადმი მიდრეკილება (ფურუნკულოზი), მამაკაცებში – ბალანიტი (ლორწოვანი გარსის ანთება), ქალებში – სასქესო ორგანოს მიდამოს ქავილი.

– შეიძლება, დიაბეტი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს?

– I ტიპის შაქრიანი დიაბეტი მწვავედ იწყება და მისი ძირითადი სიმპტომები მალე იჩენს თავს, II ტიპისა კი შემპარავად, ნელ-ნელა ვითარდება, ამიტომ პაციენტი ხშირად რამდენიმე თვის, შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი ვერ ამჩნევს მის არსებობას და უკვე გართულებათა გამო მიმართავს ექიმს ან გამოკვლევისას შემთხვევით აღმოუჩენენ ხოლმე ჰიპერგლიკემიას.

– შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია?

– I ტიპის შაქრიანი დიაბეტის პრევენციის სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს, თუმცა ამ კუთხით განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ვირუსული ინფექციებისგან ორსულთა და ბავშვთა დაცვას, II ტიპის დიაბეტის პრევენცია კი ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზომიერ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას, წონის კორექციას ითვალისწინებს. სასურველია, ყველა ჭარბწონიანმა და ამ დაავადებისადმი გენეტიკურად განწყობილმა ადამიანმა პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის ენდოკრინოლოგს მიმართოს და წელიწადში ერთხელ მაინც გაიკეთოს საჭირო ანალიზი.

– რთულია დიაბეტის მკურნალობა? შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?

– შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია – და აუცილებელიც – მისი კომპენსირება, მარტივად რომ ვთქვათ, იმ მდგომარეობამდე მიყვანა, როდესაც იგი ორგანიზმს ზიანს ვეღარ მიაყენებს. შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციის დროს ვითარდება დიაბეტისთვის სპეციფიკური გართულებები:
მხედველობის გაუარესება სრულ სიბრმავემდე, თირკმლების დაზიანება ქრონიკულ უკმარისობამდე, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაზიანება, რამაც შესაძლოა დიაბეტურ განგრენამდე მიგვიყვანოს. ხშირია მისი თანხვედრა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან. სწორედ ეს გართულებები უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ადვილი მისახვედრია, რომ მხოლოდ დიაბეტის კარგი კონტროლი გვაძლევს ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიას.
I ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას აუცილებელია ინსულინთერაპიის კომბინირება კვებისა და ცხოვრების შესაბამის რეჟიმთან, II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში – ცხოვრების ჯანსაღი წესი, წონის კორექცია ან ინსულინთერაპია. საზოგადოდ, მკურნალობის ტაქტიკა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება…

გახსოვდეთ: 

ყველას, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარია კვების რეჟიმის დაცვა, რაციონში იმ პროდუქტების ჩართვა, რომლებსაც ექიმი შეურჩევს, ასევე – სტრესისა და გადაღლისთვის თავის არიდება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, შაქრის შემცველობა სისხლში თანდათანობით დარეგულირდება და ადამიანი მეტ-ნაკლებად ჯანსაღი, ნორმალური ცხოვრების წესით იცხოვრებს.

ცნობისათვის:

შაქრიან დიაბეტს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 170 წელს იცნობდნენ, მაგრამ იმხანად დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ვერ ადგენდნენ დაავადების მიზეზს.

ავადმყოფები განწირულნი იყვნენ. მხოლოდ მე-19 საუკუნის მიწურულს გახდა ცნობილი, რომ დაავადება კუჭქვეშა ჯირკვალს უკავშირდებოდა, მაგრამ კიდევ საკმაო ხანი გავიდა, ვიდრე ტორონტოში ახალგაზრდა ექიმები ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლიდან გამოყოფდნენ განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სისხლში შაქრის შემცველობას აქვეითებდა.
ამ ნივთიერებას ინსულინი უწოდეს. ეს 1921 წელს მოხდა, ხოლო 1922 წლის იანვრიდან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პირველმა პაციენტმა დაიწყო მკურნალობა ინსულინის ინიექციებით, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.