სასარგებლო რჩევები

რისი ბრალია ყნოსვის დაქვეითება

ყნოსვის დაქვეითებაყნოსვის დაქვეითება საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა. ადამიანი სრულყოფილად ვერ შეიგრძნობს საკვების გემოს, ყვავილების სურნელს და გარემოსგან ერთგვარი გამოთიშვის გრძნობა ეუფლება.

გაციებისა და გრიპისას ყნოსვის დაქვეითება დროებითია, მაგრამ შესაძლოა, დიდხანსაც გაგრძელდეს.

ყნოსვის დაკარგვა და დაქვეითება თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც:

  • თანდაყოლილი ანოსმია ყნოსვის გზების განუვითარებლობის ან არარსებობის, თავის ქალას სახის ნაწილის, კერძოდ, ცხვირის განვითარების მანკის შედეგია.
  • შეძენილი ანოსმია, თავის მხრივ, შესაძლოა ცენტრალური (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული) ან პერიფერიული იყოს.

ყნოსვის დროებით დაკარგვას იწვევს გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და ალერგიული რინიტი. როდესაც მწვავე დაავადება გაივლის, ყნოსვაც აღდგება. ანოსმიის ამგვარ შემთხვევებს ფუნქციურს უწოდებენ.

ზოგჯერ ასეთი რამ ასაკოვან პირებსაც ემართებათ. ხანდაზმულ ასაკში განვითარებული ანოსმია ცხვირის ღრუს ლორწოვანის ტენიანობის დაქვეითების შედეგია. ამ დროს ყნოსვის რეცეპტორები დაზიანებული არ არის.

რა აზიანებს ყნოსვის რეცეპტორებს და რისი ბრალია ამ დროს ყნოსვის დაქვეითება?

რეცეპტორი ნერვული დაბოლოებაა. ის ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილია. ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიული ნაწილის დაზიანებისგან გამოწვეულ ანოსმიას მედიცინაში ესენციურს უწოდებენ. ამ ტიპის ყნოსვის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია ანთებითი პროცესი, რომელიც ხშირად ცხვირის ღრუს იმ ნაწილსაც მოიცავს, სადაც ყნოსვის რეცეპტორები მდებარეობს.

გარდა ამისა, ესენციური ანოსმიის მიზეზებია ყნოსვის ეპითელიუმის ატროფია ან ჰიპერტროფია, ცხვირ-ხახის ღრუს ქირურგიული, საყოფაცხოვრებო ან სხვა გენეზის ტრავმა, ცხვირ-ხახის თერმული ან ქიმიური დამწვრობა, ცხვირის ღრუში ხანგრძლივი ზეწოლა (მაგალითად, პოლიპისა), ყნოსვის რეცეპტორის ტოქსიკური დაზიანება (მაგალითად ინფექციური დაავადების ან ინტოქსიკაციის შედეგად).