დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

როზაცეა

როზაცეაროზაცეა  (ლათინურად “ვარდის მაგვარი”) სახის კანის აკნესმაგვარი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს უპირატესედ სახის თმოვანი და ცხიმოვანი აპარატების დაზიანებით თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში. იგი უპირატესად გავრცელებულია 30-დან 50 წლამდე ქალებში.

როზაცეასთვის დამახასიათებელია:

  • კანის გაწითლება;
  •  მოვარდისფრო-მოწითალო ლაქებისა და კვანძების გაჩენა;
  • გაფართოებული კაპილართა ქსელი — რომელიც კანზე ჩნდება ხაგრძლივი მიმდინარეობისას;
  • კანის გასქელება — რომელიც ვითარდება მძიმე ფორმებისას და სახის, უპირატესად კი ცხვირის დეფორმაციას იწვევს. იგი რინოფიმას სახელწოდებითაა ცნობილი.

როზაცეას წარმოშობის მიზეზები და განვითარების მექანიზმი ჯერ-ჯერობით გარკვეული არ არის. პაციენტები წარსულში არცთუ იშვიათად უჩივიან სახის ეპიზოდურ გაწითლებას და კანის სიმხურვალის შეგრძნებას, რომელთა გაჩენაც ხშირად დაკავშირებულია ცხელი სასმელის, ალკოჰოლის, ცხარე საკვების ან მზის აბაზანების მიღებასთან, ან გახურებულ ქურასთან ხანგრძლივი დროის გატარებასთან.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია როზაცეას წინ უსწრებდეს აკნე, მაგრამ ჩვეულებრივ, იგი ვარდისფერი ფერიმჭამელის განვითარების წინაპირობას არ წარმოადგენს.
დაზიანებულ კანზე არცთუ იშვიათად ფეხს იკიდებს ინფექცია —  სტრეპტო-სტაფილოკოკისა და კანის პარაზიტის — დემოდექსის სახით. ხოლო ხანგრძლივი მიმდინარეობისას კი, ვითარდება კანის გასქელება და დეფორმაცია. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ქირურგიულ, ან ლაზერულ-ქირუგიულ ჩარევას ექვემდებარება.

როზაცეას შემთხვევაში გამონაყარი უპირატესად ლოკალიზებულია სახეზე, რაც არცთუ იშვიათად დიდი ფსიქოლოგიური სტრესია პაციენტთათვის.

როზაცეას მკურნალობა მოცავს როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური მოქმედების პრეპარატებს. მათი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამონაყარის გავრცელებასა და სიმძიმეზე. მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა სახის გართულებას, ამიტომ, სასურველია დროულად მიაკითხოთ ექიმს.