სასარგებლო რჩევები

როდის აქვს წამალს ეფექტი

როდის აქვს წამალს ეფექტიბევრმა არ იცის, რითი ჯობია წამლების დალევა და რა დროს მიიღონ. არადა, ამის ცოდნა აუცილებელია, რათა მათგან მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ.

ჭამამდე უნდა მივიღოთ თუ შემდეგ? – ამ კითხვაზე პასუხი რომ გაიგოთ, პრეპარატის ინსტრუქციაში ჩაიხედეთ. თუ მითითებული არ არის, მაშინ უზმოზე, ე.ი. ნახევარი საათით ადრე, სანამ სუფრას მიუჯდებით ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ მიიღეთ. მაშინ წამალს ხელს არაფერი შეუშლის ათვისებაში და დანიშნულებას სრულად შეასრულებს.

გამოყენების ასეთი წესი გულძმარვის, კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელ, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ჰომეოპათიურ საშუალებებს მიესადაგება.

ჭამამდე 10–15 წუთით ადრე რეკომენდებულია ნაღველმდენი საშუალებების მიღება, ხოლო ასპირინის ტიპის ანალგეტიკების, არტერიული წნევის წამლების, ინდომეტაცინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ასევე სტეროიდული ჰორმონების მიღება საჭიროა ჭამის შემდეგ, რათა კუჭის ლორწოვანი გარსი არ დაზიანდეს.

ჭამის პროცესში იღებენ ფერმენტულ წამლებს (მეზიმი, ფესტალი), რომლებიც საჭმლის გადამუშავებას აუმჯობესებენ და ასევე ცხიმების შემკვრელ პრეპარატებს.
რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათი გამოყენება შეიძლება ჭამამდეც, შემდეგაც და ჭამის პროცესშიც. ისარგებლეთ ინსტრუქციით.

ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემა ორგანიზმის ქიმიური ლაბორატორიაა. წამალი იდეალურად უნდა ჩაერთოს იქ მიმდინარე ქიმიურ რეაქციაში, რათა უკუეფექტი არ მოჰყვეს.

ცნობილია, რომ მცენარეული ბოჭკოები აბების ათვისებას ანელებენ. ასევე საჭმელმა, კუჭის წვენმა, ფერმენტებმა და ნაღველმა შეიძლება პრეპარატზე იმოქმედონ, მათი თვისება შეცვალონ. ამიტომ მკურნალობის შედეგი, მისი უსაფრთხოება და მოქმედება ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, წამალს რა მიაყოლეთ და რა ჭამეთ. მაგალითად, მაკარონი, ტკბილეული კალციუმის ათვისებას ხელს უშლის, ხოლო ერბოკვერცხი და ომლეტი რკინის ათვისებას აბრკოლებს.

ასპირინის (აცეტილსალიცინის მჟავა) მიღებისას უარი უნდა თქვათ პროდუქტებზე, რომლებიც კონსერვანტებს და საკვებ საღებავებს, ყვითელი ფერის ტარტრაზინს (მას საკონდიტრო ნაწარმში უმატებენ) შეიცავენ. ეს საღებავი ქიმიური შემადგენლობით ასპირინს ჰგავს და შედეგად ამ პრეპარატზე გვერდითი რეაქციის რისკი იზრდება.

ასპირინი, კურანტილი და სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, ცუდად ეთვისება კვერცხს, პომიდორს, ყველს და ფოთლოვან ბოსტნეულს, რომლებიც ლ ვიტამინს შეიცავენ (ისპანახი, კომბოსტო, სალათა).

ნიტროგლიცერინის და გულის სისხლძარღვების გასაფართოებელი სხვა საშუალებების მომხმარებლებმა უნდა დაივიწყონ ჰოთ დოგი, ჰამბურგერი, სოსისი, ფაბრიკული წესით დამზადებული ლორი, ბეკონი, დამარილებული და შებოლილი თევზი, შებოლილი ძეხვი. მათში ბევრი ნიტრიტია, რომელსაც ზემოაღნიშნული წამლების მსგავსი აგებულება აქვს, რაც ნორმის გადაჭარბებას და შედეგად უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

შარდმდენი საშუალებების დალევის დროს კალიუმის წყაროს – გარგრის ჩირს, ქიშმიშს, ფორთოხალს მიეძალეთ და შაქარზე უარი თქვით.

იოდის პრეპარატების (რომლებსაც ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის ასამაღლებლად იღებენ) აქტივობას აქვეითებს კომბოსტო, თალგამი და ჯვაროსანთა ოჯახის სხვა ბოსტნეული.
ბავშვს წამალს ნუ დაუტკბობთ მურაბით, ნაყინით, პირში კანფეტს ნუ ჩაუდებთ – ამით წამლის სასარგებლო მოქმედებას მნიშვნელოვნად ანეიტრალებთ.

სიგარეტი ანალგეტიკების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ასუსტებს და ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებისას თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის.

რითი დავლიოთ?

50–100 მლ გადადუღებული ან ბოთლის წყლით, თუ ინსტრუქციაში სხვაგვარად არ არის მითითებული. მაგალითად, გულძმარვის პრეპარატებს აყოლებენ ტუტოვან მინერალურ წყალს (ბორჯომი, საირმე), რკინის პრეპარატებს – მჟავე მინერალურ წყალს, ფორთოხლის, ლიმონის ვაშლის წვენს, მაგრამ არასდროს ჩაის, ყავას, რძეს ან ტუტოვან მინერალურ წყალს.
ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, ამპიცილინი) და პრეპარატები, რომლებიც კოფეინსა და კალიუმს შეიცავენ, რძესთან და გაზიან წყალთან შეუთავსებელია.

რაც შეეხება ისეთ სუსტ ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა ბურახი და ლუდი, ისინი სამკურნალო თერაპიის დროს დაივიწყეთ.

დავღეჭოთ თუ ჩავყლაპოთ?

წამალთა უმცირესობა უნდა დაიღეჭოს ან წყალში გაიხსნას (აქტიური ნახშირი, შუშხუნა აბები). ჩვეულებრივ, ასეთი აუცილებლობა მითითებულია ანოტაციაში, მაგრამ რაც შეეხება კაფსულებს, დრაჟეს, გარსიან აბებს, მათი ერთჯერადი ნორმის დარღვევა არ შეიძლება, ეს შეიძლება ცუდად აისახოს კბილების მდგომარეობაზე და წამლების შეთვისებაზე. ისინი მთელი უნდა ჩაყლაპოთ. წამლის ასეთი ფორმები მოწოდებულია, რომ მოქმედი ნივთიერება საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეულ განყოფილებამდე მიიტანოს, სადაც გარსის გახსნა–გადნობის პროცესში შიგთავსის შეთვისება ხდება. თუ ის გარსისგან ადრე გათავისუფლდება, ფერმენტების ზეგავლენით მისი შეთვისება განეიტრალდება და ეფექტი არ იქნება.

მნიშვნელოვანი ნიუანსი: წამლები ერთსა და იმავე დროს მიიღეთ.