დიეტა

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას

ჭარბ წონასთან ბრძოლა უამრავი საშუალებით შეიძლება.

დიეტოლოგთა აზრით, სიმსუქნის მთავარი მიზეზი ცხოვრების წესია – მაღალკალორიული, რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება და ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება.

გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო მარინაშვილი:

– ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1,7 მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, 300 მილიონს კი სიმსუქნე უკვე დაავადებად ჩამოუყალიბდა. ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში სიმსუქნით იქნება დაავადებული მამაკაცთა 40 და ქალთა 50 პროცენტი. სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებით გამოიხატება. მას აქვს ქრონიკული რეციდივული ხასიათი. ცხოვრების ინერტული წესი, არასწორი კვება და რეჟიმი, სიმსუქნისადმი გენეტიკური მიდრეკილება ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს.
სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიმსუქნე დღემდე მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემად მიაჩნია. ბევრს ჰგონია, რომ ამა თუ იმ დიეტით დაიკლებს წონას. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ჭარბი წონიდან სიმსუქნემდე ერთი ნაბიჯია, ხოლო სიმსუქნე, ჭარბი წონისგან განსხვავებით, უკვე დაავადებაა.

საბჭოთა კავშირის ცნობილ ლიდერებს – ხრუშჩოვსა და ბრეჟნევს სიმსუქნის პრობლემა აწუხებდათ. მათი სხეულის მასის ინდექსი 30 იყო. პირველიც (77 წლის ასაკში) და მეორეც (76 წლის ასაკში) ინფარქტით გარდაიცვალნენ. უინსტონ ჩერჩილმა, რომლის სხეულის მასის ინდექსი 32 გახლდათ, 91 წლამდე იცოცხლა, მაგრამ ორი ინსულტი გადაიტანა და საგრძნობლად დაუქვეითდა შრომის უნარი. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯანმრთელობაზე ქვეყნის საუკეთესო ექიმები ზრუნავდნენ, სიმსუქნის პრობლემას მაინც ვერ გაუმკლავდნენ. ამის მიზეზი კი დაბალი ფიზიკური აქტივობა გახლდათ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი სხეულის მასის ინდექსი და მის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას ეცადოს.

– ბევრი, განსაკუთრებით ზაფხულში, გასახდომად შიმშილობს კიდეც. რას ურჩევდით მათ? 

– შიმშილი, საღამოს 6 საათის შემდეგ არაფრის ჭამა, რაციონიდან მხოლოდ პურ-ფუნთუშეულისა და ტკბილეულის ამოღება დიეტა არ არის. დიეტა ნიშნავს სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ და დაბალანსებულ კვებას. შესაბამისად, ცხადია, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რეჟიმს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სიმსუქნე ქრონიკულ დაავადებად იქცა, წონის კორექცია, ფაქტობრივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მკურნალობა არ უნდა იყოს წყვეტილი, ხანმოკლე.
წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია დაკლებული წონის ხელახალი მომატება. მიუღებელია წონის სწრაფი კლება, ვინაიდან ასეთ მოკლე პერიოდში პაციენტი ვერ აცნობიერებს, როგორია მისი ოპტიმუმი, რა სახისა და ოდენობის საკვები უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, წონა რომ არ მოემატოს და დიდხანს შეინარჩუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დიეტა არ უნდა გულისხმობდეს აკრძალვას.

– არსებობს თუ არა უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველას მოუხდება?

– უნივერსალური დიეტა არ არსებობს. აუცილებელია ექიმი-დიეტოლოგის კონსულტანცია, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია წონის მატება. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსუქნეს ხშირად თან სდევს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რეპროდუქციული დარღვევები, რომელთაც შეუძლიათ, უშვილობამდეც კი მიიყვანონ პაციენტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია და სხვა.

დიეტამ შედეგი რომ გამოიღოს, პირველ რიგში, კვების კულტურა უნდა გამოვიმუშავოთ, რაც უმთავრესად ნატურალური, რაციონალური საკვების მიღებას, კვების რეჟიმის დაცვასა და ზომიერებას გულისხმობს.

ცნობისათვის:

მედიკოსები ადამიანის სიმსუქნის ხარისხს სხეულის მასის ინდექსით განსაზღვრავენ, რომელიც შემდეგი ფორმულის მიხედვით შეიძლება გამოითვალოს: კილოგრამებში გამოსახული წონა იყოფა მეტრებში გამოსახული სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ ადამიანის წონა 80 კილოგრამია, სიმაღლე კი 1,8 მეტრი, მაშინ მასის ინდექსი ასე გამოითვლება: 80:1,8 2=24,69. ეს რიცხვი ნორმის ფარგლებშია. მამაკაცებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია 24,8, ქალებისთვის კი – 24,3.

დიეტოლოგის რჩევები:

1. საკვები უნდა მიიღოთ დღეში არა უმცირეს 3-ჯერ, უმჯობესია – 3-5-ჯერ.
2. არ იშიმშილოთ.
3. ძირითადი, ანუ კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ.
4. არ ჭამოთ, თუ არ გშიათ.
5. ყურადღება მიაქციეთ საკვებში ცხიმისა და კალორიების შემცველობას.